Thumbnail

გარი კასპაროვი: ამერიკული კომპანიები დიქტატორებს არ უნდა დაემორჩილნონ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული მოჭადრაკე Apple-ის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა
  • ცნობილმა კომპანიამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიას მიაკუთვნა

ლეგენდარული მოჭადრაკე გარი კასპაროვი, რომელიც 1992-2014 წლებში რუსეთის სახელით თამაშობდა, შემდეგ კი, ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო, Apple-ის სკანდალურ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას აღმაშფოთებელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა კომპანიამ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია რუქებსა და ამინდის აპლიკაციაში რუსეთს მიაკუთვნა, რამაც უკრაინაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

აღნიშნულ მოვლენას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, კასპაროვმა კი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა და ოპოზიციური სამოქალაქო ფრონტის ლიდერია, სოციალურ ქსელში დაწერა:

“Apple-ის მიერ ყირიმის რუსეთის საზღვრებში მოქცევა დიდი სკანდალია. პროგრამული უზრუნველყოფა – ეს მსუბუქი ძალაა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები იმ ინოვაციური ფასეულობების ერთგულნი უნდა იყვნენ, რომელთაც მათი წარმატება შესაძლებელი გახადეს და არ უნდა დაემორჩილნონ დიქტატორებს, თუნდაც დამატებითი სარგებელის ნახვის გამო”.

შეგახსენებთ, რომ სადავო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო კიდევ ერთმა ცნობილმა ამერიკულმა კომპანია google-მა, ოღონდ, გარკვეული ცვლილებით. თუკი google-ის სერვისით უკრაინიდან სარგებლობთ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაშია მოქცეული, ხოლო თუ რუქას რუსეთიდან გახსნით, ნახევარკუნძული რუსეთში ხვდება.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ 22 წლის, 6 თვის და 27 დღის კასპაროვი 1985 წელს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ტიტული კი მხოლოდ 15 წლის თავზე დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები