Thumbnail

ჭაბუკა მიდის ევროზე - ქართველი სთრონგმენის დიდი გამოწვევა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 1 დეკემბერს, ვილნიუსში სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატია
  • 25 წლის ქართველ სპორტსმენს უძლიერესი კონკურენტები ეყოლება
  • ევროპაბეთი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პარტნიორი გახდა

ჭაბუკა ჭიღლაძე 25 წლის ქართველი სთრონგმენია, რომელიც 1 დეკემბერს ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება და მასში 15 უძლიერესი სთრონგმენი ჩაერთვება. ჭაბუკასთვის ეს პირველი ნაბიჯია ასეთ მაღალ დონეზე, სპორტულ კარიერაში კი დიდი მიზნები აქვს. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ...

POPSPORT: როდის დაინტერესდი ძალისმიერი სპორტის სახეობებით და როგორ გახდი სთრონგმენი?

ჭიღლაძე: 14 წლის ვიყავი, როდესაც სამჭიდში დავიწყე ვარჯიში და წარმატებებსაც მივაღწიე ასაკობრივ ტურნირებში. შემდეგ, საქართველოში შეიქმნა უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია და მთლიანად სპორტის ამ სახეობაზე გადავერთე. თავიდან საქართველოს ჩემპიონატზე გამოვედი, შემდეგ კი სამოყვარულო ტურნირებში მივიღე მონაწილეობა. დროთა განმავლობაში, გავძლიერდი და სპორტის ეს სახეობაც განვითარდა. 

POPSPORT: რთული პერიოდიც გქონდა...

ჭიღლაძე: ერთწლიანი იძულებითი პაუზა მქონდა, რადგან აქილევსის მყესი გავიწყვიტე და ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე. პროფესიონალებში გადასასვლელად ვემზადებოდი და სწორედ ნაშინ მოხდა ეს ამბავი. შემდეგ, თავიდან მომიხდა ყველაფრის დაწყება, რომ ისევ ამ დონეზე მოვსულიყავი. წინ ევროპის ჩემპიონატია და ეს ჩემი პირველი შეჯიბრია, სადაც ძალიან ძლიერი კონკურენტები მეყოლება. 

POPSPORT: უფრო დეტალურად გვითხარი ევროპის ჩემპიონატის შესახებ...

ჭიღლაძე: ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვაში ჩატარდება და მასში ძალიან ძლიერი სთრონგმენები მიიღებენ მონაწილეობას. ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი კონკურენტები მეყოლება, ამ ქვეყნებში კი სპორტის ეს სახეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. კარგად ვარ მომზადებული და ვფიქრობ, რომ საუკეთესო სამეულს შევწვდები.

ნახე | ქართველი ხარი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს

POPSPORT: რა მიზანი გაქვს დასახული სპორტულ კარიერაში?

ჭიღლაძე: თავიდანვე განსაკუთრებულად მომწონდა არნოლდ სთრონგმენ კლასიკი, რომელიც წელიწადში ერთხელ ამერიკაში ტარდება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე რთული შეჯიბრია, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინო. ჩემი მიზანი ამ შეჯიბრზე მოხვედრაა, ამისთვის კი სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებული გამოსვლა და ქულების მოგროვებაა საჭირო. 

POPSPORT: ეს მიზანი ალბათ უდიდეს შრომას და პროფესიონალიზმს მოითხოვს...

ჭიღლაძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის ძალისმიერ სახეობებში სთრონგმენი ყველაზე რთულია. აქ უნდა იყო სწრაფი, გამძლე და რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი. სამივე კომპონენტში რომ მოწოდების სიმაღლეზე იყო, უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. 

POPSPORT: სპორტსმენი, რომელიც შენთვის მაგალითის და მოტივაციის მომცემია?

ჭიღლაძე: ორი სპორტსმენი უნდა გამოივარჩიო: ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი და ლეგენდარული სთრონგმენი პაულ ანდერსონი. მისი აწეული წონები დღემდე დაუძლეველია. ძალიან მიყვარს ქართული რაგბი, განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ქართველ ძალოსნებს, ლაშა ტალახაძესთან კი მეგობრობა მაკავშირებს. ქართველ სპორტსმენებს მსოფლიოში აფასებენ და მინდა მეც შევიტანო წვლილი ქართული სპორტის წარმატებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები