Thumbnail

ჰიმალაის შემდეგ, ზამთრის შხარა - ქართველი მთასვლელების მორიგი წარმატება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მთასვლელების პირველი წარმატებული ექსპედიცია ზამთრის შხარაზე.
  • ახალი თაობის ქართველმა მთასვლელებმა ჰიმალაებზე პირველი ქართული გზა გაჭრეს.
  • არჩილ ბადრიაშვილი წარმატებული ექსპედიციების შესახებ.

ქართველ მთასვლელ არჩილ ბადრიაშვილს 18 წლის განმავლობაში არაერთი მწვერვალი დაულაშქრავს. დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა ექსპედიციამ ჰიმალაებზე, როდესაც ამ მთათა სისტემაში პირველი ქართული გზა გაიჭრა. 

2017 წლის შემოდგომას ახალი თაობის ქართველი მთასვლელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, ლარკიაზე ავიდნენ.

ქართველმა მთასვლელებმა ურთულესი მისია დაისახეს, რადგან იქამდე მწვერვალზე ადამიანს ფეხი არასდროს დაედგა. კედელი შეფასდა უმაღლესი, მე-6 კატეგორიის სირთულით.

8 სექტემბერს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დაწყებული ექსპედიცია თავგადასავლებით იყო აღსავსე. 10 დღეში მთასვლელებმა ულამაზეს ხეობაში მოწინავე ბანაკამდე მიაღწიეს, საიდანაც გადამწყვეტი, 9-დღიანი შტურმი დაიწყო. 

27 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ქართველი მთასვლელები ლარკიას თავზე მოექცნენ და ეს იყო ოცნების ასრულება. ჰიმალაებზე პირველი ქართული გზა გაიჭრა.

 არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი მწვერვალ ლარკიაზე

პირველად ქართველები ზამთრის შხარაზე

არანაკლებ წარმატებული გამოდგა არჩილ ბადრიაშვილის და გიორგი ტეფნაძის ახალი ექსპედიცია უკვე საქართველოს უმაღლეს მთაზე, შხარაზე. 

შხარა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ცივი და მკაცრი სიმაღლის (5 203 მ) მწვერვალია კავკასიონსა და ევროპის ფარგლებში. ურთულესი გზის მე-8 დღეს არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე უკვე ყინულოვან მწვერვალზე იყვნენ. 

ურთულესი იყო მთიდან დაშვებაც: ღამისთევა კარვის გარეშე, უამინდობა, უამრავი დაბრკოლება, ზვავები და ბევრი ნერვიულობა ქომაგთა მხრიდან, თუმცა ყველა პრობლემის მიუხედავად, 5-დღიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, გზა მშვიდობით და წარმატებით დასრულდა. 

შხარა და ქართველი მთასვლელების მარშრუტი

შხარას ექსპედიციის შემდეგ, არჩილ ბადრიაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ…

POPSPORT: როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით შხარას ექსპედიციიდან?

ბადრიაშვილი: სიხარული უკვე ჩამოსვლის შემდეგ დაგვეუფლა, რადგან იქამდე მოდუნების საშუალება არც გვქონია. შხარაზე ასვლით კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი ოცნება ავისრულეთ. ჩვენს უმაღლეს მწვერვალზე პირველად განხორციელდა ასეთი ექსპედიცია, რაც იშვიათი სირთულის გამოდგა. შეუძლებელია წინ აღუდგე სიხარულის ამ ტალღას და ემოციას.

POPSPORT: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბადრიაშვილი: მთასვლელობა იმდენ მიმართულებას მოიცავს, რომ ძნელია ამოწურო. ამიტომ, ჩემი სურვილი ისევ და ისევ დიდ მთებში ძალების მოსინჯვაა. მინდა რომ ჩვენი ქვეყნის სახელით გავაგრძელო ასპარეზობა მსოფლიოს მასშტაბით.

POPSPORT: როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული ალპინიზმი?

ბადრიაშვილი: მინიმალური მხარდაჭერა გვაქვს, რომ მსოფლიოს მოწინავე მთასვლელებს შორის გამოვჩნდეთ. ცოტა მეტი მხარდაჭერით უფრო მეტ სახელს მოვუტანთ ჩვენი ქვეყნის ძველ სამთო კულტურას. ამ ზამთარს უპრეცედენტო რამ მოხდა: ორმა ქართულმა გუნდმა ჯამში 5 ურთულესი მარშრუტი გავიარეთ. იმედია ასე გაგრძელდება და წლის ბოლოს უამრავი საინტერესო ექსპედიციის შესახებ გვექნება მოსაყოლი. 

არჩილ ბადრიაშვილი (მარჯვნივ) და გიორგი ტეფნაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები