Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები შეჯიბრში გაისად თებერვალში ჩაებმება
  • ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ აქვთ მოგებული 

გეგმა, რომელიც რაგბი ევროპის ელიტარულ ზონაში გუნდების რვამდე გაზრდას ითვალისწინებდა, ჩაიშალა. რაგბი ევროპის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე ფედერაციასთან აწარმოებდა, თუმცა, მსურველი მხოლოდ 1 აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის უმაღლეს ლიგაში საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი, ბელგია და პორტუგალია ირიცხებიან და ისინი შეჯიბრში გაისად თებერვლიდან ჩაებმებიან.

დივიზიონის პოტენციურ ახალბედებად ჰოლანდია, გერმანია და პოლონეთი მიიჩნეოდნენ, თუმცა, შეთავაზებულ პირობებზე თანხმობა მხოლოდ “ნარინჯისფრებმა” განაცხადეს.

კამათი გამოიწვია შეჯიბრის ფორმატმაც, რომელიც მთელი რიგი გუნდებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რაგბი ევროპა 8 ნაკრების ორ ჯგუფში გადანაწილებას აპირებდა, რომლებიც ერთ წრედ ითამაშებდნენ, შემდეგ კი, ნახევარფინალები და ფინალები იყო დაგეგმილი.

ასეთი სისტემის გათვალისწინებით, იყო შანსი, რომელიმე გუნდს შინაურ კედლებში მხოლოდ ერთხელ ეთამაშა, საპლეიოფო მატჩები (მე-7, მე-5, მე-3 ადგილისთვის და ფინალი) კი სრულად ერთ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო, რასაც დადებითი გამოხმაურება ნამდვილად არ მოჰყოლია.

საბოლოოდ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში გუნდების გაზრდის საკითხი მინიმუმ 2023 წლამდე იქნა გადატანილი და მალე, ორგანიზაცია ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.

ამგვარად, საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო თასისთვის ევროპული საგზურები ძველებურად გათამაშდება. 2021 და 2022 წლების შედეგებით, შეჯიბრის პირველ-მეორე ადგილოსნები ავტომატურ საგზურებს მიიღებენ, კიდევ ორ ნაკრებს კი შანსი პლეი-ოფსა და რეპეშაჟში ექნება.

არსებული კალენდრის თანახმად, ბორჯღალოსნებს 2020 წლის თებერვალ-მარტში 5 მატჩის ჩატარება მოუწევთ. განრიგი ასე გამოიყურება:

1 თებერვალი – საქართველო-რუმინეთი
9 თებერვალი – ესპანეთი-საქართველო
22 თებერვალი – საქართველო-ბელგია
7 მარტი – პორტუგალია-საქართველო
14 მარტი – საქართველო-რუსეთი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული ტურნირი 11-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები