Thumbnail
  • მეგა ბემაქსმა ქართველი ცენტრის ფოტო გამოფინა
  • გოგა ბითაძე სერბული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო

ინდიანა პეისერსის 20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე მეგა ბემაქსის ე.წ. “დიდების დარბაზში” მოხვდა. ბითაძის ბანერი სერბული კლუბის Ranko Žeravica Hall-ში გამოკიდეს, შესაბამისი ფოტოები კი სოციალურ ქსელში ქართველი ცენტრის აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გოგას ევროპული კარიერა 2016 წელს სწორედ მეგა ბემაქსში დაიწყო და მოკლე ხანში, ის გუნდის ლიდერად იქცა, ამჯერად, გუნდის ვარსკვლავების მარაქაში სრულიად სამართლიანად გაერია.

გოგამ სერბულ გუნდში 3 სეზონი გაატარა და არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო. მათ შორის გახლდათ სერბული სუპერლიგის MVP-ს, ახალგაზრდული ადრიატიკის ლიგის ჩემპიონისა და MVP-ს ტიტულები.

ცნობისთვის, ბითაძე მეგა ბემაქსის უკვე მე-11 კალათბურთელია, რომელმაც სერბული გუნდიდან NBA-ს მიაშურა.

გოგამდე იგივე გზა მილოვან რაკოვიჩმა (2007), ნიკოლა იოკიჩმა (2014), ვასილიე მიციჩმა (2014), ნემანია დანგუბიჩმა (2014), ტიმოტე ლუვავუ-კაბარომ (2016), ივიცა ზუბაცმა (2016), რადე ზაგორაცმა (2016), ვლატკო ჩანჩარმა (2017), ოგნიენ იარამაზმა (2017) და ალფა კაბამ (2017) გაიარეს, თუმცა, ქართველი ცენტრზე მაღალი პიკი (მე-18) არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ინდიანას რიგებში პირველ სეზონს ატარებს, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 15.8 წუთი, 5.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.2 პასი და 1.5 დაფარება. პეისერსი მომდევნო შეხვედრას, ხვალ დილით, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები