Thumbnail
  • ალენ აივერსონი კულტურული ფენომენი იყო - პროტესტი სისტემის წინააღმდეგ
  • მისი განგსტერული იმიჯი, ჰიპ-ჰოპი და სკანდალები ბევრს აღიზიანებდა
  • ფინალური თამაში ლეიკერსის წინააღმდეგ კალათბურთის ისტორიის ნაწილია

ყველა, ვისაც კი ალენ აივერსონი ერთხელ მაინც უნახავს, არასოდეს დაავიწყდება. იგი ამერიკული სპორტის და ზოგადად აფროამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა - ის, ვისაც ამერიკელები icon-ს უწოდებენ.

აივერსონი ლიგაში ძალიან სწორ დროს მივიდა. ჯორდანი 1998 წელს წავიდა და მისი ჩიკაგოც დაიშალა. 2000-იანების დასაწყისში ლებრონი ჯერ კიდევ არ იყო NBA-ში, დანკანის და პოპოვიჩის სპურსის მიმართ ნეიტრალური გულშემატკივარი ყოველთვის ინდიფერენტული იყო, გულშემატკივარი ეძებდა ახალ მთავარ გმირს საკალათბურთო სამყაროსთვის, ახალ ჯორდანს და რატომღაც ყველას ეგონა, რომ ახალი ჯორდანი ძალიან ხშირად იბადება. ეს როლი ხან ვინს კარტერს მოარგეს, ხან ტრეისი მაკგრეიდის, ხანაც სტეფან მარბერის და აქედან არაფერი გამოვიდა.

ამ წლების ლიგას ორი მთავარი გმირი ჰყავდა - კობის და შაკის ლეიკერსი და ალენ აივერსონი. ამ უკანასკნელის კარიერის პიკი სწორედ 2000-იანების დასაწყისს დაემთხვა.

კობის და შაკის ლეიკერსი ყველას უგებდა. ეს იყო იდეალური გუნდი და ალბათ სწორედ ამიტომაც არ უყვარდა ნეიტრალურ გულშემატკივარს. კობი ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ისეთი, როგორიც შემდეგ წლებში გავიცანით - კალათბურთზე შეშლილი ეგომანიაკი, ლიგის მთავარი ვარსკვლავი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენები ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე. როგორც კრისტოფერ ნოლანის ფილმებში არავინ უყურებს Dark Knight-ს იმისთვის, რომ ბეტმენი ნახოს, ჩვენ ეს ფილმი ჰიტ ლეჯერის ჯოკერის გამო გვიყვარს და საკალათბურთო ჯოკერის როლსაც ამ წლებში აივერსონი ასახიერებდა.

აივერსონი ძალიან ადამიანურად გამოიყურებოდა და რიგითი გულშემატკივარი მასში თავის თავს იოლად ხედავდა. AI მხოლოდ 183 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. წესით, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, კალათბურთი არ უნდა ეთამაშა. როდესაც უყურებ შაქილ ონილს, ხვდები, რომ ის განსაკუთრებულია, ბუნებამ მას მეტი მისცა, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს. აივერსონი კი სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. ერთი განსახვავებით: AI წლების განმავლობაში თამაშიდან თამაშამდე გამოდიოდა და პარკეტზე უსწორდებოდა მასზე 20 სანტიმეტრით მაღალ და 30 კილოგრამით მძიმე მოთამაშეებს.

აფროამერიკული რეალობისთვის ძალიან ახლობელი იყო მისი ისტორია - ალენი მისმა დედამ, ენ აივერსონმა სულ რაღაც 15 წლის ასაკში გააჩინა, მამამისმა ალან ბრაუთონმა იგი მალევე მიატოვა, მამინაცვალი მაიკლ ფრიმენი კი მის თვალწინ დაიჭირეს ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. ამას დაამატეთ ვირჯინიის გეტოებში გატარებული ბავშვობა, კრიმინალი და გაცდენების გამო მე-8 კლასში დარჩენა (უფრო სწორად, გამოცდების ვერჩაბარება) და მიხვდებით, რომ აივერსონის ისტორია ათასობით და ათიათასობით აფროამერიკელი ბავშვის ისტორიაა. აივერსონი ის კაცი იყო, რომელმაც მათი განსაცდელები თავისი თვალით ნახა და მარტივი მისახვედრია, რომ იმ წლებში აფროამერიკულ პუბლიკას AI უფრო უყვარდა, ვიდრე შეძლებულ ოჯახში გაზრდილი იმ წლებში ჯერ კიდევ იდეალური კობი ბრაიანტი.

17 წლის ასაკში, აივერსონსს ჩხუბის გამო ციხეში 4 თვის გატარებაც მოუწია. პროკურორებს მისი 15 წლით დაპატიმრება სურდათ - საბილიარდოში აფროამერიკელმა და თეთრმა მოზარდებმა იჩხუბეს, თუმცა დაპატიმრებულთა შორის მხოლოდ აფროამერიკელები აღმოჩნდნენ, მათ შორის ალენ აივერსონი.

ამ შემთხვევამ რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრები მხოლოდ გაამძაფრა. აივერსონის გამოსაშვებად ვირჯინიაში ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყეს და, როგორც ავღნიშნე, 4 თვის შემდეგ მისი გათავისუფლება მოხერხდა. ამ ისტორიაზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი -„No Crossover: The Trial of Allen Iverson.” ამ შემთხვევის შემდეგ, აივერსონი რასობრივი ჩაგვრის სიმბოლოდაც იქცა.

მისი ეს იმიჯი კიდევ უფრო გამყარდა აივერსონის ლიგაში შესვლის შემდეგ. NBA-ს ხელმძღვანელობას სურდა, რომ კალათბურთი მარკეტინგულად მომგებიანი პროდუქტი ყოფილიყო და კალათბურთელებსაც რესპექტაბელური ქცევა და იმიჯი ჰქონოდათ. მათი ამ პოლიტიკის ყველაზე აშკარა მოწინააღმდეგე სწორედ აივერსონი იყო თავისი ტატუებით, ქუჩისბიჭური მეტყველებით, ქცევითა და ჩაცმის სტილით.

აივერსონი დემონსტრაციულად არღვევდა ლიგის დრეს-კოდს, დადიოდა ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავის სტილში, ლიგა მას აჯარიმებდა; აივერსონი დემონსტრაციულად აჩენდა თავის ტატუებს, ლიგა ოფიციალურ ფოტოებზე ფარავდა ტატუებს და ასე დაუსრულებლად.

თუკი ამერიკის ერთი ნაწილისთვის აივერსონი ყველანაირი უბედურების სათავე იყო, მეორე ნაწილისთვის AI ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელსაც ოფიციალური პირები უკრძალავდნენ, ყოფილიყო ბუნებრივი, ყოფილიყო ისეთი, როგორიც მას სურდა. ასე იქცა აივერსონი პროტესტის, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის, სიმბოლოდ.

ალენ აივერსონი: „არის ისეთი ადგილებიც, თუ იქ დაიბადე და გაიზარდე, შენზე ყველაზე დიდ გავლენას ის მოახდენს, თუ როგორ აცვიათ შენს უბანში უფროს ბიჭებს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. უნდა გაიგოთ - ჩემს უბანში პიჯაკებში ჩაცმული ადვოკატები და ბანკირები არ დადიოდნენ.“

აივერსონისა და ლიგის ხელმძღვანელობის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, როდესაც აივერსონმა რეპ-ალბომი ჩაწერა. მისმა სიმღერამ "40 bars" რადიოში 2000 წლის სექტემბერში გაიჟღერა, ალბომი კი შემდეგი წლის თებერვალში უნდა გამოსულიყო. სიმღერამ დიდი სკანდალი გამოიწვია. მასში ხულიგნურ-ქუჩისბიჭური ტერმინოლოგიის გარდა, ასეთი ფრაზებიც არის - “Man enough to pull a gun, be man enough to use it - თუ იარაღი ამოიღე, კაცობაც გეყოს, რომ ისროლო კიდეც“. აივერსონი თავის ტრეკში, ძალადობის წახალისების გარდა (Get money, kill and fuck bitches), ჰომოფობიურ ტერმინებსაც ხმარობდა. იგი ლიგის სათაო ოფისში დევიდ სტერნთან შესახვედრად პირადად დაიბარეს. შეხვედრაზე სტერნი და აივერსონი ერთმანეთს უყვიროდნენ და სტერნი დაემუქრა, რომ თუკი იგი ტექსტს არ შეცვლიდა, დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

აივერსონი დიდხანს იმართლებდა თავს, რომ მას არც ძალადობა მოსწონს, არც უმცირესობებს ერჩის და, საერთოდაც, მისი სიმღერის ტექსტს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო - ეს მხოლოდ ჰიპ-ჰოპ იმიჯია. სპორტული კარიერის გადასარჩენად მას დათმობაზე წასვლა მოუწია. აივერსონმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სიმღერის ტექსტი არ შეუცვლია, უბრალოდ ტრეკი მთლიანად გააუქმა და მისი ალბომი აღარ გამოსულა. ასე დასრულდა მისი ჰიპ-ჰოპ-კარიერა.

'შემიძლია დავიფიცო: ბევრი თეთრკანიანი კრიმინალის გვერდით უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე შავკანიანი სუპერვარსკვლავის' - ალენ აივერსონი

მისი ხასიათი თამაშზეც აისახებოდა - იგი იდეალური სპორტსმენი არასოდეს ყოფილა, თუმცა იყო ის, ვის გამოც ჩვენ სპორტი გვიყვარს.

ვარჯიშების გაცდენას და დაგვიანებებს პარკეტზე ნამდვილი წარმოდგენებით პასუხობდა. გულშემატკივარს არ ადარდებდა, დაიგვიანა თუ არა წინა დღეს ვარჯიშზე აივერსონმა, მისი თითოეული თამაში შოუ იყო - გულშემატკივარი ხედავდა, თუ რა საოცარი აგრესიითა და მონდომებით უსწორდებოდა საკალათბურთო სტანდარტით მინიატურული აივერსონი მოწინააღმდეგეებს. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშობდა მოტეხილი თითით, თუ რაიმე სხვა ტრავმით, გულშემატკივარს მისგან 30-ქულიანი წარმოდგენა გარანტირებული ჰქონდა.

აივერსონს გაუმართლა, რომ ფილადელფიაში თამაშობდა - ქალაქში, რომელშიც ძალიან დიდი აფროამერიკული დიასპორაა და ამერიკულ დიდ ქალაქებს შორის, გაჭირვებისა და კრიმინალის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. აივერსონი ფილადელფიაში თავისიანი იყო. „ძმური სიყვარულის ქალაქს (The City of Brotherly Love)“, როგორც ფილას ამერიკაში უწოდებენ, სწორედ ასეთი გმირი სჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ მეორე მხარეზე შაქის და კობის კალიფორნიული „ჰოლივუდი“ იყო - ლეიკერსი, NBA-ს ყველაზე მდიდარი და ვარსკვლავური კლუბი.

გულშემატკივრის სიყვარულის მიუხედავად, მას გუნდიდან წასვლა ემუქრებოდა - უდისციპლინობის, სკანდალებისა და მწვრთნელთან, ლარი ბრაუნთან, მუდმივი კონფლიქტების გამო, ფილადელფიას აივერსონის დატრეიდება სურდა. გუნდის ხელმძღვანელობას ისე მობეზრდა მისი ქცევა, რომ მზად იყო, აივერსონი კლიპერსის ლამარ ოდომშიც კი გაეცვალა. აივერსონი ამის პასუხად ხმამაღლა იმუქრებოდა, რომ დაბრუნდებოდა და ფილადელფიას 50 ქულას ჩაუგდებდა.

2000 წლის სეზონში ფილამ მისი დეტროიტში დატრეიდების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შეთანხმება დეტროიტთან ბოლო მომენტში ჩაიშალა.

აივერსონი ამ მოცემულობით იწყებდა 2000-2001 წლების სეზონს. იგი ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყო. გარე სამყარო მას არ იღებდა, როგორც მას სურდა, რომ ყოფილიყო. სისტემასთან ბრძოლის მოგება არ შეეძლო - ის ან პროფესიონალი სპორსტმენივით უნდა მოქცეულიყო, ან თავის კარიერაზე უარი ეთქვა. აივერსონმაც გადაწყვიტა, რომ სრულად გაემართლებინა თავისი მეტსახელი “The Answer“ და პასუხი ყველასთვის პარკეტზე გაეცა.

სეზონის წინ იგი ფილას მფლობელ პეტ კროჩეს დაპირდა, რომ სანიმუშოდ მოიქცეოდა. ყველაზე მთავარი ამბავი მის ცხოვრებაში კი ის იყო, რომ იმ ზაფხულს იგი მეჯიქ ჯონსონს შეხვდა. მეჯიქი არამარტო ლეგენდარული კალათბურთელია, არამედ აფროამერიკული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელიც პირადად არის რამდენიმე დიდი კალათბურთელის მენტორი. მეჯიქის პირველი რჩევა იყო, რომ დისტანცირებულიყო თავისი გარემოცვიდან - აივერსონი ჩვეულებივ რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად მოძრაობდა, რომელთა უმეტესობასაც იგი ქუჩიდან იცნობდა.

მეჯიქ ჯონსონი: 'თუკი ჩემთან შესახვედრად მოდიხარ, მოდიხარ ამ ქუჩის ბიჭების გარეშე. როცა მე ბიზნესმენებს ვხვდები, არასოდეს ვაგვიანებ, პიჯაკით მივდივარ და თან ჩემი მეგობრები არ მიმყავს.'

სწორედ მეჯიქის წყალობით მივიდა აივერსონი მარტივ ჭეშმარიტებამდე - როგორც ვარჯიშობ, ისე თამაშობ.

მთელი სეზონის განმავლობაში, აივერსონი ყველაზე მეტს ვარჯიშობდა, იქცეოდა, როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერი, უარს ამბობდა პირად სტატისტიკაზე და თამაშის შოუდ ქცევაზე. მას მხოლოდ თამაშების მოგება სურდა. ფილა აუტსაიდერი იყო, აივერსონის გარდა მათ მხოლოდ ერთი ხეირიანი კალათბურთელი - დიკემბე მუტომბო ჰყავდათ, თუმცა აივერსონმა ფილა ფინალში გაიყვანა. ალენი თავისი ცხოვრების საუკეთესო კალათბურთს თამაშობდა - ტორონტოსთან მეშვიდე თამაშში, ჩარლზ ოუკლიმ იგი თამაშის დასაწყისშივე დაამტვრია, AI ვეღარ ხტებოდა და ვეღარ ისროდა, მან უარი თქვა ცუდ სროლებზე, გამთამაშებლად დაიწყო თამაში და 16 პასი გააკეთა. რეი ალენის მილუოკის გადამწყვეტ თამაშში 44 ქულა ჩაუგდო და გუნდი სუპერფინალამდე მიიყვანა.

ამერიკაში ნამდვილი აივერსომანია დაიწყო. ჯორდანის შემდეგ არავის არ უჩვენებია ასეთი ინდივიდუალური წარმოდგენები. ფილა მხოლოდ აივერსონის გუნდი იყო.

სუპერფინალში, ლეიკერსთან, ყველა თანხმდებოდა, რომ როგორც არ უნდა ეთამაშა AI-ს, კალიფორნიელები მაინც 4:0-ს გაიმარჯვებდნენ.

პირველი თამაში ლოს ანჯელესში გაიმართა. 'სტეიპლს ცენტრზე' გამოსვლის წინ აივერსონი დემონსტრაციულად 2Pac-ის სიმღერას („მე მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ - me against the world”) მღეროდა. ეს იყო თამაში, რომელშიც მან დაამტკიცა, რომ თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთ თამაშში, მას მართლაც შეეძლო ყველა და ყველაფერი დაემარცხებინა. 48 ქულა, ზედიზედ 7 ქულა ოვერტაიმში, გადამწყვეტი სამიანი და NBA-ს ლეგენდად ქცეული სროლა და ნაბიჯი ტაირონ ლუზე (შემდეგში ლებრონის კლივლენდის მწვრთნელზე) - მომენტი, რომელიც NBA-ს ყველაზე დიად ეპიზოდებს შორის მოიხსენიება.

ეს იყო ყველაზე დიდი ინდივიდუალური პერფორმანსი, რომელიც კი მე NBA-ს ფინალებში მინახავს. დღესაც, 18 წლის შემდეგ, კითხეთ ყველას, ვისაც ეს თამაში უნახავს და ყველა ზუსტად გაიხსენებს, სად იყო და როგორ უყურა ამ თამაშს. მისი დავიწყება შეუძლებელია.

ლეიკერსმა სერია 4:1 მოიგო. 48-ქულიანი ფინალი აივერსონის ცხოვრების თამაში იყო, ასეთი ამბები 4-ჯერ არ მეორდება. თუმცა, მარცხის მიუხედავად, ეს თამაში მყისვე იქცა აივერსონის სავიზიტო ბარათად - სისტემაზე გამარჯვების სიმბოლოდ. „რიბოკის“ გაყიდვებმა, რომლის სარეკლამო სახეც აივერსონი იყო, 20 პროცენტით მოიმატა. ფინალის შემდეგ „რიბოკმა“ აივერსონს, თითქოსდა მარკეტინგული და საიმიჯო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სპორტსმენს ისეთი კონტრაქტი დაუდო, რომელიც ალენის მთელი ცხოვრების მანძილზე ძალაშია. სანამ AI ცოცხალია, ყოველ წელს იგი „რიბოკისგან“ 800 000 დოლარს იღებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ სისტემა იძულებული გახდა იგი ისეთი მიეღო, როგორიც მას სურდა ყოფილიყო. 48 ქულა მეტს ნიშნავდა, ვიდრე განგსტერული იმიჯი და უცენზურო ტერმინოლოგია.

„აივერსონი იყო კულტურული ხიდი, რომელიც აერთიანებდა ჰიპ-ჰოპს და კალათბურთს.“ - ეს დუეინ უეიდის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები