Thumbnail

ეს იყო 2010 წლის ზაფხულში, მთელი საკალათბურთო სამყარო ელოდა, რა იქნებოდა თაობის უდიდესი ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის გადაწყვეტილება - მისი Decision. სწორედ ასე ერქვა შოუს, რომელშიც ლებრონს პირდაპირ ეთერში თავისი მომავალი გუნდი უნდა გამოეცხადებინა.

გამოცხადების ფორმა აროგანტული და თავხედური იყო - სპორტსმენები, ჩვეულებრივ, სპეციალურ გადაცემებს არ ქმნიან, თავისი ახალი გუნდი გულშემატკივარს რომ შეატყობინონ. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - ის, რაც შოუში კალათბურთის მოყვარულებმა გაიგეს, საკალათბურთო რევოლუციას ნიშნავდა - ლებრონმა გამოაცხადა, რომ „თავისი ტალანტი სამხრეთის სანაპიროზე, მაიამიში მიჰქონდა“.

ეს იმას ნიშნავდა, რომ მაიამიში სამი სუპერვარსკვლავი - ლებრონი, უეიდი და კრის ბოში ერთიანდებოდნენ. საკალათბურთო სამყარო იცნობდა სუპერდუეტებს - ჯორდანი და პიპენი, შაკი და კობი - თუმცა, სამი სუპერვარსკვლავის ერთ გუნდში გაერთიანება წარმოუდგენელი ჩანდა - ეს NBA-ს სისტემას არ უნდა დაეშვა. თეორიულად, არცერთ გუნდს არ უნდა ჰქონოდა ისეთი ბიუჯეტი, რომ სამი სუპერვარსკვლავის საკმარისი ხელფასი გადაეხადა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

თუმცა, სისტემამ, რომელსაც NBA-ში ყველა გუნდისთვის თანაბარი შანსის მიცემა უნდა უზრუნველეყო, ლიგის დანარჩენი 29 გუნდი ვერ დაიცვა. აღმოჩნდა, რომ მოთამაშეები წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულები, ისინი ხელფასის დაკლებაზე შეთანხმდნენ და მაიამიში ისეთი ტრიო შექმნეს, რომლის მსგავსიც მანამდე კალათბურთის ისტორიას არ ახსოვდა. დღეს აღარ გვიკვირს დურანტის და კაირის მოლაპარაკება, რომ ერთ გუნდში გააგრძელონ კარიერა. 2010 წელს ეს შოკი იყო და ეს ყველაფერი ლებრონმა დაიწყო. ლებრონის Decision-მა საკალათბურთო კულტურა შეცვალა.

დიდი სამეულის პრეზენტაციაზე მთელი მაიამი ჩემპიონობას წინასწარ ზეიმობდა - სეზონი დაწყებულიც კი არ იყო და სამხრეთ სანაპიროზე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემპიონობა უკვე მათი იყო - „დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ - Yes, We did“ ასე ერქვა შოუს, რომელშიც ლებრონი ბედნიერი სახით პირდებოდა გულშემატკივარს, რომ დიდი სამეულის მაიამი არა ერთს, არა ორს, არა სამს, არა ოთხს, არა ხუთს, არა ექვს, არა შვიდს, არამედ კიდევ უფრო მეტ ჩემპიონობას მოიგებდა!

დანარჩენი საკალათბურთო სამყაროს სიძულვილი გარანტირებული იყო - არ შეიძლება, ამ ქედმაღლობას ზიზღი არ გამოეწვია. დანარჩენი 29 გუნდი და ნეიტრალური გულშემატკივარი უსიტყვოდ მაიამის წინააღმდეგ გაერთიანდა - ეს მათთვის ბოროტების იმპერია იყო.

ამ გუნდის მიმართ ნეიტრალური არავინ იყო. მთელი საკალათბურთო სამყარო ორ ნაწილად გაიყო - მაიამის მტრები და მისი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც მთავარ გამოწვევად ის იქცა, რომ დანარჩენი კალათბურთისთვის ეჩვენებინათ - რაც არ უნდა მოინდომოთ, დი-უეიდი და ლებრონი მაინც მოგიგებენ. ოთხი წლის მანძილზე სამხრეთ სანაპიროზე შოუ გარანტირებული იყო - ნახო ლებრონი და უეიდი ერთად?! ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ეს იყო ზეადამიანური ტალანტის და კლასის ზეიმი. Heatles, როგორც ამ გუნდს ამერიკაში ეძახდნენ, ამერიკის მთავარ სანახაობად იქცა.

პირველი გუნდი, ანუ Miami sucks

რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ. დიდი სამეულის პირველივე თამაშში მაიამი ბოსტონში განადგურდა და სელტიკსის „ტიდი გარდენი“ ლებრონს და კომპანიას ხმაშეწყობილად დასცინოდა - „Miami sucks“ - სკანდირებდა დარბაზი.

პირველი სეზონის სტარტი რთული იყო, ერთი პერიოდი ერიკ სპოლესტრას საქმე წასასვლელადაც კი ჰქონდა. მაიამის პრობლემა ძალიან მარტივი იყო - დიდი სამეულის გარდა, გუნდს მაღალი კლასის მოთამაშეები უბრალოდ არ ჰყავდა. ცენტრის პოზიციაზე ვეტერანები, ერიკ დემპიერი და ჟიდრუნას ლიგაუსკასი თამაშობდნენ, გამთამაშებლად კი ასევე ვეტერანები, კარლოს აროიო და მაიკლ ბიბი. დიდ სამეულსა და დანარჩენ გუნდს შორის კლასში სხვაობა შეუსაბამოდ დიდი იყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგტებს?

  • ტორონტო
  • მაიამი

პირველ სეზონში, დიდი სამეულის სამივე წევრს 36 და მეტი წუთის თამაში უწევდა, რაც რეგულარული სეზონისთვის ძალიან ბევრია, სხვა არცერთ მოთამაშეს კი თამაშში საშუალოდ 27 წუთზე მეტი არ ჰქონია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერიკ სპოლესტრას მყარი როტაცია არ ჰქონდა და სწორი როტაციის საპოვნელად, მუდმივად ცვლიდა შემადგენლობას.

დასვენების საშუალება, ფაქტობრივად, არცერთს არ ჰქონია - სამივე მათგანმა რეგულარულში სულ მცირე 76 თამაში მაინც ჩაატარა და გუნდის მიერ თამაშში საშუალოდ ჩაგდებული 102 ქულიდან 70-ზე მეტი სწორედ დიდი სამეულის ანგარიშზე იყო (ლებრონი 26.7, უეიდი 25.5, ბოში 18.7), სხვა არცერთ მოთამაშეს კი თამაშში 8 ქულაზე მეტი არ ჰქონია.

მაიამის საჩემპიონო გუნდი პატ რაილიმ ეტაპობრივად შეკრიბა და ამ გუნდის პიკი მისი მეორე და მესამე სეზონი იყო. შეინ ბეტიე, რეი ალენი, კრის ანდერსენი, პირველი სეზონის შემდეგ მოვიდნენ გუნდში, ადონის ჰასლემსა და მაიკ მილერს კი - ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდათ და სრულფასოვნად გუნდის თამაშში მეორე სეზონიდან ჩაერთნენ.

ხუთეულები გაკეთებულია არა სასტარტო შემადგენლობის, არამედ ნათამაშები წუთების მიხედვით

ოთხი წლის მანძილზე Heatles-მა ოთხი ფინალი ითამაშა - ორი მოიგო, ორი კი წააგო. განსაკუთრებულად მტკივნეული 2011 წელს დალასთან მარცხი გამოდგა - ეს ლებრონის პირადი წაგება იყო. თუმცა, ამაზე უფრო დაწვრილებით, ქვემოთ.

ლებრონის და უეიდის შოუ

თუკი ლებრონი მაიამში არ გინახავთ, ესეიგი მის საუკეთესო წლებს აცდით. ლებრონს კარიერის პიკი სწორედ მაიამიში ჰქონდა. ფიზიკურად ეს მისი საუკეთესო წლები იყო - ათლეტიზმით მასთან ახლოსაც კი ვერავინ მივიდოდა. თითოეულ თამაშში სანახაობა გარანტირებული იყო - ლებრონი ყველას აჩვენებდა, რომ ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს.

მაიამიში ლებრონს დუეინ უეიდი ელოდებოდა - მისი საუკეთესო მეგობარი, ერთადერთი დიდ კალაბურთელებს შორის, რომელსაც ლებრონთან ერთად თამაში უყვარდა და ამ წლებში სტაბილურად NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ლებრონის და უეიდის დუეტზე უფრო ორგანული და ჰარმონიული არაფერი მინახავს.

თითქოს ისინი ერთმანეთს ვერ უნდა მორგებოდნენ - ორივეს მსგავსი სათამაშო სტილი აქვს, ორივეს ძალიან უყვარს ბურთის ფლობა, ორივეს დაახლოებით ერთი ტიპის სროლები სჭირდება და ერთი და იგივე სათამაშო ზონები აქვს - თუმცა, მათი საკალათბურთო IQ იმდენად მაღალი იყო, რომ ერთმანეთს იდეალურად ავსებდნენ. საკმარისია, მათი თამაშის მომენტები ნახოთ, ამაში მყისვე დარწმუნდებით. ეს იყო შოუ - რა სისწრაფეზე, რა აგრესიით და რა კლასით უსწორდებოდნენ მეტოქის დაცვას - თამაშიდან თამაშამდე ასე გრძელდებოდა.

ამ ჰარმონიაში მთავარი ამბავი ის არის, რომ შაკის და კობის, ჯორდანის და პიპენის, ან თუნდაც დურანტის და ვესტბრუკისგან განსხვავებით, ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ერთი დეტალი, მათ მეგობრობაზე აზრი რომ შეგექმნათ: როდესაც უეიდი მაიამისთან ერთად ლებრონის კლივლენდში სათამაშოდ ჩადიოდა, ის გუნდთან ერთად სასტუმროში კი არ ცხოვრობდა, არამედ ლებრონთან, მის მეტოქესთან, რჩებოდა სახლში.

ლებრონის მთავარი თამაში

ლებრონის ტალანტი ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა, თუმცა მისი ხასიათი - მრავალჯერ. სწორედ მაიამიში იქცა ლებრონი ჩემპიონად და ეს პირველ რიგში, უეიდის და პატ რაილის დამსახურებაა. ის შეგნებულად მივიდა იმ ხალხთან და იმ ორგანიზაციაში, რომელსაც გამარჯვების კულტურა ჰქონდა.

მაიამიში შედგა ის თამაში, რომელმაც ლებრონის კარიერა დიდწილად განსაზღვრა. დალასთან ფინალური სერია სწორედ ლებრონმა პირადად წააგო, წააგო შიშის, კომპლექსების და თამაშის თავისთავზე ვერაღების გამო. ეს მისი კარიერის ყველაზე ცუდი მომენტი იყო.

შემდეგ წელს კი მისი ცხოვრების მთავარი თამაში გაიმართა - მაიამი თავის მთავარ კონკურენტ ბოსტონ სელტიკსთან აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სერიას 2:3-ს აგებდა და ბოსტონში გასვლა ჰქონდა. მანამდე, ბოსტონის „ტი-დი გარდენი“ მაიამისთვის სათამაშოდ ყველაზე მოუხერხებელ არენად მიიჩნეოდა - ზედიზედ მეორე ვერჩემპიონობა მაიამისთვის გადამწყვეტი დარტყმა იქნებოდა. კუთხეში მიყენებულმა ლებრონმა თავისი კარიერის ერთ-ერთი დიდი თამაში დადო - 45 ქულა და, ფაქტობრივად, მარტო მოგებული თამაში - ლებრონი ბოსტონის თამაშამდე და მას შემდეგ ორი სხვადასხვა სპორსტმენია. ეს მისთვის გადამწყვეტი ფსიქოლოგიური გარდატეხა იყო.

სათამაშო სტილი - დღეს ასეთ გუნდს ვერ ნახავთ

დღეს NBA-ში ისე არავინ თამაშობს, როგორც მაიამი თამაშობდა. ეს გუნდი პატ რაილის იდეების მიხედვით იყო აწყობილი და უპირველეს ყოვლისა, დაცვას და დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლის უნარს (ე.წ. transition) ეფუძნებოდა. იმ წლებში ლებრონი ლიგის საუკეთესო მცველების რიცხვში შედიოდა, დაცვაში ძალიან მაგარი იყო ხისტი და ათლეტური დი-უეიდი, ლიგაში დაცვის საუკეთესო სპეციალისტი იყო შეინ ბეტიე. პატ რაილის გუნდში დაცვის გარეშე ვერ ითამაშებდი. მაიამი დაახლოებით იმავე სათამაშო პრინციპებზე იყო აგებული, როგორც ჯორდანის ჩიკაგო. ჯორდანის და პიპენის როლს ლებრონი და უეიდი ირგებდნენ. აგრესიული და მობილური დაცვა და ღია სივრცეში ძალიან სწრაფი შეტევა - როდესაც ლებრონი და უეიდი ღია სივრცეში გიტევენ, უბრალოდ შანსი არ გაქვს.

ნელი გუნდი

პოზიციური შეტევის დროს, მაიამის შეტევის ორივე მთავარ ოპციას (ლებრონი და უეიდი) ბურთის დიდი ხანი ხელში ჭერა და მარტოს შესვლების ხარჯზე, ე.წ. იზოლაციით შეტევა უყვარდა. შესაბამისად, მაიამი სწრაფი გუნდი არასოდეს ყოფილა.

თამაშში 90-ზე ცოტა მეტი შეტევით მაიამი ნელი გუნდი იყო

ეს გუნდი ბურთს კი არ ამოძრავებდა სწრაფად, არამედ თვითონ მოძრაობდა სწრაფად ბურთიანად. მის ლიდერებს პასში თამაში და ბურთის მოძრაობა კი არა, თავად უყვარდათ ბურთიანად მოძრაობა, შესაბამისად, თამაშის ტემპი ნელი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც გუნდებს საშუალოდ 106 შემტევი პოზიცია (შეტევა) აქვთ, თამაშის დროს, მაიამი, რომელსაც თამაშში 90-ზე ცოტა მეტი შეტევა ჰქონდა, ძალიან უცნაურად გამოიყურება. თანამედროვე ეპოქასთან შედარებით თამაშში დაახლოებით 15 შეტევით ნაკლები - ძალიან დიდი სხვაობაა.

ბურთი ცოტას მოძრაობს

ამ სტილიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მაიამი, განსაკუთრებით, მის პირველ წლებში, ძალიან ცოტა შედეგიან გადაცემას ასრულებდა. ჩვეულებრივ, ასეთი ცოტა გადაცემა ლიგის აუტსაიდერებს აქვთ ხოლმე, ლიდერები კი ბურთს კარგად ამოძრავებენ. მაიამის შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, პირიქით იყო - ერთ თამაშში შესრულებული გადაცემების მიხედვით Heatles-ი ბოლო პოზიციებზე იყო. როდესაც იზოლაციებით და სწრაფი გარღვევებით უტევ, ბევრი გადაცემის გაკეთების აუცილებლობა არ გაქვს.

შემთხვევითი არ არის, რომ რაილის და სპოლესტრას სისტემაში ნომინალურ გამთამაშებელ მარიო ჩალმერსს არა ბურთის წამოღება, არამედ სამქულიანები და დაცვა ევალებოდა. ბურთის გათამაშება ძირითადად ლებრონის და ნაწილობრივ უეიდის საქმე იყო -სწორედ ეს მოთამაშეები ლიდერობდნენ მაიამის შესრულებული პასების მიხედვით (ლებრონი თამაშში 6.7 პასი, უეიდი თამაშში 4.7 პასი).

მაიამი ბურთს პირველ სეზონებში ცოტას ამოძრავებდა

პასების რაოდენობამ მხოლოდ ბოლო ორ სეზონში მოიმატა, როდესაც მაიამიში რეი ალენი და სხვა მსროლელებები მოვიდნენ და იზოლაციებთან ერთად, გუნდის შეტევის ძირითად ოპციას შესვლის შემდეგ სამქულიანზე გაკეთებული პასები იქცა.

თუ ჩაგდებული და მიღებული ქულების უბრალო სტატისტიკას დავხედავთ, მარტივ დასკვნას გავაკეთებთ. ეს გუნდი თამაშში 100 ქულას იშვიათად ცდებოდა და მისი შეტევა ოთხი წლის მანძილზე შედეგიანობის მხრივ საუკეთესო გუნდების პირველ ხუთეულში მხოლოდ ერთხელ იყო. 2012 წელს გუნდი ჩემპიონი ისე გახდა, რომ თამაშში საშუალოდ 100 ქულასაც კი ვერ აგდებდა. სამაგიეროდ დაცვაში ამ გუნდისთვის თუნდაც 95 ქულის ჩაგდება ძალიან რთული იყო და მისი დაცვა ყველა სეზონში ლიგის საუკეთესო ხუთეულში ხვდებოდა.

საშუალოდ ერთ თამაშში ჩაგდებული და მიღებული ქულების რაოდენობა

იზოლაციებზე და აგრესიულ, დინამიურ დაცვაზე აწყობილი კალათბურთი ბევრ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, დიდი სამეულის მაიამის რეგულარულ სეზონში სტაბილურად ჰქონდა ხოლმე გასვლაზე შეხვედრები, როდესაც გუნდი თამაშს უბრალოდ აგდებდა. მაიამი არასოდეს ყოფილა ისეთი გუნდი, რომელსაც რეგულარულში 70 თამაშის მოგება ექნებოდა მიზნად. შეუძლებელია მთელი რეგულარული სეზონი ასე ინტენსიური და ფიზიკური კალათბურთი ითამაშო. ამ გუნდის რეალური ძალა პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრებში ვლინდებოდა. ყველა იმ გუნდს შორის, რომელიც მე მინახავს, მაიამი, სახლში, პლეი ოფში, ყველაზე მრისხანედ გამოიყურებოდა.

ჩემპიონი, რომელიც არ ისვრის

ლიგის ლიდერები ყოველთვის ბევრ სროლას ქმნიან, თუმცა მაიამი გამონაკლისი იყო. შექმნილი სროლების რაოდენობის მიხედვით, ეს გუნდი სტაბილურად ლიგის ბოლო ხუთეულში იყო. 2012 წელს მაიამი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთ თამაშში საშუალო სროლების რაოდენობის მიხედვით ბოლო ადგილზე იყო - ჩემპიონი გუნდი მთელს ლიგაში ყველაზე იშვიათად ისროდა - ცოტა უცნაური სტატისტიკაა.

მაიამი ცოტა სროლებს ქმნიდა

სამაგიეროდ, ეს გუნდი საუკეთესო იყო შექმნილი სროლების ხარისხის მიხედვით - როცა გუნდში ლებრონი და უეიდი გყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესვლების შედეგად სტაბილურად აგროვებ ქულებს. ამას დაამატეთ, დაცვიდან შეტევაში, მეტოქის ღია კორტში წამოსული სწრაფი შეტევები და მიხვდებით, რომ მაიამის ძალიან ბევრი სროლა ჰქონდა მეტოქის სამწამიანიდან, ანუ ყველაზე სახიფათო და მაღალპროცენტიანი ზონიდან. წლების მანძილზე ორქულიანების პროცენტით მაიამი ლიდერი იყო მთელს NBA-ში, ვერავინ ყრიდან Heatles-ზე მაღალი პროცენტით ორიანებს. ოთხივე სეზონის მანძილზე მაიამის ზუსტი ორქულაინები 55 პროცენტის ფარგლებში ტრიალებდა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ლიგაში.

ამ ტიპის თამაშის შედეგი ის იყო, რომ ლებრონი და უეიდი შესვლების დროს ძალიან მაგრად კიდებდნენ მეტოქეებს ჯარიმებს - პირველივე სეზონში თამაშში ნასროლი 27.9 ჯარიმით მაიამი მესამე იყო მთელს ლიგაში.

ბუნებრივია, როცა ამ კლასის შემსრულებლები გიტევენ, მეტოქის დაცვისთვის მათი სროლების დაბლოკვა და დაფარება ძალიან რთული იყო - მათ წინააღმდეგ მეტოქის დაცვა თამაშში მხოლოდ 3.1 დაფარებას ახერხებდა, რაც ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენელი იყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ფილადელფია
  • იუტა ჯაზი

ცოტა სამქულიანები

პირველი ფორმაციის მაიამი სამქულიანებს თითქმის არ ისროდა. თავის პირველ სეზონში მაიამი თამაშში 6.7 სამქულიანს აგდებდა -დღეს ამ რაოდენობის სამიანი მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეიძლება ჩააგდოს. იმ წლებში, სტეფ კარის და გოლდენ სტეიტის რევოლუციამდე, სამიანებს ბევრად უფრო ნაკლებად ისროდნენ, თუმცა მაიამი სამქულიანების რაოდენობით იმ წლების სტანდარტითაც კი არ იყო პირველ პოზიციებზე (თამაშში 18 ნასროლი სამქულიანი, 15-ე მაჩვენებელი ლიგაში).

ცოტა სროლების მიუხედავად, პერიმეტრიდან ზუსტი სროლების პროცენტი მაღალი იყო - ლებრონი და უეიდი ბევრ თავისუფალ სროლებს ქმნიდნენ (ზუსტი სროლების 37 პროცენტი, 7-ე მაჩვენებელი ლიგაში).

შემდეგ წლებში რეი ალენის და შეინ ბეტიეს გუნდში მოსვლასთან ერთად, სამიანების რაოდენობა მუდამ იმატებდა.

მაგალითად, 2012-2013 წლებში მაიამის საჩემპიონო გუნდი თამაშში 22.1 სამქულიანს ისროდა (მეექვსე მაჩვენებელი ლიგაში) და აქედან 8.7 სროლას აგდებდა (მესამე მაჩვენებელი ლიგაში). სამქულიანის მსროლელების მოსვლამ ლებრონს თავისუფალი სროლების შექმნის საშუალება მისცა - ეს მაიამის შეტევაში დამატებითი იარაღი იყო.

კრის ბოშის ფაქტორი

ყველაზე მეტს, ვისაც აკრიტიკებდნენ კრის ბოში იყო. ბოში მაიამიში სუპერვარსკლავის სტატუსით გადავიდა და ლებრონის და უეიდის ფონზე მეორე პლანზე გადაწევა მოუწია. გამოყენების ინდექსი ამაზე ნათლად მეტყველებს - ორივე, ლებრონი და უეიდი, თავისი გუნდის თამაშში 31 პროცენტზე მეტით იყვნენ ჩართულები, ბოში კი მხოლოდ 23.5-ით.

სპეციალისტებს შორის პოპულარულია აზრი - კრის ბოშს რომ თავისი პოტენციალი სრულად გამოეყენებინა, ამ ფორმაციის მაიამი ყველა დროის უპირველეს გუნდთა შორის იქნებოდა. მგონია, რომ ეს საკითხის ცალმხრივი აღქმაა.

ბოშმა თავისი თამაში გადააწყო იმისთვის, რომ ლებრონისა და უეიდის დუეტისთვის მეტი კომფორტი მიეცა. მას უფრო ნაკლები სროლა და (შესაბამისად) ქულა ჰქონდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იგი ლებრონი-უეიდის დუეტს ზონებს უთავისუფლებდა. მაიამიმდე ბოშს ძალიან კარგად შეეძლო ჩაყრა, როგორ ფარის უშუალო სიახლოვიდან (სამწამიანიდან) ასევე გრძელი და საშუალო ორქულიანით. მაიამიში ბოშმა სამწამიანი - ლებრონის და უეიდის საყვარელი სათამაშო ზონა - ნაწილობრივ ამ დუეტს დაუთმო. მაიამის უბრალოდ არ სჭირდებოდა მესამე ჩამყრელი, რომელიც ამ ზონაში ითამაშებდა - უეიდის ქულების 58 პროცენტი და ლებრონის ქულების 52 პროცენტი 0-1 მეტრამდე დისტანციიდან კეთდებოდა (ჩატენვები, ლეი-აფები, შესვლები), ბოში კი ამ ზონას შეგნებულად ერიდებოდა, გამოდიოდა გარეთ, გრძელ ორიანზე, გამოყავდა სამწამიანიდან მეტოქის ცენტრები და მძიმე ფორვარდები, უთავისუფლებდა სივრცეს ლებრონს და უეიდს და თავისი გრძელი ორიანის მეშვეობით მაინც ახერხებდა თამაშში 20 ქულამდე მოეგროვებინა.

კრის ბოშის გრძელი ორქულიანი

მისი სროლების 53 პროცენტი სამი მეტრიდან სამქულიანის ხაზამდე არსებული დისტანციიდან სრულდებოდა (ანუ საშუალო და გრძელი ორქულიანი).

წლების გასვლასთან ერთად ბოში სულ უფრო და უფრო შორდებოდა ფარს. თავის პირველ სეზონში იგი თამაშში 0.3 სამქულიანს ისროდა კატასტროფული 24 პროცენტით. მის ბოლო მეოთხე სეზონში კი უკვე 2.8 სამიანს (თითქმის 10-ჯერ მეტს) იმ დროისთვის ძალიან ნორმალური 33.9 პროცენტით.

კრის ბოშის სამქულიანი

ბოში ის მოთამაშე იყო, რომელსაც მეტი შეეძლო, თუმცა ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ მან გაიღო.

რეი ალენი და სხვა გმირები

Heatles მხოლოდ უეიდის და ლებრონის გუნდი არ ყოფილა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი სამეული ჩემპიონ გუნდად სწორად ჩატარებულმა ტრეიდებმა აქცია. პატ რაილის და ერიკ სპოლესტრას ძალიან სწორი სელექცია ჰქონდათ - უეიდს და ლებრონს სამწამიანი ეკუთვნოდათ, კრის ბოშს (და ადონის ჰასლემს) გრძელი და საშუალო ორქულიანები, ყველა სხვა დანარჩენ მოთამაშეს კი სამქულიანი სროლა უნდა ჰქონოდა. ყველა სხვა როტაციის მოთამაშე კარგი სამქულიანის მსროლელი იყო (რეი ალენი, შეინ ბეტიე, მაიკ მილერი, მარიო ჩალმერსი).

ეს ბუნებრივია - პირველ სეზონში ლებრონის სროლების 81, უეიდის სროლების 85 და ბოშის სროლების 97 პროცენტი ორქულიანი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვა მოთამაშეებს სწორედ სამქულიანი სროლები უნდა ჰქონოდათ.

ყველაზე მთავარი სროლის ავტორი

ამ მსროლელებს შორის მთავარი კაცი რეი ალენი იყო. მთელი დედამიწის ბედი ბოლო წამზე ერთ სამქულიან სროლაზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ამ სროლას სწორედ რეი ალენს ვანდობდი. ვიცი, ბევრი შემომედავება - უფროსი თაობა რეჯი მილერს მეტყვის, უფრო უმცროსები სტეფ კარის. საერთოდაც, თანამედროვე სამქულიანების კალათბურთში სამიანების სტატისტიკა ისე სწრაფად იზრდება, რომ რეი ალენის მაჩვენებლები თითქოს აზრს კარგავს. მაგრამ, ვერავინ იდავებს: კალათბურთის ისტორიის ყველაზე დრამატული, ყველაზე მნიშვნელოვანი სამიანი სწორედ რეი ალენმა ჩააგდო - მაშინ, როდესაც მთელი სერიის ბედი ერთ სროლაზე იყო დამოკიდებული. ვიდეოში უბრალოდ დააკვირდით მისი ფეხების მოძრაობას და ნახტომს - უკან მიდის მაღალი სისწრაფით, იდეალურად გრძნობს პარკეტზე თითოეულ სანტიმეტრს და 90 კუთხიანი გრადუსით ადის ჰაერში ნახტომის დროს. ეს სროლის იდეალური ტექნიკაა.

შეხსენებისთვის სტეფის ასეთი სამიანი ფინალში კლივლენდთან მეშვიდე თამაშის ბოლო წუთზე ფარს საერთოდ არ მოხვედრია. იგივე მოხდა შარშან ტორონტოსთანაც.

რეი ალენი თავისი სამიანებით მაიამის მეოთხე დიდი მოთამაშე იყო. ის სკამიდან შემოდიოდა და დიდი სამეულის მიღმა ერთადერთი იყო მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე, რომელსაც თამაშში საშუალოდ 10 ქულაზე მეტი ჰქონდა.

დაცვის მთავარი სპეციალისტი

მაიამის დაცვაში ყველაზე მთავარი კაცი შეინ ბეტიე იყო. ბეტიე NBA-ში დაცვის მთავარ სპეციალისტად მიიჩნეოდა. იგი არასოდეს ყოფილა ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული - მისი დაცვის ტექნიკა მოწინააღმდეგეების შესწავლას ეყრდნობოდა. ლებრონი აღიარებდა, რომ მან დაცვის თამაში ბეტიესგან ისწავლა - მისი თქმით, ბეტიეს მოსვლამდე გუნდის თითოეული წევრი პოტენციურ მეტოქეზე სტატისტიკას იღებდა, რომელიც 1-2 გვერდზე ეტეოდა. ბეტიეს კი იმდენი მონაცემები სჭირდებოდა, რომ ამისთვის 5-6 გვერდი იყო საჭირო.

ბეტიეს დაცვაში თამაში ცენტრის გარდა ყველა პოზიციის წინააღმდეგ შეეძლო. ეს კი ლებრონს დიდ კომფორტს უქმნიდა. მათ სიტუაციურად მუდამ შეეძლოთ როლები და პოზიციები გაეცვალათ.

კაცი, რომელსაც გასახდელში ყველა უსმენდა

მისი სახელი ბევრს არ სმენია. მაგრამ, გუნდის შიგნით ის ყველაზე გავლენიანი Heatles იყო. როდესაც ის გასახდელში ლაპარაკს იწყებდა, ყველა ჩუმდებოდა. ადონის ჰასლემი მაიამელი ქუჩის ბიჭი და ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და ბრუტალური პერსონაჟი, გასახდელის ლიდერი იყო. კაცი, რომელსაც პატ რაილის იდეები და ფასეულობები - სიხისტე, გუნდისთვის თავის გაწირვის უნარი, დისციპლინა, დაცვის სიყვარული - ყველაზე მაგრად გადაჰქონდა პარკეტზე.

ჰასლემი მაიამის გეტოებში გაიზარდა, მას და უეიდს ბევრი წლის მეგობრობა ჰქონდათ - მათი დედები ერთად ებრძოდნენ ნარკოდამოკიდებულებას და პირველივე სეზონის წინ უეიდმა პირადად თხოვა ბოშს და ლებრონს, რომ თავისი კონტრაქტიდან რამდენიმე მილიონზე ეთქვათ უარი, რათა მაიამის ჰასლემის ხელფასისთვის ფული დარჩენოდა.

ადონის ჰასლემი

თავად ჰასლემმაც თითქმის ორჯერ დიდ კონტრაქტზე უთხრა დალასს უარი და იმ გუნდში დარჩა, რომლის სიმბოლოც იყო.

დუეინ უეიდი: „მასთან ერთად ისე ხარ, თითქოს უფროს ძმასთან ერთად სკოლაში მიდიხარ.“

ჰასლემს მთავარი საქმე დაცვა და იმ მეტოქეებისთვის პასუხის გაცემა იყო, ვინც ლებრონს და უეიდს ეუხეშებოდა. თუკი დი-უეიდს დაამტვრევ, პასუხს ადონის ჰასლემი გაქცემს - ეს მთელს ლიგაში ყველამ იცოდა. მაგალითად, ასე მოხდა ინდიანასთან პლეი ოფის შეხვედრაში - ტაილერ ჰენდსბროუმ დი-უეიდის წინააღმდეგ იუხეშა, პასუხი კი ჰასლემისგან მიიღო.

კრიზისი და უეიდის პრობლემა

როდესაც ლებრონი ღიმილით მოსაგებ ჩემპიონობებს ითვლიდა, ის ძალიან ცდებოდა. მაიამის დიდი სამეული მაშინ შეხვდა ერთმანეთს, როდესაც მათ ლიგაში უკვე ბევრი წელი ჰქონდათ გატარებული. მათ ბევრი დრო ერთად არ ჰქონდათ - დიდი სამეულის ერის დასასრულს უეიდს და ბოშს უკვე ვეტერანები ერქვათ. ალენი, მილერი და ბეტიე ვეტერანები უკვე გუნდში მოსვლის პერიოდში იყვნენ. Heatles პიკი ცოტა ხანი ჰქონდა - პირველი წელი გუნდის გაძლიერების და ლებრონის ფინალში ჩავარდნის წელი იყო. პიკი სულ ორიოდე წელი გაგრძელდა, შემდეგ კი დი-უეიდს მუხლების პრობლემები დაეწყო.

ისტორიული ფოტო: ლებრონი ჯერ კიდევ ჰაერშია, უეიდი უკვე ზეიმობს

მისი ჯანმრთელობა მაიამის მთავარ გამოწვევად იქცა. დიდი სამეულის უკანასკნელ მეოთხე სეზონში, უეიდს მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო ძალიან უჭირდა მისთვის ჩვეულ დონეზე ეთამაშა. მისი გამოყენების ინდექსი პირველად ჩამოცდა 30 პროცენტს, პასების რაოდენობაში მარიო ჩალმერსმა გადაასწრო, მისი ქულების რაოდენობა კი შემცირდა. თუკი დალასთან წაგებული ფინალი მაიამისთვის დიდი გულისდაწყვეტა იყო, მეოთხე სეზონის ფინალში, სან ანტონიოსთან მაიამის შანსი არ ჰქონია - ლებრონის გარდა ვერცერთი მოთამაშე თავის ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობდა. ეს უკვე ვეტერანების გუნდი იყო.

ლებრონმაც გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო - ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეცდომა იყო და მაიამიში  ლებრონი უფრო მეტს მიაღწევდა, თუმცა მისთვის იდეაფიქსი კლივლენდის, თავისი მშობლიური ქალაქისთვის, ჩემპიონობის მოპოვება იყო.

წაიკითხე | მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

დასკვნის ნაცვლად - ანუ, რაზე მწყდება გული

კალათბურთში ყველაზე მეტად რისი ნახვაც მინდოდა, ის ვერ ვნახე. სულ რამდენიმე წელში ავცდით. ყველაფერს მივცემდი, Heatles-გოლდენ სტეიტის სერიები რომ მენახა. ეს იქნებოდა ორი განსხვავებული სისტემის და მსოფლმხედველობის დაპირისპირება - ბევრად უფრო დიდი ვიდრე გოლდენ სტეიტი-კლივლენდის ომები იყო (დიდი სამეულის მაიამი კლივლენდზე ბევრად, ძალიან ბევრად დიდი, გუნდი იყო და არც ის მგონია, რომ ამ პოტენციურ დაპირისპირებაში გოლდენ სტეიტი აუცილებლად ფავორიტი იქნებოდა). გოლდენ სტეიტი ლიგაში მაშინ გამოჩნდა, როცა მაიამი დაიშალა. სულ ორი წლით ადრე, ან ორი წლით გვიან და დარწმუნებული ვარ, კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპიკურ და საინტერესო დაპირისპირებას ვნახავდით.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები