Thumbnail
  • უსმან დემბელემ დორტმუნდთან მატჩში ისევ ტრავმა მიიღო
  • ვალვერდე, სუარესი და ლენგლე ბარსელონას სამედიცინო შტაბს აკრიტიკებენ

ბარსელონამ დორტმუნდის ბორუსიას მარტივად მოუგო (3:1), მაგრამ უსმან დემბელეს საქმე რთულადაა. 22 წლის ფრანგმა გარემარბმა ისევ ტრავმა მიიღო.

დეტალური გამოკვლევები დაადგენს, რამდენად მძიმედ დაშავდა დემბელე. დორტმუნდთან მატჩის დროს იგი 26-ე წუთზე, რაფაელ გერეიროსთან ტრავმის გამომწვევი ორთაბრძოლის შემდეგ შეცვალეს.

უსმან დემბელე ბარსელონაში დორტმუნდიდან 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ უჩვეულოდ ხშირად იღებს ტრავმებს. ამ სეზონში მან მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. 

“დემბელე ბარსასთვის უკვე სერიოზული პრობლემაა!” - წერს გაზეთი “სპორტი”.

“მისი ტრავმა სირცხვილია, რადგან თავს კარგად გრძნობდა, კარგად ვარჯიშობდა.” - განაცხადა მატჩის შემდეგ კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.

ბარსას ცენტრფორვარდმა ლუის სუარესმა კატალონიური გრანდის სამედიცინო შტაბი ღიად გააკრიტიკა და მოუწოდა, გაარკვიონ, რისი ბრალია დემბელეს ხშირი ტრავმიანობა: “ბოლოს და ბოლოს მათ უნდა დაადგინონ, რატომ იღებს ტრავმებს დემბელე გამოჯანმრთელების შემდეგ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე ისევ დაგვიბრუნდება,” - განაცხადა ურუგვაელმა.

ფრანგის ტრავმატულობაზე კლემან ლენგლეც დარდობს: “ეს უკვე სამარცხვინო ამბავია. ძალიან უხაროდა, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და მოედნის დატოვება თვალცრემლიანს მოუხდა,” - აღნიშნა ბარსელონას მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსამ უსმან დემბელე დორტმუნდიდან 2017 წელს, 105 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ორ წელიწადში იგი 9-ჯერ დაშავდა და ბარსელონას ფორმით მხოლოდ 49 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები