Thumbnail
  • 21 თებერვალს დავით ხოჭოლავას შახტარი რომას ეთამაშება.
  • თუ ხოჭოლავა ითამაშებს ლიგის პლეი ოფში პირველი ქართველი იქნება 10-წლიანი პაუზის შემდეგ.
  • ვინ იყო ბოლო? ქართველების ბოლო 10 წელიწადი ჩემპიონთა ლიგაში.

დიდი საფეხბურთო პირველობები, როგორც წესი, ქართველთა გარეშე იმართება. ჯერ არასოდეს ყოფილა ქართული ნაკრები ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, არასოდეს უთამაშია ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე...

ის კი არა, ბოლო დროს, ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, ქართველი ფეხბურთელიც კი სანთლით საძებარი იყო. მართალია, 2003 და 2007 წლებში კახა კალაძემ მილანის რიგებში ეს პრესტიჟული ჯილდო ორჯერ მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ასეთი მიღწევები კი არა, უბრალოდ მონაწილეობა სანატრელი გაგვიხდა.

კახა კალაძის მილანი 2007 წლის ტრიუმფის შემდეგ

ხოჭოლავას შანსი

ხოჭოლავამ ლიგაზე უკვე ითამაშა

21 თებერვალს ხარკოვში ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დონეცკის შახტარი რომას დაუპირისპირდება. ამ თამაშში შესაძლოა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდეს - 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს. 

დიახ, ზუსტად 10 წელიწადია ლიგის საგაზაფხულო ეტაპზე ერთ ქართველ ლეგიონერსაც კი არ უთამაშია. ბოლოს ისევ კალაძე და ლევან კობიაშვილი იყვნენ. დღევანდელი მერი და სფფ-ის პრეზიდენტი მაშინ, შესაბამისად, მილანისა და შალკეს ღირსებას იცავდნენ.

მალდინი და კალაძე არსენალთან მატჩში

მაშ ასე: ეს იყო 2007/08 წლების სეზონში კახა კალაძის მილანი ლონდონის არსენალს დაეჯახა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. კობიაშვილის შალკემ უფრო იყოჩაღა. "ხუმარებმა" პორტუს ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. იქ კი ბარსელონასთან შალკეს შანსი არ ჰქონია. ჯერ შინ წააგო 0:1, შემდეგ ანალოგიურად სტუმრად. "კამპ ნოუზე", 2008 წლის 9 აპრილს კარლოს გროსმიულერმა კობიაშვილი მატჩის 32-ე წუთზე შეცვალა და მას შემდეგ ქართველს ლიგის პლეი ოფში აღარ უთამაშია...

ჯერჯერობით ბოლო მატჩი ლიგის პლეი ოფში ქართველის მონაწილეობით - კობიაშვილი ბოიანის წინააღმდეგ

რა იყო 2008 წლის შემდეგ

მალხაზ ასათიანი არსენალის წინააღმდეგ

მალხაზ ასათიანმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა კიევის დინამოს შემადგენლობაში. დინამომ პორტუსა და არსენალის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა

დვალიშვილი, კალაძის ბოლო ლიგა

ლიგაზე მოხვდა ჰაიფას მაკაბი, რომლის შემადგენლობაშიც ლადო დვალიშვილი თამაშობდა. მაშინ 23 წლის ფორვარდმა საკვალიფიკაციოსა და ჯგუფური ეტაპის ჯამში 12 თამაშში 5 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ყველა გოლი საკვალიფიკაციო მატჩებზე მოდის, ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში ლადომ ვერაფერი დააკლო ბორდოს, ბაიერნისა და იუვენტუსის დაცვას. მაკაბიმ კი ნული ქულითა და უგოლოდ დაასრულა გამოსვლა. 

ამ სეზონში უკანასკნელად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე კახა კალაძემ, მან მხოლოდ ციურიხთან მატჩებში მიიღო მონაწილეობა მილანის შემადგენლობაში (160 წუთი), დანარჩენ შეხვედრებში კი სათადარიგო იყო. 

ლიგაზე ითამაშა რუსულმა რუბინმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სალუქვაძე და ნუკრი რევიშვილი. სალუქვაძემ ხუთ თამაშში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ცნობილ გამარჯვებაშიც შეიტანა თავისი წვლილი კამპ ნოუზე, როცა რუსულმა კლუბმა ბარსა 2:1 დაამარცხა. ნუკრი რევიშვილი კი ხუთჯერ მოხვდა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა თამაში მას არ მოუწია. 

საერთო ჯამში ლაშა სალუქვაძემ სამ სეზონში რუბინის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩი ითამაშა.

ანანიძის დებიუტი

ჯანო ანანიძეს ლიგაზე დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა

ჯანო ანანიძეს ჯერ კიდევ 18 წლის ბიჭს კარიერაში პირველად მოუწია ლიგაზე თამაში, მან ჯგუფურ ეტაპზე მარსელთან და ჩელსისთან ითამაშა, ჯამში 19 წუთი!

მაგრამ მხოლოდ ჯანო არ იყო, რუბინის შემადგენლობაში იყო ლაშა სალუქვაძე. სალუქვაძემ (მაშინ 29 წლის ასაკში) 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კოპენჰაგენთან და ერთხელ ბარსელონასთან, ჯამში 185 წუთი.

საბა ლიგამდე ვერ მივიდა

2011/12 წლების სეზონში ჩავარდნა გვქონდა - საბა კვერკველიამ ლიონთან საკვალიფიკაციო პლეი ოფის მატჩებში ითამაშა. ეს იყო და ეს...

რანდევუ ბარსასთან

ანანიძე და ლეო მესი

ჯანო ანანიძის სპარტაკი 2012/13 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა, მაგრამ ბარსელონას, სელტიკისა და ბენფიკას კომპანიაში ვერას გახდა, ბოლო ადგილზე გავიდა. 

ჯანომ მაშინ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ლისაბონში და ორჯერ შინ, ბენფიკასა და ბარსელონას წინააღმდეგ. ჯამში 111 წუთი ითამაშა (1 სასტარტოში, 2 შეცვლაზე), 4-ჯერ კი სათადარიგო იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ანანიძე 20 წლის იყო, ესეც დიდი მიღწევაა.

სამი სეზონი ქართველების გარეშე

ერთი წარმომადგენელიც კი არ გვყავდა ჩემპიონთა ლიგაზე - სამი სეზონის განმავლობაში (2013/14, 2014/15, 2015/16) ლიგაზე ქართველის ჭაჭანება არ ყოფილა!

ვაკო არსაიდან

ვაკო ყაზაიშვილი მარსელოს წინააღმდეგ

2016/17 წლების სეზონშიც, თითქოს, არ უნდა ეთამაშა ქართველს, მაგრამ მოულოდნელად ვიტესმა ვაკო ყაზაიშვილი პოლონურ ლეგიაში გაუშვა იჯარით, ლეგია კი ლიგაზე თამაშობდა. ჩვენებურმა სულ ორ მატჩში ითამაშა - რეალთან 1:5 დასრულებულ შეხვედრაში და დორტმუნდთან 0:6 წაგებულ თამაშში. მოკლედ, ექსპერიმენტი სახელად ლეგია ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები