Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსი აბდულ-ჯაბარის, მელოუნისა და ბრაიანტის კომპანიაში
  • ანტეტოკუნმპოს მილუოკიმ ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში მე-4 კალათბურთელი გახდა, ვისმა ჯამურმა მონაგარმაც 33 ათას ქულას გადააჭარბა.

📺 ნიუ ორლეანი - ლეიკერსი 110:114

დღეს დილით, ლეიკერსმა სეზონში მე-16 გამარჯვება იზეიმა და მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდად რჩება, კალიფორნიელთა ლიდერებმა – ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა კი ჯამში 70 ქულა ჩააგდეს. 

ლეიკერსმა ნიუ ორლეან ჰორნეთსთან მატჩის პირველი მეოთხედი 25:38 დათმო, თუმცა, დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი პერიოდის (35:21) ხარჯზე 114:110 იმარჯვა.
ჯეიმსმა 29 ქულას 11 მოხსნა წაამატა და ახლა, მისი კარიერული მონაგარი 33 008 ქულაა. ლებრონის წინ მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387 ქულა), კარლ მელოუნი (36 928), კობი ბრაიანტი (33 643) და არიან.

დღევანდელი შედეგიანობის გათვალისწინებით, ლებრონს დაახლოებით 25 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რათა კობიც უკან მოიტოვოს და ყველა დროის რეკორდსმენთა სიაში მე-3 პოზიციაზე აინაცვლოს. 

ნიუ ორლეანთან მატჩის უმთავრეს გმირად დევისი იქცა, რომელმაც თამაშიდან 30-ჯერ (!) შეუტია, თავი 41 ქულას მოუყარა და აქტივში 9 მოხსნაც ჰქონდა. პელიკანსის მხრიდან თავი ჯრუ ჰოლიდეიმ (29 ქულა, 12 პასი) და ბრენდონ ინგრემმა (23 ქულა, 10 მოხსნა) გამოიჩინეს.

წარმატებულ თამაშს განაგრძობს იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკიც. ბაქსმა ბერძენი ვარსკვლავის წინამძღოლობით ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა, საერთო ჯამში კი, 15 მოგება მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

ბაქსმა ატლანტა ჰოუქსს 111:102 სძლია, ხოლო იანისს ამჯერადაც შედეგიანი თამაში ჰქონდა. მისი მონაგარი 30 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება გახლდათ და სეზონში მე-18 დაბლ-დაბლი გაიფორმა. ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ერიკ ბლედსოუს – 9 მოხსნა, 10 პასი.

სამმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა და ამასთან, გასვლაზე პირველი გამარჯვება იზეიმა ორლანდომ. მეჯიქი კლივლენდ კავალიერს სტუმრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა მხრიდან ტრისტან ტომპსონი (13 ქულა, 15 მოხსნა) და ლარი ნენსი (11 ქულა, 10 მოხსნა) ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ, 116:104 მოიგო. ორლანდოელთა რიგებში შეუდარებელი იყო ფრანგი ევან ფურნიე, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.

ასევე მიჯრით 3 წაგების მერე გაიხსენა მოგების გემო ჰიუსტონმა. როკეტსმა მაიამი ჰითს 117:108 აჯობა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ პირველ პლანზე ტექსასელთა ვარსკვლავები იყვნენ. ჯეიმს ჰარდენმა 34 ქულა მიითვალა, რასელ უესტბრუკმა კი 27 ქულას, 9 მოხსნა და 7 პასი წაამატა.

შედეგიანი დღე ჰქონდა კემბა უოკერს, რომლის ბოსტონიც ბრუკლინ ნეთსს დაუხვდა და 121:110 მოუგო. სელტიქსის ერთ-ერთმა ლიდერმა 39 ქულა მოაგროვა, მას კი დახმარება ჯეილენ ბრაუნმა (22 ქულა, 10 მოხსნა), ჯეისონ ტეიტუმმა (16 ქულა) და დანიელ ტაისმა (14 ქულა) გაუწიეს. სელტიქსს 13 გამარჯვება მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები