Thumbnail

მაგარი ამბავი ბუნდესლიგიდან - იურგენ კლინსმანი დიდ სცენაზე დაბრუნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰერტა კრიზისიდან იურგენ კლინსმანმა უნდა გამოიყვანოს
  • ლეგენდარული თავდამსხმელი ბერლინელთა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ეს ძალიან საინტერესო ამბავია!

როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლინის ჰერტამ დაასრულა ექსპერიმენტი სახელწოდებით ანტე ჩოვიჩი და ხორვატი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 12 თამაშში 11 ქულა და მე-15 ადგილი ბერლინელებისთვის ზედმეტად საგანგაშო შედეგი იყო.

ჰერტას ახალი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი იქნება! ბერლინელებმა ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურეს.

55 წლის კლინსი, რომელიც გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მწვრთნელია, ჰერტაში მინიმუმ სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ‘ბილდის’ ინფორმაციით, მისი ასისტენტები ალექსანდერ ნოური და მარკუს ფელდჰოფი იქნებიან.

კლინსმანს ბერლინში რამდენიმე კვირის წინ უხმეს და სამეთვალყურეო საბჭოში დანიშნეს. მისი მისია ჩოვიჩთან ერთად მუშაობა იყო, მაგრამ აუგსბურგთან 0:4-ის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებმა ხორვატი სპეციალისტი გაუშვეს და მთავარ მწვრთნელად კლინსმანი დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ ჩოვიჩი ჰერტას თავკაცად ზაფხულში დაინიშნა და მან ამ თანამდებობაზე პალ დარდაი შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ კლინსი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2004-დან 2006 წლის ზაფხულამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბუნდესგუნდმა 2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008/2009 წლებში კლინსმანი ბაიერნის დამრიგებელი იყო, 2011-დამ 2016 წლამდე კი აშშ-ის ნაკრებს ავარჯიშებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები