Thumbnail

თუ რუსეთს დასჯიან - რომელი ქალაქი შეცვლის სანკტ პეტერბურგს ევრო 2020-ზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სპორტული სამყარო 9 დეკემბერს, WADA-ს გადაწყვეტილებას ელოდება
  • რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩამოშორება 4 წლით ემუქრება
  • კითხვის ნიშნის ქვეშაა სანკტ პეტერბურგში ევრო 2020-ის მატჩების გამართვაც

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთს მართლაც დასჯიან და ევრო 2020-საც ჩამოაშორებენ, სანკტ პეტერბურგის ნაცვლად ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, დიდი ალბათობით, შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი გახდება, რუსეთის ნაკრების ადგილს კი ტურნირში შოტლანდია დაიკავებს. ასეთ პროგნოზებს დასავლური მედია აკეთებს.

შვედეთის დედაქალაქი კარგად შეუწყვილდებოდა მეზობელ კოპენჰაგენს (დანია) და ეს მოხერხებული იქნებოდა B ჯგუფში გამომსვლელი გუნდებისთვის. სხვათა შორის, ევრო 2020-ის მასპინძლობაზე, სტოკჰოლმის განაცხადი უეფაში 2014 წელს იყო შესული, მაგრამ ხმისმიცემის დროს კონკურენტებთან დამარცხდა.

რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-იდან მოკვეთა ემუქრება

ასევე ვარაუდობენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრების ადგილს შოტლანდიის ეროვნული გუნდი დაიკავებს. შოტლანდია რუსეთთან ერთად, საკვალიფიკაციო I ჯგუფში გამოდიოდა, სადაც საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და საგზური ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის 4 წლით ჩამოშორების რეკომენდაცია გასცა, რისი მიზეზიც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორიატორიის დოპინგ-ტესტებში გამოვლენილი დარღვევებიაა. საბოლოო გადაწყვეტილება WADA-მ 9 დეკემბერს, აღმასკომის სხდომაზე უნდა მიიღოს.

მეტი ამ თემაზე: რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთენ? უეფა ჯერჯერობით დუმს

თუ რუსეთს დასჯიან, ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის უფლებას უელსიც მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, უელსის ფეხბურთის ასოციაცია მზად იქნება, უეფაში მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანოს.  

WADA რუსეთთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 9 დეკემბერს მიიღებს

მნიშვნელოვანია, რომ უეფას WADA-სთან პირდაპირი შეთანხმება დადებული არ აქვს, განსხვავებით ფიფასგან, რომელსაც ანტისადოპინგო სააგენტოსთან აქვს ხელშეკრულება. შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ რუსეთის დაკისრებული სანქციები ევრო 2020-ზე არ გავრცელდეს. 

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები