Thumbnail

ჰკრა თუ დაარტყა? სერხიო აგუეროს ფანატთან ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
  • არგენტინელმა ფორვარდმა უიგანის ფანატზე გაიწია, პეპ გვარდიოლამ - მის კოლეგაზე.
  • შეხვედრაში მომხდარ ინციდენტებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.

მანჩესტერ სიტის ფორვარდ სერხიო აგუეროს, უიგანის გულშემატვრისთვის ხელის დარტყმის გამო, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 

ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალური მატჩი, რომელშიც რანგით მესამე ლიგაში მოთამაშე უიგანმა პრემიერლიგის ლიდერი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაშის შემდეგ მოედანზე მესამელიგელის გულშემატკივრები გაცვივდნენ. სწორედ მაშინ, არგენტინელ ფეხბურთელსა და მასპინძელთა ერთ-ერთ ფანატს შორის დაპირისპირება მოხდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აგუერომ გულშემატკივარს სახეში გაარტყა.

მაგალითად, The Daily Mail ვარაუდობს, რომ უიგანის გულშემატკივარმა აგუეროს შეაფურთხა და თან, მუშტის დარტყმას შეეცადა, რის პასუხადაც არგენტინელმა ძალა გამოიყენა.

აგუეროს ქმედებას BBC, Goal და  Daily Mail "ხელის კვრად" აფასებენ, Mirror კი "დარტყმას" არქმევს.

The Sun იუწყება, რომ ინციდენტის ეპიზოდს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) განიხილავს და შესაძლოა, სერხიო აგუერო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯოს. სავარაუდოდ, დაისჯებიან კლუბებიც.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ტაიმებს შორის შესვენების დროს გუნდების მთავარი მწვრთნელები, ხოსეპ გვარდიოლა და პოპ კუკიც წაეკიდნენ, ოღონდ, სპეციალისტები მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით დაკმაყოფილდნენ, თამაშის შემდეგ კი პეპმა კოლეგას გამარჯვებაც მიულოცა.

ახლახან სერხიო აგუერო პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები