Thumbnail

‘მეც ჭკვიანი ბიჭი ვიყავი’ - ჟოზეს განსაკუთრებული მადლობა ბურთის მიმწოდებელს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგაშიც მოიგო
  • გამარჯვებაში თავისი წვლილი ბურთის მიმწოდებელ ბიჭს მიუძღვის
  • პორტუგალიელმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

სტადიონი, ბაზა, გუნდი, ფეხბურთელები… განსაკუთრებით ფეხბურთელები! ჟოზე მოურინიო ამ დღეებში ხშირად ამბობს, რომ ტოტენჰემში ყველა და ყველაფერი იდეალურია. 7 დღეა, რაც პორტუგალიელი სპურსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და უკვე შეძლო ის, რაც ტოტენჰემს მაურისიო პოჩეტინოს ხელში იანვრის შემდეგ არ გაუკეთებია - მოიგო გასვლითი მატჩი პრემიერლიგაში.

ჟოზე ამ კვირაში ყველას აქებდა - მათ შორის წინამორბედ პოჩეტინოსაც. სამშაბათს, ტოტენჰემმა მისი ხელმძღვანელობით მეორე თამაშიც მოიგო - რთული 4:2 ოლიმპიაკოსთან. სპურსს ამაში ორი ისეთი ‘მეპასე’ დაეხმარა, მატჩამდე ყურადღებას რომ არავინ აქცევდა. ერთი ოლიმპიაკოსის მცველი იასინე მერია გახლდათ, რომელმაც დელე ალის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება გაუადვილა, მეორე კი - ბურთის მიმწოდებელი ბიჭი!

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მან ძალიან სწრაფად მიაწოდა ბურთი სერჟ ორიეს, ამ უკანასკნელმა კი სწრაფად მოძებნა ლუკას მოურა, რომელმაც ჰარი კეინს საგოლე პასი გაუკეთა. სწორედ ასე გაათანაბრა ანგარიში ტოტენჰემმა.

ჰარი კეინის გოლი და ჟოზეს მადლობა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს

“ძალიან მიყვარს ისეთი ჭკვიანი ბურთის მიმწოდებლები, როგორიც მეც ვიყავი ადრე,” - განაცხადა ჟოზემ მატჩის შემდეგ, თამაშის დროს კი ბიჭთან მივიდა და კეინის გოლის შემდეგ მას პირადად გადაუხადა მადლობა, - “ბავშვობაში მეც ძალიან ჭკვიანი ბურთის მიმწოდებელი ვიყავი. ეს ბიჭიც ასეთია. მან სწრაფად გაანალიზა მომენტი, მიხვდა, რა უნდა ექნა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა გააკეთა.”

ჟოზემ თამაშის შემდეგ ისიც თქვა, რომ ბურთის მიმწოდებელი ბიჭი ტოტენჰემის გასახდელში დაპატიჟება სურდა, რათა ფეხბურთელებთან ერთად ეზეიმა, მაგრამ ვეღარ იპოვეს.

მოურინიომ ისიც თქვა, რომ ძალიან წუხს, პირველ ტაიმში დაიერის შეცვლა რომ მოუხდა

სხვათა შორის: ჟოზე მოურინიო გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პლეი ოფში 6 სხვადასხვა გუნდი ჰყავს გაყვანილი. ტოტენჰემამდე ჟოზემ ეს პორტუსთან, ჩელსისთან, ინტერთან, რეალთან და მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები