Thumbnail
  • იუვენტუსის თავკაცმა ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა
  • მაურიციო სარიმ კრიშტიანო რონალდოსა და პაულო დიბალაზე ისაუბრა

ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა პირველი ადგილით ვადამდე გაინაღდა - მაურიციო სარის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და 13 ქულით, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

ტურინელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ბოლო დროს მწვრთნელთან დაძაბულობას მიაწერდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს პაულო დიბალამ, მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ თამაში შეაფასა და რონალდოსა და დიბალაზე ისაუბრა. ტურინელთა მწვრთნელმა განსაკუთრებით საინტერესო კომენტარი არგენტინელის გოლზე გააკეთა: 

"პაულოს გოლი? ვერავინ მიუთითებდა მას, რა უნდა ექნა იმ ვითარებაში, მაგრამ მან შეაგდო. პირველი, რაც ასეთ მატჩში ამ დროს მწვრთნელს თავში აზრად მოუვიდოდა, არის: "საიდან ურტყამ, ამის დედაც..." მაგრამ სწორედ ამის გამო იმსახურებს ეს გოლი აპლოდისმენტებს.

დიბალა მსოფლიო დონის მოთამაშეა. ის ბრწყინვალე ფორმაშია და შეუძლია, მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

არგენტინელის ანგარიშზე ლიგის 5 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია

ამ შეხვედრაში საკმაოდ დიდი ენერგია დავხარჯეთ, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გარდაუვალია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივიდა, მაგრამ როგორც სერია A-ს ბოლო მატჩში ატალანტასთან (3:1), მოგება ძალიან გაგვიჭირდა. 

როგორც ვგეგმავდით, პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მაგრამ მეორეში ვბრაზდებოდი, როდესაც ვხედავდი, როგორ ადვილად თმობდნენ იუვენტუსის ფეხბურთელები ბურთს. შესაძლოა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში უფრო მოტივირებულები ვართ, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ჩვენ ყველა ტურნირში ასე უნდა ვიხარჯებოდეთ. 

რონალდომ ატლეტიკოსთან 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა

კრიშტიანომ მთელი მატჩი მოედანზე გაატარა, რადგან მსურდა, გაეტანა გოლი და აემაღლებინა მოტივაცია. ვფიქრობ, მისი ფიზიკური მდგომარეობა უკეთესია. ის მაქსიმალურად იხარჯებოდა ვარჯიშებზე. ხვალ ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება მისი მუხლი", - განაცხადა მაურიციო სარიმ.

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში პლეი ოფის მეორე საგზურისთვის მადრიდის ატლეტიკო (7 ქულა) და ლევერკუზენის ბაიერი (6) იბრძვიან, ბოლო ადგილზე კი მოსკოვის ლოკომოტივია (3). ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 11 დეკემბერს, ლევერკუზენი იუვენტუსს მიიღებს, ატლეტოკო მადრიდში ლოკომოტივს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები