Thumbnail
  • ლოკომოტივი 0:2 ლევერკუზენი
  • გალათასარაი 1:1 ბრიუგე

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დაიწყო - მოსკოვში საბა კვერკველიას ლოკომოტივი ლევერკუზენის ბაიერთან 0:2 დამარცხდა და ამით ევროთასებს ნაადრევად დაემშვიდობა. ქართველი მცველის დებიუტი ამ სეზონში ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, კვლავ გადაიდო. კვერკველია სათადარიგო იყო, თუმცა იური სიომინს ის მოედანზე არ შემოუყვანია. 

0:1 ჟემალეტდინოვი 11' ავტოგოლი

ლოკომოტივის ფორვარდს ბურთი უნებლიედ თავისივე გუნდელმა გაარტყა. ასე კურიოზულად გაიხსნა ანგარიში.

0:2 ს. ბენდერი 54' 

ლევერკუზენის შესანიშნავი კომბინაცია ერთი შეხებით - არანგისმა სვენ ბენდერი მოძებნა, მანაც ორამდე გაზარდა გერმანელთა უპირატესობა.

საბას თამაში ისევ არ მოუწია

90-ე წუთზე მოედანზე ლარს ბენდერი გამოჩნდა და ამით უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა - ლოკომოტივის შემადგენლობაში მოედანზე ტყუპები ანტონ და ალექსეი მირანჩუკები იყვნენ, სტუმართა რიგებში კი ტყუპები სვენ და ლარს ბენდერები. 

5 თამაშიდან 3 ქულით ლოკომოტივი D ჯგუფში ბოლო ადგილზეა და 6-ქულიან ლევერკუზენს ვეღარ გადაასწრებს. 

სტამბოლში გალათასარაი 1:1 დაუზავდა ბრიუგეს და ამით მადრიდის რეალი A ჯგუფში თამაშის დაწყებამდე გავიდა პლეი ოფში. 

1:0 ბუიუქი 11'

მარცხენა ფლანგიდან ბაირამმა ბუიუქი მოძებნა, რომელმაც ბრუნში ლამაზი გოლი გაიტანა ბელგიელთა კარში.

1:1 დიატა 92'

20 წლის კრეპინ დიატამ შესანიშნავი სოლო-რეიდით ბრიუგეს ქულა გადაურჩინა. ახალგაზრდა სენეგალელმა გოლი მაისურის გახდით აღნიშნა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. გოლის აღნიშნვას კიდევ ერთი ბრიუგელის წითელი მოყვა - მატამ კუთხურის ალამს ამოკრა ფეხი, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, მისთვისაც ეს მეორე გაფრთხილება იყო.

ამ ჯგუფში ბოლო ტურში გაირკვევა, რომელი გუნდი გადავა ევროპალიგაზე გალათასარაი თუ ბრიუგე და რომელი დაემშვიდობება ევროთასებს.

ლოკომოტივი 0:2 ლევერკუზენი

გოლები: 0:1 ჟემალეტდინოვი (11 ავტოგოლი), 0:2 ს. ბენდერი (54)

გალათასარაი 1:1 ბრიუგე

გოლები: 1:0 ბუიუქი (11), 1:1 დიატა (90+2) 

კომენტარები

ბოლო ამბები