Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგაში ბევრი დაუვიწყარი მატჩი გვინახავს
  • ეს 5 შეხვედრა განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა

ჩემპიონთა ლიგის მოგება საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევა. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ახსოვს. გთავაზობთ TOP 5 გამორჩეულ თამაშს ჩემპიონთა ლიგის ისტორიიდან.

ლივერპული 4:0 ბარსელონა (2018/19)

ლივერულმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა

ლივერპულისა და ბარსელონას დაპირისპირებას ყველა დიდი ინტერესით ელოდა. რას იზამდნენ იურგენ კლოპის გაწვრთნილი მერსისაიდელები მრისხანე კარტალონიელების წინააღმდეგ? ასევე ყველა ელოდა მესისა და იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფი ვირჯილ ვან დაიკის დაპირისპირებას. პირველი შეხვედრა ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 3:0 იმარჯვა და მეორე თამაშის წინ, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა. 

“ენფილდზე” ლივერპულმა ესპანურ გრანდს სასწაული ატმოსფერო შესთავაზა და ორიჯისა და ვეინალდუმის დუბლებით 4:0 დაამარცხა. განსაკუთრებული გამოვიდა მეოთხე გოლი. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა კატალონიელების უყურადღებობით ისარგებლა, კუთხური მოულოდნელად მოაწოდა და ორიჯის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გოლი გაატანინა.

გოლები: 1:0 ორიჯი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიჯი (79)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი (46. ვეინალდუმი) - ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი - შაჩირი (90. სტარიჯი), ორიჯი (85. გომეზი), მანე.

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა - ვიდალი (75. არტური), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (80. მალკომი), კოუტინიო (60. სემედო) - მესი, სუარესი.

მილანი 4:0 ბარსელონა (1993/94)

მე-4 გოლი მარსელ დესაიმ გაიტანა

“თქვენ უკეთესები ხართ, ვიდრე ისინი, მოედანზე გამარჯვების გამო გადიხართ” - უთხრა მატჩამდე კატალონიური გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა თავის მოთამაშეებს. ბარსას ორი წლით ადრე მოგებული ჰქონდა აღნიშნული ტურნირი. ასევე ესპანურ გრანდს ზედიზედ ოთხჯერ ჰქონდა მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი.

“გვეგონა, რომ ყველაფერი მარტივი იყო. ვფიქრობდით, რომ თუ 60-70 პროცენტით ვითამაშებდით, გამარჯვებას მაინც მოვიპოვებდით,” - განაცხადა ბარსას მარჯვენა განაპირა მცველმა ალბერტ ფერერმა.

ბარსელონას ცენტრალური მცველი ანხელ ნადალი მიიჩნევდა, რომ მათ მოგება გარანტირებული ჰქონდათ - იმის ფონზე, რომ მათ უძლიერესი ფორვარდები, რომარიო და სტოიჩკოვი ჰყავდათ. თუმცა ასე არ ფიქრობდა მილანის მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, რომელიც მშვიდად იყო, რადგან კრუიფმა ლაუდრუპი არ აირჩია (უეფას უცხოელ მოთამაშეებზე შეზღუდვის გამო) და ფინალი მის გარეშე ჩატარდებოდა. იტალიურმა კლუბმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ორი უპასუხო გოლი გაიტანეს მეორე ტაიმშიც და საბოლოოდ, მათ ბარსელონა, მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის თასი დაისაკუთრეს.

გოლები: 1:0 მასარო (22), 2:0 მასარო (45+2), 3:0 სავიჩევიჩი (47), 4:0 დესაი (58)

მილანი (4-4-1-1): როსი - ტასოტი, გალი, მალდინი (83. ნავა), პანუჩი - ბობანი, ალბერტინი, დესაი, დონადონი - სავიჩევიჩი - მასარო.

ბარსელონა (4-3-3): სუბისარეტა - ფერერი, კუმანი, ნადალი, სერხი (71. ესტებარანსი) - ამორი, გვარდიოლა, ბაკერო - რომარიო, სტოიჩკოვი, ბეგირისტაინი (51. ეუსებიო).

მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ბაიერნი (1998/99)

იუნაიტედმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო

1998-99 წლების ფინალი ბარსელონაში გაიმართა. “ნოუ კამპზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი მატჩი იხილა. მანჩესტერისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო. მეექვსე წუთზე, მარიო ბასლერმა საჯარიმო დარტყმით გერმანელები დააწინაურა. 

ფერგის ბიჭებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, ამიტომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა მოედანზე 67-ე წუთზე ჯერ ტედი შერინგემი შეუშვა, 81-ე წუთზე კი - ოლე გუნარ სულშერი. შეცვლებმა გაამართლა. მსაჯის მირე დამატებულ დროში შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა და იუნაიტედს იმედი დაუბრუნა. დამატებითი დრო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა გოლიდან სულ მალე, “წითელმა ეშმაკებმა” კუთხური მოიპოვეს, რომლის შემდეგაც, სულშერმა, რომელიც ახლა იუნაიტედის მთავარი მწვრთნელია, მიუნხენელების კარი აიღო და ინგლისელებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ნორვეგიელი გოლის აღნიშვნის დროს მუხლებზე გასრიალდა და ყვირილი დაიწყო, მისი ხმა ლეგენდარულმა იტალიელმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ ლომის ღრიალს შეადარა.

გოლები: 0:1 ბასლერი (6), 1:1 შერინგემი (90+1), 2:1 სულშერი (90+3)

იუნაიტედი (4-4-2): შმაიხელი - ნევილი, იანსენი, სტამი, ირვინი - ბექჰემი, ბატი, ბლომკვისტი (67. შერინგემი), გიგზი - იორკი, კოული (81. სულშერი).

ბაიერნი (5-2-3): კანი - ბაბელი, ლინკე, მათეუსი (80. ფინკი), კუფური, ტარნატი - ეფენბერგი, იერემისი - ბასლერი (87. სალიჰამიჯიჩი), იანკერი, ციკლერი (71. შოლი).

ბარსელონა 6:1 პსჟ (2016/17)

ბარსელონა პირველი გუნდია, რომელმაც ლიგაზე 4 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

“ეს არის სპორტი გიჟი ხალხისთვის, ტირილი მინდა, თუმცა ცრემლები არ მომდის,” - თქვა მაშინ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. 

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გუნდს ამხელა ჩამორჩენა ამოექაჩა და მომდევნო ეტაპზე გასულიყო. იმედი თითქმის გადაწურული იყო, თუმცა საფეხბურთო სამყარო რაღაც განსაკუთრებულს ელოდა.

საპასუხო შეხვედრაში ბარსამ ლუის სუარესის გოლის წყალობით მალევე, მესამე წუთზე შეძლო დაწინაურება. ტაიმის ბოლოს კურზავამ თავის კარში გაიტანა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. ლიონელ მესიმ 50-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით მესამე გოლი გაიტანა. კატალონიელებს დასახული მიზნის შესრულებამდე ცოტაღა აკლდებოდათ, როდესაც ედინსონ კავანიმ, 62-ე წუთზე, ესპანელების კარი აიღო და ფაქტიურად მათ იმედები მოუკლა. ლუის ენრიკეს გუნდს უმოკლეს დროში კიდევ 3 გოლი უნდა გაეტანა. თითქოს ყველაფერი დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა გაირკვა, თუმცა ამ დროს ბარსელონა არ გატყდა, ნეიმარის დუბლითა და სერხი რობერტოს გოლის წყალობით, პსჟ 6:1 დაამარცხა და ისტორიაში ყველაზე დიდი 'ქამბექი' შემოგვთავაზა.

გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40. ავტო-გოლი), 3:0 მესი (50-პენ), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88) 5:1 ნეიმარი (90+1-პენ) 6:1 სერხი რობერტო (90+5)

ბარსელონა (3-1-4-2): ტერ-შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - ბუსკეტსი - რაფინია (76. რობერტო), ნეიმარი, რაკიტიჩი (84. გომესი), ინიესტა (65. თურანი) - მესი, სუარესი.

პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90+3. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი.

მილანი 3:3 (2-3 პენ) ლივერპული (2004/05)

ბოლო პენალტი ანდრეი შევჩენკომ ვერ გაიტანა

მილანს იმ სეზონში განსაკუთრებული მოთამაშეები ჰყავდა: მალდინი, პირლო, ნესტა, შევჩენკო, გატუზო, ზეედორფი და ა.შ. იტალიური კლუბი უფრო ერთიანი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ლივერპული. მერსისაიდელებმა 2004-05 წლების პრემიერლიგის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონ ჩელსის 37 ქულით ჩამორჩნენ. ერთი შეხედვით, ფავორიტი მილანი იყო.

იტალიურმა კლუბმა, სტამბულში ჩატარებული ფინალის პირველივე წუთზე შეძლო გოლის გატანა. მეტოქის კარი პაოლო მალდინიმ აიღო. ტაიმის ბოლოსკენ, 5-წუთიან მონაკვეთში, ერნან კრესპომ დუბლი შეასრულა (39, 44) და მილანელებს ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოაგებინა.

მეორე ტაიმში სახეცვლილი ლივერპული ვიხილეთ. გუნდის მებრძოლი ხასიათის წყალობით, ინგლისელებმა 6-წუთიან მონაკვეთში სასწაული მოახდინეს და სტივენ ჯერარდის, ვლადიმირ შმიცერისა და ჩაბი ალონსოს გოლებით, შეხვედრა გადაარჩინეს და თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანეს. გადამწყვეტი პენალტი ანდრეი შევჩენკომ გააცუდა.

ბევრისთვის ეს მატჩი არამარტო ჩემპიონთა ლიგის, არამედ ყველა დროის საუკეთესო შეხვედრაა ფეხბურთის ისტორიაში.   

გოლები: 1:0 მალდინი (1), 2:0 კრესპო (39), 3:0 კრესპო (44), 3:1 ჯერარდი (54), 3:2 შმიცერი (56), 3:3 ჩაბი ალონსო (60)

მილანი (4-3-1-2): დიდა - კაფუ, სტამი, ნესტა, მალდინი - გატუზო (112. რუი კოშტა), პირლო, ზეედორფი (86. სერჟინიო) - კაკა - შევჩენკო, კრესპო (85. ტომასონი)

ლივერპული (4-2-3-1): დუდეკი - ფინანი (46. ჰამანი), კარაგერი, ჰიიპია, ტრაორე - ჩაბი ალონსო, ჯერარდი - ლუის გარსია, კიუელი (23. შმიცერი), რიისე - ბაროში (85. სისე).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები