Thumbnail
  • 📅 28 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽  ბარსელონა V დორტმუნდი | 📺 SILK UNIVERSAL
  • გამარჯვებული პლეი ოფშია, ბარსა, შესაძლოა, მოგების გარეშეც გავიდეს

F ჯგუფში ბარსელონა ძალიან ახლოსაა მიზანთან - "კამპ ნოუზე" დორტმუნდთან გამარჯვების შემთხვევაში, ერნესტო ვალვერდეს გუნდი პირველი ადგილით გადის პლეი ოფში. თუმცა კატალონიელებს სხვა ვარიანტებიც აქვთ: 

1. თუ მეორე მატჩში (სლავია V ინტერი) ფრე დაფიქსირდება, ბარსელონას დორტმუნდთან ფრეც ყოფნის საგზურის მოსაპოვებლად. 

2. ბარსამ, რომც წააგოს გავა, თუ სლავია ინტერს დაამარცხებს.

თავის მხრივ, "კამპ ნოუზე" მოგებული თუ დორტმუნდი დარჩება, გერმანული კლუბი პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. მოკლედ, "კამპ ნოუზე" ჯგუფის გადამწყვეტი თამაშია.

პირველ წრეში ამ გუნდებმა "სიგნალ იდუნა პარკზე" 0:0 ითამაშეს, რაც მთლიანად მარკ ანდრე ტერ შტეგენის დამსახურებაა - გერმანელმა თანამემამულეებს პენალტი არ გაატანინა, მარკო როისის დარტყმა მოიგერია. 

ბარსელონა

ერნესტო ვალვერდეს ჟერარდ პიკეს გარეშე მოუწევს თამაში - ვეტერანი მცველი დისკვალიფიცირებულია. ასე რომ, დაცვის ცენტრში ფრანგულ წყვილს (ლონგლე-უმტიტი) ვიხილავთ, თუ ორივე დროულად მოირჩენს მცირე ტრავმებს. საეჭვოა ჟორდი ალბას თამაში, დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგზე ბრაზილიელ ჟუნიორ ფირპოს ვიხილავთ. მარჯვენა ფლანგზე კი სემედუს თამაშია საეჭვო. იქ სერხი რობერტო ითამაშებს. 

ლეო მესი მე-700 მატჩს ითამაშებს

ვალვერდემ უნდა გადაწყვიტოს, ითამაშებს კვლავ 4 შემტევით (როგორც ლა ლიგის ბოლო ტურში), თუ 4-3-3-ს დაუბრუნდება. ფაქტია, მესის, სუარესის, გრიზმანისა და დემბელეს ერთად დაყენებამ ლეგანესთანაც კი არ იმუშავა. ამ ოთხეულიდან ერთს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს გადანაცვლება და ის ერთი მესი არ იქნება.   

დორტმუნდი

დორტმუნდის მთავარი დანაკლისი პაკო ალკასერია, ფორვარდი სამშობლოში ვერ ითამაშებს. ასე რომ, გერმანელები კვლავ მარიო გიოტცეს იმედად უნდა იყვნენ. 

დორტმუნდში ბარსა ტერ შტეგენმა იხსნა

ფავრმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში აზარი, ბრანდტი და ჰაკიმი სკამზე გადასვა, ახლა ეს ტრიო ძირითადში დაბრუნდება. დაცვის მარცხენა ფრთაზე კონკურენცია რაფაელ გერეიროსა და ნიკო შულცს აქვთ. თომას დელეინისა და მარსელ შმელცერის თამაში გამორიცხულია, იაკობ ბრუნ ლარსენის - საეჭვო.

მატჩის წინ

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ხვალ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ბარსელონა ძლიერი მეტოქეა. შინ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, კარგი პრესინგიც ვითამაშეთ და დაცვაც. ხვალაც დაახლოებით ასე უნდა ვითამაშოთ. 

მარკო როისი (დორტმუნდი): "ბარსელონას ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავს. საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ და ვიყოთ მამაცები თავიდან ბოლომდე. ბევრი ჩემი გუნდელისთვის ეს პირველი თამაშია ბარსელონაში. ეს არის ფანტასტიკური ქალაქი და დიდი კლუბი. ამაზე უკეთეს ადგილას მოგება, როგორ უნდა ინატრო?"

მარკო როისი მოგებაზე ოცნებობს

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია სატურნირო თვალსაზრისით, როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის. თუ მოვიგებთ, ჯგუფსაც მოვიგებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვსურს. შინ ძალიან ძლიერად ვთამაშობთ, ეს ჩვენი პლუსია, თუმცა დორტმუნდის დაუფასებლობა არ შეიძლება.

საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად არის შანსების შექმნა და მეტოქისთვის შანსების შექმნის წინააღმდეგ გამკლავება. ჩვენი სტილით უნდა მოვიგოთ თამაში". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 დაპირისპირებიდან 14 არ წაუგია.

⚽ ურთიერთდაპირისპირბებეში (3 თამაში) ბარსამ 1 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა (3:1 ბურთები).

⚽ ლიონელ მესი ბარსელონას მაისურით მე-700 მატჩს ითამაშებს.

⚽ უსმან დემბელეს დორტმუნდის მაისურით 32 მატჩში 6 გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი.

⚽ ბარსელონამ ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (ლევანტესთან).

⚽ ბარსა "კამპ ნოუზე" 28 მატჩია, რაც დაუმარცხებელია - 24 გამარჯვება, 4 ფრე

⚽ ლიონელ მესიმ ბოლო 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, ლონგლე, უმტიტი, ფირპო - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, არტური - მესი, სუარესი, დემბელე

დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ვიტსელი, სანჩო, როისი, ბრანდტი, თ. აზარი - გიოტცე

კომენტარები

ბოლო ამბები