Thumbnail

'ორი წლის შემდეგ მე წავალ, შენ ჩემს ადგილს დაიკავებ' - რას წერდა მესი ნეიმარს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რა მისწერა ბარსელონას კაპიტანმა ლივერპულთან წაგების შემდეგ ნეიმარს
  • არგენტინელი თავდამსხმელი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ურჩევდა

ახლახან ფრანგულ მედიაში ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმოწერა გასაჯაროვდა, რომელიც გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალში, ლივერპულთან ბარსელონას მარცხისა (0:4) და ტურნირიდან ამ უკანასკნელის გამოვარდნის შემდეგ შედგა. 
 
France Football-ის ცნობით, ბარსელონას კაპიტანმა "ენფილდზე" გამართული შეხვედრის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელს მისწერა: 

"მხოლოდ ერთად შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მინდა, რომ დაბრუნდე. ორი წლის შემდეგ მე წავალ, შენ კი დარჩები და ჩემს ადგილს დაიკავებ".

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2015 წელს მოიგო - მესისა და ნეიმართან ერთად

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, რის შემდეგაც პარიზულ კლუბში რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. როგორც ჩანს, 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით ინანა ეს ნაბიჯი და კატალონიურ კლუბში დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. მედიაში დაიწერა, რომ ნეიმარის დაბრუნებით გასულ ზაფხულს ბარსელონაც იყო დაინტერესებული, თუმცა პსჟ-ის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.

ფრანგულ მედიაში ასევე დაიწერა, რომ ნეიმარს პსჟ-ში დარჩენის გადაწყვეტილება თანაგუნდელებმა, კილიამ მბაპემ და მარკო ვერატიმ მიაღებინეს, რომლებთანაც ბრაზილიელს გუნდში ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს.

ნეიმარის კარიერა პარიზში ისე ვერ აეწყო, როგორც თავად ფეხბურთელს სურდა

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალში შინ ლივერპულს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, თუმცა სტუმრად საპასუხო შეხვედრაში ანგარიშით 0:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ბოლოს ლიონელ მესიმ ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში 2014/15 წლების სეზონში გაიმარჯვა. მაშინ კატალონიურ გრანდში ლიონელ მესისთან ერთად, ნეიმარიც გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები