Thumbnail

NBA | 50 ქულა! იანისის სერია გრძელდება, მილუოკი შეუჩერებელია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო, მაგრამ ეს ადვილი გამარჯვება არ ყოფილა. მილუოკიმ იუტა 122:118 დაამარცხა და ეს ფაქტობრივად, მხოლოდ რეგულარული სზონის მოქმედი MVP-ის, იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა, რომელმაც ჯაზს 50 ქულა ჩაუგდო. Greek Freak-მა 14 მოხსნაც მიითვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ მე-17 ორმაგი დუბლი შეასრულა. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მის გუნდს თითოეული ეს ქულა სჭირდებოდა.

📺 ვიდეო: იანისის 50 ქულა იუტა ჯაზთან 

პირველ ტაიმში ჯაზი უკეთესი გუნდი იყო - მიუხედავად იმისა, რომ რუდი გობერი არ ჰყავდა, იუტა დიდ შესვენებაზე 57:48-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი უპირატესობა მილუოკისკენ გადავიდა. ბაქსიდან, იანისის შემდეგ საუკეთესო უესლი მეტიუზი გახლდათ - მან 19 ქულა დააგროვა.

საფინალო სირენამდე 1:24 წუთით ადრე მილუოკი 7 ქულით იგებდა და თამაშიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ბოლო წამებზე იუტამ ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა.

ბოიან ბოგდანოვიჩმა (24 ქულა) სამიანი ჩააგდო, მერე დონოვან მიტჩელმა (20) ლეი-აპი გააკეთა და ბაქსის უპირატესობაც 2 ქულამდე შემცირდა. მასპინძელთა არაზუსტი სროლის შემდეგ ჯაზს ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბრუკ ლოპესმა მიტჩელი მატჩის დასრულებამდე 4,4 წამით ადრე დაბლოკა.

ამრიგად, მილუოკის რევანში შედგა. საქმე ისაა, რომ იანისს და კომპანიას 8 ნოემბრის შემდეგ აღარ წაუგიათ და მაშინაც, სწორედ იუტასთან დამარცხდნენ.

იანისის ორმაგი დუბლების სერია კი, სეზონის სტარტზე, ყველაზე გრძელი სერიაა ბილ უოლტონის (34) შემდეგ (1976/77 წლების სეზონი). ამასთან, ეს მის კარიერაში მეორე 50-ქულიანი თამაში გამოვიდა.

📺 ვიდეო: მილუოკი 122:118 იუტა (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები