Thumbnail

'ეს კარგია იტალიური ფეხბურთისთვის' - მარჩელო ლიპი იუვე-ინტერის დუელზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 71 წლის სპეციალისტმა სერია A-ში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა
  • იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცს იუვენტუსისა და ინტერის დუელი მოსწონს
  • მარჩელო ლიპის მოლოდინი მხოლოდ ნაპოლიმ ვერ გაამართლა 

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში გაჩაღებულ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. 71 წლის სპეციალისტი ვარაუდობს, რომ იუვენტუსსა და ინტერს შორის სკუდეტოსთვის ბრძოლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

"ძალიან კარგია, რომ ჩემპიობისთვის იუვენტუსი და ინტერი იბრძვიან. ეჭვგარეშეა, რომ ამან სეზონის დასაწყისი გაცილებით საინტერესო გახადა. ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

აგვისტოში ვფიქრობდი, რომ მარათონში სამი გუნდი იქნებოდა ჩაბმული, მაგრამ ნაპოლი ჩამორჩა და ახლა სხვაობის გაბათილება გაუჭირდება. ანჩელოტი კარგი მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოაკეთებს გუნდს, მაგრამ ამ რთული პერიოდის დაძლევის შემთხვევაშიც, ჩამორჩენა საკმაოდ დიდი იქნება.

ამ სეზონში ჩემპიონის ვინაობა უფრო ძნელად გამოსაცნობია, ვიდრე წინა წლებში და ეს კარგია იტალიური ფეხბურთისთვის", - ამბობს ლიპი იტალიურ მედიასთან.

იუვემ ინტერს პირველ წრეში სტუმრად მილანში იგუაინის გოლით მოუგო - 2:1

სერია A-ში გასული 13 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ტურინელებს ქულით ჩამორჩება მილანის ინტერი, ნაპოლი კი 20 ქულით მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზეა.

მარჩელო ლიპი, რომელმაც იტალიის ნაკრებს 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოაპოვებინა, ხოლო იუვენტუსს 5 სკუდეტოსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა (1995/96 წლებში), ბოლოს ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები