Thumbnail

როგორ იქცა დევისის თასი პიკეს თასად - ფორმატი, რომელიც არ ამართლებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დევისის თასის ახალმა ფორმატმა არ გაამართლა
  • ტურნირი ცუდ დროს, სეზონის ბოლოს არის დაგეგმილი
  • დასწრება ორჯერ შემცირდა
  • ცუდი ორგანიზაციის გამო, თამაშები გათენებამდე გრძელდებოდა

კვირას ახალი დევისის თასის პირველი გათამაშება დასრულდა. დასრულდა ლამაზად, რადგან მასპინძელმა და ფავორიტმა, რაფა ნადალის ესპანეთის ნაკრებმა ემოციური გულშემატკივრობის ფონზე გაიმარჯვა. თუმცა, თუ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით ტურნირის ახალ ფორმატსა და მის მსვლელობას, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ახალი დევისის თასი გულშემატკივარს კარგს ბევრს არაფერს პირდება.

დევისის თასის ჩატარების უფლება ჟერარდ პიკეს საორგანიზაციო კომპანიამ მოიპოვა. პიკეს და მის პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ ტურნირის ფორმატის ცვლილება მათ დევისის თასის მომგებიან ბიზნეს-პროდუქტად ქცევის საშუალებას მისცემს. საორგანიზაციო თვალსაზრისით, პირველი ტურნირი არ გამოვიდა.

ცუდ დროს დაგეგმილი ტურნირი

პირველი ცვლილება დევისის თასის ხანგრძლივობას შეეხო - ადრე ეს ტურნირი მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა კი ნეიტრალურ ქვეყანაში, ერთი კვირის განმავლობაში ტარდება. მოკლე და კომპაქტურ ტურნირს ის პლუსი აქვს, რომ მეტი შანსია, უპირველესი ვარსკლავები მიიზიდოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტურნირი საჩოგბურთო სეზონის მიწურულს, ნოემბერში ტარდება (სხვა თავისუფალი დრო ორგანიზატორებმა უბრალოდ ვერ იპოვეს), ტრავმებისა და გადაღლილობის ფონზე, ჩოგბურთის მთავარ ვარსკვლავებს ნაკლები მოტივაცია უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ ავსტრალიის ღია პირველობა (და ახალი სეზონი) სულ რაღაც თვენახევარში იწყება.

ახალი ფორმატის პირველი ტურნირის წინ, ორგანიზატორებმა რამდენიმე დიდ ვარსკვლავს (მათ შორის ჯოკოვიჩს და ნადალს) მონაწილეობისთვის სპეციალური ბონუსი გადაუხადეს. თუმცა, რამდენად შეძლებს ახალი დევისის თასი წლიდან წლამდე დიდი ვარსკვლავების მოზიდვას, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. პირველ ტურნირზე, პირველი ოცეულიდან მხოლოდ ნახევარმა მიიღო მონაწილეობა.

ცუდი ორგანიზაცია და გადატვირთული გრაფიკი

ახალი ფორმატით, ერთი კვირის განმავლობაში, ორგანიზატორებს 25 გუნდური შეხვედრის ჩატარება უწევდათ, რომელთაგან თითოეული სამი 3-სეტიანი მატჩისგან შედგებოდა. ეს 75 შეხვედრას ნიშნავს. გამოვიდა ისე, რომ მეორე და მესამე დღეს თითოეულ კორტზე 6 შეხვედრა იყო დანიშნული და მატჩები გვიან ღამემდე იწელებოდა. მაგალითად, სამშაბათს, რუსეთმა და ესპანეთმა შეხვედრა ღამის 2 საათზე (01.50) დაასრულეს, იტალიამ და ამერიკამ კი, ფაქტობრივად, გათენებამდე (04.04) ითამაშეს.

გადატვირთული გრაფიკის გამო, გუნდებს ერთი სული ჰქონდათ, რომ რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ თამაში. მაგალითად, კანადამ ამერიკას ერთეულთა ორი შეხვედრა მოუგო და წყვილთა თამაშზე უბრალოდ აღარ გამოცხადდა. ავსტრალიას ბელგიასთან მატჩის დაწყება 00:20-ზე უწევდა, მეორე დღეს კი მეოთხედფინალი ჰქონდა. ავსტრალიელები გამოვიდნენ, ერთი გეიმი ითამაშეს და შემდეგ მოიხსნენ - პლეი ოფის წინ გვიანობამდე თამაში უბრალოდ არ უღირდათ.

მაყურებელი ორჯერ შემცირდა

თუ თქვენ მხოლოდ ფინალი ნახეთ და ტურნირზე ამის მიხედვით მიიღეთ შთაბეჭდილება, ძალიან ცდებით. ორგანიზატორებმა პირველი ტურნირი სპეციალურად დაგეგმეს ესპანეთში, სადაც გულშემატკივრობის დიდი ტრადიციაა. რეალურად,  მასპინძელი ესპანეთის გარდა, ყველა სხვა ნაკრები ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშობდა. 

დევისის თასის ძველ ფორმატს მთავარი ხიბლი ის ჰქონდა, რომ ეს ქვეყნებს შორის ტურნირი იყო, რომლის დროსაც, მასპინძელ მხარეს გულშემატკივრობა გარანტირებული ჰქონდა. ახლა კი მასპინძელი ქვეყანა მხოლოდ ერთია - ესპანეთის თამაშებზე ტრიბუნები ივსებოდა, თუმცა მაგალითად გერმანია-ჩილეზე 3 500 ბილეთიდან მხოლოდ 1 800 გაიყიდა. არადა, ეს თამაში გერმანიაში, ან ჩილეში რომ ჩატარებულიყო, მასპინძელი მხარე 10 000-იან კორტს თავისუფლად გაავსებდა.

ნახევრად ცარიელი ტრიბუნები აშშ-კანადის წინ

ამ თემაზე ამერიკა-კანადის შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ნაკრების პრეს-სამსახურმა შენიშნა: "ძველი ფორმატით ეს თამაში ტორონტოში 20 000-იან, სავსე კორტზე შედგებოდა, ახლა კი რამდენიმე ასეული კაცი დაესწრო." საერთო ჯამში, დასწრება ახალ ტურნირზე ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ძველი ფორმატის დროს.

გამოუცდელი ორგანიზატორები

პიკეს კომპანიისთვის მსგავსი ტურნირების ორგანიზება ახალი გამოცდილებაა და ლოგიკურია, რომ მათ ბევრი პატარა შეცდომა დაუშვეს. ის ჟურნალისტები, რომლებიც ტურნირს ადგილზე აშუქებდნენ, ამაზე ბევრს წერდნენ. მაგალითად, ბილეთების სკანირებით კონტროლი გასვლისას ხდებოდა, რაც რიგებს წარმოშობდა. ტრანსფერი სასტუმროსა და კორტებს შორის მხოლოდ დილას და გვიან ღამე, მატჩების დასრულების შემდეგ იყო, ტურნირის ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობდა.

პიკეს კომპანიას შემდეგ წლებში ტუნრირისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის ვალდებულება აქვს - ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პიკეს და მის ჯგუფს ტურნირის ფორმატის შეცვლა კიდევ მოუწევთ. დიდი სლემების ფონზე ახალი დევისის თასი არცთუ ისე კარგად გამოიყურება.

კომენტარები

ბოლო ამბები