Thumbnail

არსენალმა ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო - კანდიდატი სამია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საუთჰემპტონთან ფრის შემდეგ, არსენალში მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ
  • 48 წლის ესპანელი სპეციალისტის იმედი გუნდის ფეხბურთელებმაც დაკარგეს
  • ბრიტანულ მედიაში სამი სავარაუდო კანდიდატი დაასახელეს

ლონდონის არსენალის ფეხბურთელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის იმედი დაკარგეს და ეჭვობენ, რომ 48 წლის ესპანელი სპეციალისტი "მეთოფეებს" სეზონს გადაურჩენს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ემერი განსაკუთრებულ წნეხში, აუტსაიდერ საუთჰემპტონთან მორიგი არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ მოექცა და გუნდში სულ უფრო ბევრს საუბრობენ მწვრთნელის შეცვლის საჭიროებაზე.

პრემიერლიგის მე-13 ტურში არსენალმა საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რის შემდეგაც გუნდის მოუგებელი სერია ჩემპიონატში უკვე 5 მატჩს შეადგენს.

როგორც ირკვევა, არსენალის ფეხბურთელები უკმაყოფილო ემერის ტაქტიკითა და ინსტრუქციებით არიან და მართალია, ესპანელ სპეციალისტს გასახდელში მხარდამჭერები ჯერ კიდევ ჰყავს, მაგრამ მათი რიცხვი სულ უფრო მცირდება.

ლაკაზეტი არსენალთან კონტრაქტის გახანაგრძლივებას არ ჩქარობს

თუკი ლონდონის არსენალი მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება, კლუბს ძალიან გაუჭირდება ალექსანდრ ლაკაზეტისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნება. კლუბი ორივე თავდამსხმელთან იმედოვნებდა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას, მაგრამ ამ მიმართულებით პროგრესი არ შეიმჩნევა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ჩემპიონთა ლიგაში არსენალის მოხვედრის დაბალი ალბათობაა.
 
მედიაში ასევე წერენ, რომ საუთჰემპტონთან თამაშის შემდეგ კლუბში უკვე დაიწყეს უნაი ემერის შემცვლელზე ფიქრი. მედია მეთოფეთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატებად მასიმილიანო ალეგრის, მიკელ არტეტასა და მაურისიო პოჩეტინოს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი სულ ახლახან ტოტენჰემიდან გაუშვეს.

არგენტინელი სპეციალისტი ჯერჯერობით უმუშევარია

 
როგორც ირკვევა, არსენალის ხელმძღვანელობა უნაი ემერის ვითარების გამოსასწორებლად გარკვეულ დროს მისცემს.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 13 ტურის შემდეგ, ლონდონის არსენალს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს უნაი ემერის შეგირდები 1-ელ დეკემბერს, სტუმრად ნორვიჩთან ჩაატარებენ.

ესპანელი სპეციალისტი ლონდონის არსენალს 2018 წლის მაისიდან წვრთნის. სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის ფინალში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები