Thumbnail

ჩოგბურთი ეკვატორზე – ფედერერმა ზვერევს კიტოშიც მოუგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შვეიცარიელმა და გერმანელმა 14 ათასი მაყურებლის თვალწინ ითამაშეს
  • როჯერ ფედერერმა ალექსანდრ ზვერევს 4-დან 3 მატჩში აჯობა

როჯერ ფედერერმა და ალექსანდრ ზვერევმა მოკლე პერიოდში მე-4 საჩვენებელი მატჩი ჩაატარეს. თამაში ამჯერად ეკვადორის დედაქალაქში შედგა და შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა საკმაოდ იოლად – 6:3, 6:4 მოიგო.

მატჩი, რომელსაც კიტოში მდებარე Coliseo General Rumiñahui-მ უმასპინძლა, 14 ათასი ადამიანი დაესწრო და ეს ანშლაგი გახლდათ.

38 წლის ფედერერი და 22 წლის გერმანელი ეკვადორს კვირას ესტუმრნენ და ზუსტად ეკვატორზე მდებარე მონუმენტი La Mitad del Mundo მოინახულეს.

თამაშის ორგანიზატორებს იქ მცირე ზომის ბადე ჰქონდათ გაჭიმული და ჩოგბურთელებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს. ისე გამოვიდა, რომ შვეიცარიელი გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იმყოფებოდა, ხოლო გერმანელი – სამხრეთში.

იქვე იმყოფებოდა კიტოს მერი ხორხე იუნდაც, რომელმაც ფედერერს ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა, ხოლო ზვერევის სახელზე ხე დარგო.

ლათინურ ამერიკაში გამართული 4 მატჩიდან სამში გამარჯვება როჯერმა მოიპოვა, კიდევ ერთი შეხვედრა კი ჩილეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, იქ არსებული არეულობის გამო, თამაში ჩაიშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები