Thumbnail
  • სფფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა
  • კობიაშვილის თქმით, მწვრთნელის მიმართ ინტერესი არის და ეს ნორმალურია 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის კონტრაქტზე ისაუბრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკი სპეციალისტის მიწვევით რუსეთისა და ყაზახეთის კლუბები ინტერესდებიან.

მეტი ამ თემაზე: ვაისი შესაძლოა წავიდეს - საქართველოს ნაკრების თავკაცის რუსული ვარიანტი

"კონტრაქტით, ზუსტად მარტის თამაშებამდე ვლადიმირ ვაისი ოფიციალურად ჩვენი მთავარი მწვრთნელია, სხვას ვერაფერს გეტყვით. ის, რომ მედიაში ყოველთვის იწერება ვიღაცის ინტერესებზე, ახალი არ არის - კარგი მწვრთნელია და იმიტომ ინტერესდებიან. შესაბამისად, ეს თემა ჩვენთვის დახურულია - მწვრთნელს აქვს კონტრაქტი და ვემზადებით მარტის თამაშებისთვის", - განაცხადა კობიაშვილმა. 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს მიიღებს. 

ლევან კობიაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართოს, რომლის მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

"ეს ისეთი თამაშია, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება დასწრების სურვილი, ვიდრე 50-იანი "დინამო არენა" დაიტევს. გასაგებია ისიც, რომ 20 ათასსა და 50 ათასს შორის განსხვავება არის და ეს თემა ჯერჯერობით ისევ ღიაა. სტადიონი ჯერ მშენებლობის პროცესშია და დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ  ამ პერიოდისთვის ბათუმის სტადიონი მზად იქნება და უეფასგანაც დაგვჭირდება თანხმობა. იდეალური იქნება, თუ პლეი ოფის ერთ მატჩს ბათუმში ჩავატარებთ, მეორეს - თბილისში", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა. 

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შენდება

კომენტარები

ბოლო ამბები