Thumbnail
  • ესპანურმა ლიგამ გიორგი შერმადინი კიდევ ერთხელ გამოარჩია
  • ქართველი კალათბურთელი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა 

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება – ესპანურმა ლიგამ გუშინ ქართველი ცენტრი მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელა, დღეს კი, ტურის რჩეულ ხუთ მოთამაშეს შორის შეიყვანა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ იბეროსტარ ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა თავი ბეტისთან მოგებულ მატჩში გამოიჩინა, როდესაც გუნდს 24 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რასაც ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა.

“შერმადინის სტატისტიკურ მაჩვენებლებში ერთი ფაქტორიც უნდა გამოვარჩიოთ. მან მოედანზე 31:57 წუთი გაატარა, რა დროშიც ტენერიფელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს, ხოლო იმ 8:03 წუთში, როდესაც გიორგი ისვენებდა, იბეროსტარმა 8 ქულით წააგო.

ნატახტარში დაბადებული ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეხუთედ აღიარეს. მას სარაგოსაში და უნიკახაშიც ნაყოფიერი პერიოდები აქვს გატარებული, თუმცა, საინტერესოა, რომ წინა ოთხივე შემთხვევაში, თავის გამოჩენა მორაბანკ ანდორას მაისურით მოახერხა, 2015-16 წლების სეზონის 30-ე ტურში და 2016-17 წლების სეზონში – მე-17, 25-ე და 32-ე ტურებში”, - წერს ACB.

ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ შერმადინი ტურის რჩეულთა შორისაც შეიყვანეს. ქართველ ლეგიონერს სიმბოლურ ხუთეულში ადგილი სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით ერგო, მის გარდა კი, ლიგამ სლოვენიელი კლემენ პრეპელიჩი (ხუფვენტუტი, 29 ქულა), ბრაზილიელები აუგუსტო ლიმა (ბურგოსი, 14 მოხსნა) და მარსელინიო უერტასი (ბასკონია, 15 პასი) და სენეგალელი მამადუ ნიანგი (ბეტისი, 4 დაფარება) დააფასა.

საინტერესოა ისიც, რომ შერმადინი ადგილს მყარად ინარჩუნებს ესპანეთის ჩემპიონატის სტატისტიკურ ლიდერებშიც, სადაც სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტის (24.20) მიხედვით მეორეა და მხოლოდ ბარსელონელ ნიკოლა მიროტიჩს (26.60) ჩამორჩება, ქულებში (18.50) კი მე-4 ადგილი უკავია.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ აღნიშნული მაჩვენებლების მხრივ, საუკეთესო ხუთეულებში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელიაც იმყოფება. ბასკონიას კაპიტანი სარგებლიანობის კოეფიციენტის (18.80) მხრივ მეოთხეა, ქულებში (18.30) კი – მეხუთე. 

კომენტარები

ბოლო ამბები