Thumbnail
  • ლივერპულის მთავარი მწვრთნელმა "ოქროს ბურთის" ნომინანტებზე ისაუბრა
  • ჯილდოს 30 ნომინანტს შორის კლოპის ფეხბურთელი, ვირჯილ ვან დაიკიცაა

ლივერპულის მთავარი მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ოქროს ბურთის" ნომინანტებზე ისაუბრა. დაჯილდოების ცერემონიალი ამ წლის დეკემბერში გაიმართება, ამ საფეხბურთო ჯილდოს მიღების მთავარ პრეტენდენტებად კი ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი და ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკი სახელდებიან.

კლოპმა და ვაინ დაიკმა ლუვერპულს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინეს

"თუკი "ოქროს ბურთს" ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა ვანიჭებდეთ, მაშინ მას მუდმივად ლიონელ მესი უნდა იღებდეს. მაგრამ თუკი ჯილდო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მივაკუთვნოთ, მაშინ ის ვირჯილ ვან დაიკს ეკუთვნის. არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია. ზოგადად, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელია, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე კი ვირჯილია. ვნახოთ", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

გასულ სეზონში ბარსელონას კაპიტანმა ოქროს ბუცი მოიგო

ფრანგული საფეხბურთო ჟურნალი "ფრანს ფუტბოლი" პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელს 1956 წლიდან მოყოლებული ასახელებს. 2019 წელს "ოქროს ბურთზე" წარდგენილი 30 ფეხბურთელისგან შემდგარი შორტ-ლისტი ოქტომბერში გამოქვეყნდა. გამარჯვებულს პარიზში, 2 დეკემბერს, გამოაცხადებენ.

მეტი ამ თემაზე: ლუკა მოდრიჩის გარეშე - ოქროს ბურთის 30 ნომინანტი ცნობილია

ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ჯილდო ყველზე მეტჯერ - 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბოლოს არგენტინელი "ოქროს ბურთის" მფლობელი 2015 წელს გახდა. მას შემდეგ ორჯერ კრიშტიანო რონალდომ გაიმარჯვა, შარშან კი ჯილდო მადრიდის რეალის ხორვატ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს მიაკუთვნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები