Thumbnail
  • აზარს კონტეს და სარის საწვრთნელი მეთოდები არ მოსწონს
  • ბელგიელი ზიდანთან მუშაობით კმაყოფილია
  • პარი სენ ჟერმენს მან რამდენჯერმე უარი უთხრა

ედენ აზარმა ფრანგულ 'ეკიპთან' ინტერვიუში თავისი ყოფილი მწვრთნელები გააკრიტიკა. მისი თქმით, ანტონიო კონტესთან და მაურიციო სარის ჩელსიში მუშაობა ძალიან მოსაწყენი იყო, განსაკუთრებით კი ბელგიელს მათი საწვრთნელი მეთოდები არ მოეწონა.

"როდესაც იტალიელებთან გიწევს საქმის დაჭერა, რაც მე უკვე სარისთან და კონტესთან გამოვცადე, ვარჯიშები ნაკლებად სასიამოვნოა," - აცხადებს აზარი.

ბელგიელი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, თუმცა მას, კარიერის მანძილზე, რამდენიმე მწვრთნელი (მოურინიო, კონტე) დაცვაში ართამაშისა და ტაქტიკური დავალებების არშესრულების გამო აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, აზარს უფრო თავისუფალ პირობებში თამაში მოსწონს. ამავე ინტერვიუში, მან ზინედინ ზიდანს ბევრი კომპლიმენტი უძღვნა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად საწვრთნელი პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ყველა ვარჯიში ბურთით ტარდება და უბურთოდ სირბილი მოთამაშეებს ნაკლებად უწევთ.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბელგიელმა აღიარა, რომ პარი სენ ჟერმენის წინადადებაზე რამდენჯერმე უარი უკვე თქვა, ხოლო ზიდანმა მას ჯერ კიდევ 2016 წელს შესთავაზა რეალში გადასვლა.

"პარიზელებმა წინადადებით რამდენჯერმე მომმართეს, თუმცა ლიგა 1-ში დაბრუნება არ მსურდა. თუ დავბრუნდები, მინდა, რომ მხოლოდ ჩემს ძველ გუნდში (ლილი) ვითამაშო." - დასძინა აზარმა.

ედენ აზარი საფეხბურთო ევროპამ ლილიდან გაიცნო

 

კომენტარები

ბოლო ამბები