Thumbnail

თუ ასე გააგრძელებს, ლუკა დონჩიჩი რეგულარული სეზონის MVP გახდება. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

ძალიან მაგარ ფორმაში მყოფმა სლოვენიელმა დალასს ზედიზედ მეხუთე თამაში მოაგებინა. ამ სერიაში დამარცხებულთა სიაში არიან მოქმედი ჩემპიონი ტორონტო, ექს-ჩემპიონი გოლდენ სტეიტი (ძალიან დასუსტებული, მაგრამ მაინც), გრეგ პოპოვიჩის სან ანტონიო, კლივლენდი და ახლა უკვე ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის ჰიუსტონიც.

ტექსასურ დუელში, რომელიც ჰიუსტონში გაიმართა, მავერიკსმა 137:123 მოიგო. დონჩიჩმა 41 ქულა ჩააგდო და ამასთან, 10 პასი, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა. ამ რიცხვების ფონზე მისი 6 დაკარგვის ხსენება აღარც კი ღირს. მის ვიზავის, ჯეიმს ჰარდენს, რომელიც აქამდე საშუალოდ 38 ქულას აკეთებდა, 32 ქულა, 11 პასა და 9 მოხსნა ჰქონდა. ეს თამაში მათი პირადი დუელი გახლდათ. ჰარდენს და დონჩიჩს თითქოს იმის გაგება სურდათ, მათ შორის ვინ უფრო უკეთ ისვრის ე.წ. “სტეპ-ბექ-სამიანებს”. პასუხი: ჰარდენმა 15 მცდელობიდან 2 სამქულიანი ჩააგდო, დონჩიჩმა - 14-დან 5.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის 41 ქულა და 10 პასი ჰიუსტონთან

16 თამაშის შემდეგ დალასს 11 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონში ჰიუსტონს ლიდერობა წაართვა. დასავლეთ კონფერენციაში მავერიკსი მე-4 ადგილზეა, როკეტსი კი - მეექვსეზე. ჰიუსტონისთვის, რომელსაც დაცვაში ყველა ფავორიტზე ცუდი შედეგი აქვს, ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო. ჰარდენმა 32 ქულა ჩააგდო (11 პასი, 9 მოხსნა), ვესტბრუკმა 27 ქულა, ხოლო კლინტ კაპელამ - 21 ქულა და 22 მოხსნა გააკეთა.

დალასის მომდევნო მატჩიც ძალიან საინტერესო იქნება: დონჩიჩი და კომპანია 27 ნოემბერს ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლებენ. ჰიუსტონი 28-ში მაიამი ჰიტს მიიღებს.

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 123:137 დალასი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები