Thumbnail
  • ფელიქს ოჟე-ალიასიმი 6:7 (3:7), 3:6 რობერტო ბაუტისტა-აგუტი
  • დენის შაპოვალოვი 3:6, 6:7 (7:9) რაფაელ ნადალი

ესპანეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახლებური ფორმატით გამართული დევისის თასის პირველი გამარჯვებული გახდა, საერთო ჯამში კი, პრესტიჟული ტურნირი მეექვსედ მოიგო.

სანაკრებო ტურნირი 18-24 ნოემბერს მადრიდში ჩატარდა. შეჯიბრის პირველ ეტაპზე 18 ნაკრები ექვს სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, ჯგუფების გამარჯვებულები და 2 საუკეთესო კი მეოთხედფინალში გავიდა და ბრძოლა პლეი-ოფში გააგრძელა.

ესპანელმა ჩოგბურთელებმა ჯგუფში რუსეთს და ხორვატიას აჯობეს, მეოთხედფინალში არგენტინა დაამარცხეს, ნახევარფინალში – დიდი ბრიტანეთი, ფინალში კი – კანადა.

გადამწყვეტ შერკინებაში სერხი ბრუგერას გუნდს პირველი ქულა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა მოუტანა, რომელმაც ფელიქს ოჟე-ალიასიმს 7:6 (7:3), 6:3 სძლია. აღსანიშნავია, რომ ბაუტისტა-აგუტს რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა, თუმცა, კორტზე გასვლაზე უარი არ უთქვამს.

2011 წლის შემდეგ, დევისის თასზე ესპანელთა პირველი გამარჯვება რაფაელ ნადალმა გააფორმა, რომელმაც დენის შაპოვალოვი 6:3, 7:6 (9:7) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნადალი და ნაკრების ვეტერანი წევრი ფელისიანო ლოპესი დევისის თასის მფლობელები მეხუთედ გახდნენ (2004, 2008, 2009, 2011, 2019), ბაუტისტა-აგუტი, პაბლო კარენო-ბუსტა და მარსელ გრანოლერსი კი ჯილდოს პირველად დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები