Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა ბეტისთან 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა
  • ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35 გახლდათ

30 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა და დიდი შანსია, მე-10 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდეს.

შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (37:23) ხარჯზე ბეტისი 94:89 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და თუკი დარჩენილ თამაშებში მისი შედეგი ვერავინ გააუმჯობესა, ტურის MVP-ს ტიტულსაც მიიღებს.

გიორგი შერმადინს საოცრად შედეგიანი მატჩი ჰქონდა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბრაზილიელი მარსელინიო უერტასის გარჯაც. ბრაზილიელმა ვეტერანმა ბევრი იშრომა და 12 ქულას 15 შედეგიანი პასი წაამატა.

იბეროსტარ ტენერიფეს 10 ტურში 6 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 1 დეკემბერს, სტუმრად, ბარსელონასთან ჩაატარებს.

დღეს საქმეში ესპანურ ლიგაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველ ლეგიონერს ვიხილავთ. თორნიკე შენგელიას ბასკონია ვალენსიას უმასპინძლებს, ხოლო ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას ჩემპიონატის ლიდერ მადრიდის რეალთან გასვლითი შეხვედრა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები