Thumbnail

ჩოგბურთი კორიდაზე – ფედერერი-ზვერევის მატჩს 42 517 მაყურებელი დაესწრო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფედერერმა და ზვერევმა მექსიკაში საჩვენებელი თამაში ჩაატარეს
  • საჩოგბურთო ვარსკვლავთა თამაში შოუს ელემენტებით მდიდარი გამოდგა

საჩოგბურთო მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სადაც როჯერ ფედერერმა და ალექსანდრ ზვერევმა საჩვენებელი თამაში ჩაატარეს და შვეიცარიელმა ლეგენდამ ახალგაზრდა გერმანელს 3:6, 6:4, 6:2 სძლია.

ESPN-ის ცნობით, შეხვედრას, რომელიც მსოფლიოს უდიდეს კორიდის არენაზე ჩატარდა, თვალი 42 517-მა ადამიანმა მიადევნა. შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა უწინდელი რეკორდი: 2010 წელს ბელგიაში გამართულ ასევე საჩვენებელ თამაშს, რომლის მონაწილეებიც მასპინძელი კიმ კლაისტერსი და ამერიკელი სერენა უილიამსი იყვნენ, 35 681 მაყურებელი დაესწრო.

მეხიკოში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ქომაგი როჯერს სიყვარული გამოუტყდა, რასაც შვეიცარიელის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ამ დროს ზვერევმა იკითხა, იყო თუ არა ვინმე ტრიბუნაზე ვინმე, ვისაც ის უყვარდა. პუბლიკა გერმანელის რეაქციას დადებითად შეხვდა და მას ოვაცია მოუწყო.

ვთქვათ ისიც, რომ ფედერერი და ზვერევი კიდევ ერთ საჩვენებელ მატჩს ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები