Thumbnail

ოსაკას გრანდ სლემი | ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში პრესტიჟული ტურნირი მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უზბეკ მეტოქეს აჯობა

24 წლის ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა და ქართველი ძიუდოისტებისთვის ოთხწლიანი დანავსული პერიოდი შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი 2015 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილს ჰქონდა მოპოვებული.

ღვინიაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა 22 წლის უზბეკ დავლატ ბობონოვთან ჩაატარა და ილიას ილიადისისის იგივე ჯარჯი ზვიადაურის (მან უზბეკეთის ნაკრები მცირე ხნის წინ ჩაიბარა) გაწვრთნილი მეტოქე დამატებით დროში დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ ბექა აზიელს ვაზარით ჩამორჩა, რომელიც მალევე გაქვითა, "გოლდენ სქორში" კი მეტოქე კიდევ ერთხელ დააგდო.

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ბექამ 4 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ძიუდოისტმა გზიდან ჩინელი ჰებილიგე ბუ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი (იაპონია), ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი და კიდევ ერთი მასპინძელი, კენტა ნაგასავა ჩამოიცილა.

ოსაკაში ძალები ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანმაც (100 კგ.) სცადეს, თუმცა, ისინი შეჯიბრის ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემი 1 ოქროს მედლით დაასრულა, რაც ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მე-3 შედეგი აღმოჩნდა. იოლი გამოსაცნობია, რომ პირველობა იაპონელებმა იზეიმეს, რომელთა მონაგარი 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო იყო, რუსებმა კი თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები