Thumbnail

38 წლიანი პაუზის შემდეგ - ფლამენგომ კოპა ლიბერტადორესი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფლამენგო 2:1 რივერ პლეიტი
  • 0:1 ბორე (14), 1:1 გაბრიელ ბარბოსა (89), 2:1 გაბრიელ ბარბოსა (90+2)

კოპა ლიბერტადორესის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ბრაზილიური ფლამენგო გახდა, რომელმაც ფინალში რივერ პლეიტს 2:1 მოუგო. პერუში ''ესტადიო მონუმენტალზე'' გამართული შეხვედრა დრამატული გამოდგა და ყველაფერი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა.

რივერ პლეიტი ტიტული ზედიზედ მეორედ მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, მარსელო გალიარდოს გუნდმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

არგენტინელები მე-14 წუთზე რაფაელ ბორემ დააწინაურა, შედეგიანი პასი კი ნაჩო ფერნანდესის იყო. რივერმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ლუკას პრატომ ფლამენგოს ნახევარზე შეცდომა დაუშვა, ბრაზილიელთა სწრაფი შეტევა კი გაბრიელ ბარბოსას გოლით დაასრულდა. უკვე დამატებულ დროში, მან თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და ფლამენგოს ჩემპიონობა მოუტანა.

ფლამენგომ კოპა ლიბერტადორესი ისტორიაში მეორედ მოიგო, თანაც, ეს ამბავი 38-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა. სათქმელია ისიც, რომ ბრაზილიურმა გუნდმა წელს დუბლი შეასრულა - დღევანდელ ტრიუმფამდე მათ ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმეს.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

გაბრიელ ბარბოსა კოპა ლიბერტადორესის საუკეთესო ბომბარდირი (9 გოლი)  გახდა

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ბრუნო ენრიკე (ფლამენგო) დაასახელეს

ფლამენგოს კოპა ლიბერტადორესის ფინალი 2-ჯერ უთამაშია და ორივეჯერ ტიტულს დაეუფლა

1963 წლის შემდეგ, ფლამენგო გახდა პირველი ბრაზილიური კლუბი, რომელმაც ქვეყნის შიდა ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. 1963 წელს ეს პელეს სანტოსმა მოახერხა

გაბრიელ ბარბოსამ 9-დან 7 გოლის გატანა პლეი ოფში შეძლო. აქედან სამ შემთხვევაში დუბლი შეასრულა

რივერ პლეიტს შანსი ჰქონდა, რომ 21-ე საუკუნეში ბოკა ხუნიორსის შედეგი გაემეორებინა და კოპა ლიბერტადორესი ზედიზედ მეორედ მოეგო

რივერ პლეიტის მწვრთნელმა მარსელო გალიარდომ და ფეხბურთელებმა - ენცო პერესმა და ფრანკო არმანიმ კოპა ლიბერტადორესის მესამედ მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს

ჟორჟე ჟესუსმა საერთაშორისო ტურნირი პირველად მოიგო. მას აქამდე ბენფიკასთან ერთად ევროპალიგის ორი ფინალი ჰქონდა წაგებული

კომენტარები

ბოლო ამბები