Thumbnail
  • ლეგანესი 1:2 ბარსელონა
  • არტურო ვიდალისა და ერნესტო ვალვერდეს კომენტარები

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში ერნესტო ვალვერდეს ბარსელონამ მადრიდში ლეგანესთან თამაში შემოატრიალა და ლიდერობა შეინარჩუნა.

პირველ ტაიმში იუსეფ ენ-ნესირიმ სოლო-რეიდით ბრწყინვალე გოლი გაუტანა ტერ შტეგენს. მეორე ტაიმის დასაწყისში ლეო მესის საჯარიმოს ლუის სუარესის თავით გატანილი გოლი მოყვა. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა არტურო ვიდალმა გაიტანა, ჩილელს ბურთი ლეგანესის მცველისგან მიუვიდა, ამიტომაც თამაშგარე არ დაფიქსირებულა - 1:2. 

ბარსელონას 13 მატჩში 28 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მისი დაწევა ქულებით ამაღამ მადრიდის რეალს შეუძლია, რომელიც რეალ სოსიედადს მასპინძლობს.

არტურო ვიდალმა ამ სეზონში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა გასულ სეზონში 33 მატჩში მხოლოდ 3 გოლი შეაგდო. 

აღსანიშნავია, რომ ბასკმა სპეციალისტმა მოედანზე ერთდროულად შემტევი ოთხეული დააყენა: დემბელე, მესი, გრიზმანი და სუარესი, მაგრამ ამან არ იმუშავა, ბარსამ ვერ ითამაშა კარგად და მხოლოდ მძიმე ბრძოლაში მოახერხა სამი ქულის მოპოვება. 

სენსაციები არაფერში გვჭირდება

არტურო ვიდალი (ბარსელონა): "სენსაციები არაფერში გვჭირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამატებელი გვაქვს, ასე წაგებაც შეიძლებოდა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ მატჩში ეს ყველაფერი გამოსწორდება. ატლეტიკოსთან მატჩის მსგავსი შეხვედრები წყვეტს ჩემპიონატის ბედს.

გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მით უფრო, როცა შენ გოლს გუნდისთვის სამი ქულა მოაქვს. როცა ბურთი მომივიდა, მივხვდი, რომ ის მცველისგან იყო და თამაში შემეძლო, მთავარი იმ წამს კონცენტრაცია არ დამეკარგა. 

ოთხი ფორვარდი? ეს მწვრთნელის იდეა იყო. პირველ ტაიმში ამან არ იმუშავა. მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ ჩვეული სისტემით". 

ლეგანესი სხვაა და დორტმუნდი სულ სხვა

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ბედნიერები ვართ, რადგან მოვიგეთ - ხანდახან ყველაფერი კარგად არ არის და ამ შემთხვევაში, მთავარი სამი ქულის მოპოვებაა. ვიცოდით, რომ პირობები მძიმე იქნებოდა. ლეგანესმა უკან დაიხია და ძალიან გაგვიჭირდა. იმიტომ კი არ გაგვიჭირდა მოგება, რომ ცუდად ვითამაშეთ, არამედ იმიტომ, რომ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლიდერობა კიდევ ერთი ტურით გაიხანრგძლივა

ოთხეულის თამაშის იდეამ სწორედ სივრცეების ნაკლებობის გამო არ გაამართლა - ლეგანესმა გაიტანა და ჩაიკეტა. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში.

შარშან აქ წავაგეთ, ახლა კი პროგრესია. შემდეგი თამაში დორტმუნდთან გვაქვს და სულ სხვა ამოცანებია შესასრულებელი".

ლეგანესი 1:2 ბარსელონა

გოლები: 1:0 ენ-ნესირი (12), 1:1 ლუის სუარესი (53), 1:2 არტურო ვიდალი (79)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - ვაგე, პიკე, უმტიტი, ფირპო - ბუსკეტსი (57. ბუსკეტსი), დე იონგი (70. ფატი) - დემბელე, მესი, გრიზმანი (57. არტურო ვიდალი) - ლუის სუარესი 

კომენტარები

ბოლო ამბები