Thumbnail
  • 📅 24 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V რეალ სოსიედადი
  • სკანდალში გახვეულ ბეილს თამაშის შანსი აქვს 

2019 წლის ბოლომდე ესპანეთის ჩემპიონატში ხუთი ტური კიდევ გაიმართება პლუს კიდევ ერთი, მთავარი მატჩი - 18 დეკემბერს ბარსელონაში "ელ კლასიკოა", თუმცა მანამდე გრანდებს მინი გამოცდები ელით...

ბარსელონასა და რეალს 25-25 ქულა აქვთ, ლოგიკურია მათი მდევრების ვინაობაც - ატლეტიკოსა და სევილიას 24-24 ქულა აქვთ. ცოტა უცნაური კი ის სიმჭიდროვეა, რაც ცხრილის ზედა ნაწილშია  - პირველიდან მე-9 ადგილის ჩათვლით სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. ფაქტობრივად, ლა ლიგა თავიდან იწყება.

დიდ ინტერესს იწვევს მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც მადრიდის რეალი ბასკურ რეალ სოსიედადს მასპინძლობს. ჩური ურდინის შესანიშნავი, სარეკორდო სტარტი გამოუვიდა - ლიდერებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

რეალ სოსიედადის ეფექტი

შეტევის მოყვარული მწვრთნელის, იმანოლის "ჩური ურდინს" შუახაზი და შეტევა მართლაც ბრწყინვალე ჰყავს - ექსრეალელი მარტინ ედეგორი, როგორც იქნა, ვარსკვლავის შესაფერისად ათამაშდა. ნახევარდაცვაში ასევე ბრწყინვალედ თამაშობს მიკელ მერინო, 23 წლის ფეხბურთელი საჰაერო დუელებში გამორჩეულად კარგია, დაცვასაც ეხმარება და შორეული დარტყმებიც სახიფათო აქვს.

მარტინ ედეგორი ახლაც რეალს ეკუთვნის

შუახაზის ტრიოს მესამე წევრ ასიერ ილიარამენდის კი ყველა იცნობს, ისიც ექსრეალელია. 
წინა ტრიდენტიც არანაკლებია - ადნან იანუზაიზეც იმავეს ვიტყვით, რასაც ედეგორზე, როგორც იქნება, ბელგიელმაც დაიწყო ავანსების გამართლება, მიკელ ოიარზაბალი კი გუნდის ნამდვილი ლიდერია, რომელმაც ფურია როხაშიც დაიმკვიდრა ადგილი, ცენტრფორვარდი ვილიან ჟოზე კი ყოველთვის სოლიდურად თამაშობს. გუნდს კიდევ ერთი ექსრეალელი ჰყავს - მცველი დიეგო ლორენტე.

ბეილი მაინც განაცხადშია

გარეთ ბეილმა უელსის ევრო 2020-ზე გასვლა ასე აღნიშნა

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, დუელის ფავორიტი ზინედინ ზიდანის გუნდია. ფრანგს ამ თამაშში არ ეყოლება მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი და ლუკას ვასკესი. საეჭვოა ნაჩოს თამაშიც. 

მას მერე, რაც უელსის ნაკრების მატჩში გარეთ ბეილი უცნაურად მოიქცა და მადრიდულ კლუბს შეურაცხყოფა მიაყენა (უელსის დროშაზე ეწერა: ჩემთვის ჯერ უელსი, მერე გოლფი და ბოლოს მადრიდიაო - ზუსტად ამ თანმიმდევრობითო), ძნელი წარმოსადგენია, რომ მას თამაშის შანსი მიეცეს გაბზარებული "ბერნაბეუს" წინაშე. 

ესპანური მედია ძაზე აღაშფოთა მისმა საქციელმა, ისევე, როგორც ფანები. თუმცა ერთია - ზიდანმა ბეილი წინასამატჩო განაცხადში შეიყვანა, სადაც ვერ მოხვდა ვინისიუს ჟუნიორი

ბასკებს ედეგორი გამოუჯანმრთელდათ, მიკელ მერინოს თამაში საეჭვოა. ასიერ ილიარამენდის კი მძიმე ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს. 

ედეგორი კარგად თამაშობს, მაგრამ...

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "როცა გარეთი დაბრუნდა სანაკრებო მატჩებიდან, მე მას დაველაპარაკე, როგორც ეს ხდება ხოლმე ზოგადად. ჩვენ ვილაპარაკეთ საფეხბურთო ამბებზე, არასაფეხბურთოზე - არა. ის თავს ნორმალურად გრძნობს და ვარჯიშობს. ვფიქრობ, ბეილის ჟესტმა ყველა და ყველაფერი გადაფარა, ეს კი მეტისმეტია - ჩვენ ფეხბურთზე გვსურს კონცენტრირება. 

მე მხოლოდ იმას ვაქცევ ყურადღებას, რაც კლუბში ხდება და უშუალოდ არის დაკავშირებული სპორტთან. რა ითქვა სხვაგან, საერთოდ არ მაინტერესებს. თუ იმას გავიხსენებთ, რაც ბეილს რეალისთვის უკეთებია, ფანები მას უნდა უჭერდნენ მხარს. მე ფსონს ბეილზე ჩამოვდივარ და ეს სიახლე არ არის. 

ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილს იცავს და ფანებსაც ამას მოუწოდებს

ხვალინდელი თამაში ძალზე მნიშვნელოვანია და მე იმის იქით არ ვიყურები, რაც შეეხება მომავალში, სად ვიქნები მწვრთნელი? ესპანეთში ნამდვილად არა, მე "ბლანკო" ვარ და რეალის გარდა სხვა ესპანურ კლუბს არ გავწვრთნი. 

რეალ სოსიედადი ახალგაზრდული და შემტევი გუნდია, ძალიან კარგი თამაში გველის. მარტინ ედეგორი კარგად თამაშობს, თუმცა მის მომავალზე რეალში ახლა ლაპარაკს არ ვაპირებ". 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - როდრიგო, ბენზემა, აზარი

რეალ სოსიედადი (4-3-3): რემირო - ზალდუა, ნორმანდი,  დ. ლორენტე, მონრეალი - ედეგორი, ზუბელდია, მერინო - პორტუ, ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალისა და რეალ სოსიედადის ბოლო 15 ოფიციალური დაპირისპირებიდან 13-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლა ლიგის ბოლო 8 ტურიდან 6-ში რეალმა კარი მშრალად შეინახა. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 12 ტურიდან 11-ში ზინედინ ზიდანის გუნდს არ წაუგია. 

⚽ რეალთან ბოლო სამ თამაშში რეალ სოსიედადმა სულ მცირე 2-2 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები