Thumbnail

22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის წილისყრა გაიმართა, რომელსაც საქართველოდან 4-კაციანი დელეგაცია დაესწრო: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი.

წილისყრამ გაარკვია, რომ საქართველოს ნაკრები, ბელარუსთან ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს.

ნიონში გამართული წილისყრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს.

ვლადიმირ ვაისი: "საინტერესო წილისყრა გამოვიდა, გაგვიმართლა და სასიხარულოა, რომ ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ნახევარფინალში ადვილი მეტოქე არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათი ოცნებაცაა და ამიტომ ფინალში გასვლა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში სწორედ ნახევარფინალურ შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია და როგორი ძლიერი გუნდი გვყავს.

ერთა ლიგაზე ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავ გარემოს ქმნიდნენ, ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას წინააღმდეგ სტადიონი სავსე იყო და ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი მარტშიც გაივსება იმიტომ, რომ ქართველი გულშემატკივარს უდიდესი სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და სჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ისევე როგორც მე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ეს ადვილი არ იქნება, მოლოდინი ძალიან დიდია და შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხი იზრდება."

ალექსანდრე იაშვილი: „ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში. ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას."

კომენტარები

ბოლო ამბები