Thumbnail

ოსაკას გრანდ სლემი | იაპონელებმა პირველ დღეს 4 ოქროს მედალი მოიპოვეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიის ქალაქ ოსაკაში ძიუდოს ტურის ბოლოსწინა შეჯიბრი დაიწყო
  • მასპინძლებმა პირველ დღეს 5-დან 4 წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს

იაპონიაში ოსაკას გრანდ სლემი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც მასპინძლებმა 5-დან 4 წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ნაოჰისა ტაკატომ იზეიმა, რომელმაც ფინალში თანამემამულე რიუჯუ ნაგაიამას სძლია. ძიუდოისტებმა გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოავლინეს, ხოლო დამატებით დროში ტაკატომ ვაზარით იმარჯვა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი თორნიკე ჭკადუას ჰქონდა, თუმცა ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი რეპეშაჟში დამარცხდა.

იაპონელებმა ოთხივე მედალი მოიგეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედლები იუჯი აიდასა და იუკი ნიშიამას დარჩათ, ფინალში კი იოშირო მარუიამა ჰიფუმი აბესთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ქალთა შორის 48-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის გამარჯვებული კიდევ ერთი მასპინძელი ფუნა ტონაკი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელი ხულია ფიგეროა დაამარცხა. მან მეტოქე ბრძოლის დასრულებამდე 14 წამით ადრე იპონზე დააგდო.

ერთადერთი წონითი კატეგორია, სადაც იაპონელებმა ოქროს მედალი ვერ მოიგეს, 52 კილოგრამი იყო, სადაც იაპონელთა მხრიდან ფინალი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა უტა აბემ იჭიდავა და ფრანგ ამანდინ ბუშართან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა.

პირველი საჭიდაო დღის ბოლო ოქროს მედალი იაპონელებს მომო ტამაოკიმ მოუტანა, რომელმაც ფინალში ტაივანელი ჩენ-ლინი დაამარცხა.

ხვალ, ტატამიზე ერთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ოსაკაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაიცავს.

ის ასპარეზობას მე-2 წრიდან დაიწყებს, სადაც იაპონელ არატა ტაცუკავასა და მექსიკელი ედუარდო არაუხოს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

თუკი ლაშამ ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, სავარაუდოა, რომ იქ კიდევ ერთი მასპინძელი სოიჩი ჰაშიმოტო დახვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები