Thumbnail
  • 📅 23 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ ატალანტა V იუვენტუსი
  • რონალდოს არ ითამაშებს და მიზეზი სარისთან კონფლიქტი არაა
  • გასპერინის გუნდს სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი
  • ორივე გუნდს რამდენიმე დღეში თამაში ჩემპიონთა ლიგაში ელის    

შაბათს იტალიაში გამორჩეული მატჩია - სერია A-ს მე-13 ტურში, ატალანტა ბერგამოში მოქმედ ჩემპიონსა და ცხრილის ლიდერ იუვენტუსს მასპინძლობს. თუკი იტალური ფეხბურთის გრანდია და ამით ყველაფერი ნათქვამი, ატალანტა ახლახან გახდა გუნდი, რომელიც გარკვეული წარმატებით სერია A-შიც თამაშობს და პარალელურად ჩემპიონთა ლიგაშიც გამოდის. ასე რომ, "ატლეტი აძური დ’იტალიაზე" როგორც სტუმართა, ისე მასპინძელთა მწვრთნელი ფიქრით ჩემპიონთა ლიგაში გასამართი უახლოესი მატჩისკენაც იქნება. უკვე 26 ნოემბერს იუვენტუსი ატლეტიკოს უნდა  დაუპირისპირდეს, ატალანტა კი - ზაგრების დინამოს და შეუძლებელია, ამან ჩემპიონატის თამაშზე გარკვეული გავლენა არ იქონიოს.

ატალანტა

ზოგადად, ჯანპიერო გასპერინის გუნდი საკმაოდ სიმპათიურ თამაშს აჩვენებს, ლიგაში ყველაზე მეტ გოლსაც იტანს, თუმცა ეს საბოლოო შედეგზე ყოველთვის არ აისახება.

არგენტინელ ალეხანდრო გომესსა და კოლუმბიელ ლუის მურიელზე ბევრი იქნება დამოკიდებული

ბოლოს ატალანტამ 27 ოქტომბერს მოიგო, როდესაც უდინეზე გაანადგურა (7:1). შემდეგ იყო ფრეები ნაპოლისა (2:2) და სამპდორიასთან (0:0) და საშინაო მარცხი კალიარისთან (0:2). თუმცა, იყო კიდევ მოპოვებული ქულა ჩემპიონთა ლიგის მატჩში მანჩესტერ სიტითან (1:1), რომელიც გასპერინის გუნდს აქტივში უნდა ჩაეთვალოს.

ატალანტას იუვესთან მატჩის წინ სერიზოული საკადრო პრობლემები აქვს. სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ბერგამოელებმა წითელი ბარათები დაიმსახურეს. კალიარისთან თავდამსხმელი იოსიპ ილიჩიჩი გააძევეს, სამპდორიასთან კი - ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი. თუკი უკრაინელი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, სლოვენიელს დისკვალიფიკაცია 2-მატჩიანი აქვს და არც ტურინელებთან იქნება. ტრამვების მიზეზით, მასპინძელთა რიგებში მოედანზე საეჭვოა დუვან საპატას და რემო ფროილერის გასვლაც, რაც ატალანტას შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

გასპერინის  მცველებს წინ რთული გამოცდა ელით

იუვენტუსი

როგორც წესი, სანაკრებო პაუზის შემდეგ იუვენტუსი მძიმედ გამოიყურება ხოლმე - გუნდში სხვადასხვა ნაკრების არაერთი ფეხბურთელია, რომლებსაც მომქანცველი მგზავრობის შემდეგ სათანადო კონდიციებში სწრაფად ჩადგომა უჭირთ. და რაც მთავარია, იუვენტუსს ბერგამოში 99%-ით არ ეყოლება კრიშტიანო რონალდო.

სარიმ იუვეს თავკაცის პოსტზე ჩატარებული 16 ოფიციალური მატჩიდან 13 მოიგო.

ბოლო დროს იტალიური მედია აქტიურად განიხილავდა ტურინელთა ბანაკში წარმოქმნილ უთანხმოებას სარისა და რონალდოს შორის, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, პრობლემა გაბუქებულია.

ატალანტასთან პორტუგალიელის ვარსკვლავის უთამაშებლობის მიზეზი ეს "კონფლიქტი" ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სარიმ განმარტა, რომ პორტუგალიის ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებული რონალდო ჯერ კიდევ ვერ გრნობს თავს კარგად. გასაგებია, მწვრთნელს ის ჩემპიონთა ლიგაში, ატლეტიკოსთან უფრო სჭირდება, ვიდრე - ატალანტასთან.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ ადრიენ რაბიოს, ალექს სანდროსა და ბლეზ მატუიდისაც, თუმცა ეს უკანასკნელი სასტარტოში მაინც მოიზრება.

რონალდოს არყოფნაში იუვე იგუაინი-დიბალას წყვილით შეუტევს

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ში ბერგამოში გამართულ ატალანტა-იუვენტუსის ბოლო 3-ივე მატჩში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 2:2. 

⚽ ბერგამოში გამართულ ატალანტა-იუვენტუსის (სერია A) ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში ატალანტამ შინ იუვეს ბოლოს 2001 წელს მოუგო. მას შემდეგ ბერგამოში გამართული 14 მატჩიდან 10 წააგო, 4 ფრედ დაასრულა.

⚽ სარის გუნდს ყველა ტურნირში ბოლოს მოგებულ 7-ივე მატჩში ანგარიშში უპირატესობა ერთბურთიანი ჰქონდა. 

⚽ იუვენტუსმა ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

⚽ ტურინელებმა ჩემპიონატში ჩატარებული 12 შეხვედრიდან კარი მშრალად მხოლოდ 4-ში შეინახეს.

⚽ სარის გუნდს კრიშტიანო რონალდოს გარეშე ამ სეზონში ჩატარებულ ორივე მატჩში გაუჭირდა - 2:1 ბრეშასთან, 1:1 ლეჩესთან.

⚽ ბერგამოს ატალანტამ სერია A-ში ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩიდან 4 ვერ მოიგო (3 ფრე, 1 მარცხი).

⚽ ჯანპიერო გასპერინის გუნდმა ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

⚽ მიუხედავად ამისა, სერია A-ში გასული 12 ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი, 30 გოლი ატალანტას აქვს გატანილი.

⚽ ბერგამოს ატალანტას ფეხბურთელი ჩემპიონატის ბოლო ორივე შეხვედრაში გაუძევეს. 

სავარაუდო შემადგენლობები

ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - ტოლოი, პალომინო, ჯიმსიტი - კასტანი, დე რუნი, ფროილერი, გოზენსი - გომესი, პაშალიჩი - მურიელი.

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი - იგუაინი, დიბალა.

კომენტარები

ბოლო ამბები