Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის წილისყრის შედეგი შეაფასა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ თუკი საქართველო ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგებს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალსაც უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო იბრძვიან, ½-ფინალი და ფინალი კი შესაბამისად, 26 და 31 მარტს ჩატარდება.

მეტი ამ თემაზე: ფინალის მასპინძლები - სუპერშანსი საქართველოს ევროზე გასასვლელად

სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შანსი მიიღო.

"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული შესაძლებლობაა. ეს მომენტია, როდესაც შეგვიძლია ისტორია გადავწეროთ", - აქვეყნებს ვაისის სიტყვებს უეფას ტვიტერი.

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

მეტი ამ თემაზე: თუ ევრო 2020-ზე გავალთ - საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ფინალურ ეტაპზე

აღსანიშნავია, რომ 55 წლის სლოვაკ სპეციალისტს, რომელიც საქართველოს ნაკრების 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის, სფფ-სთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, უხელმძღვანელებს თუ არა ვაისი ეროვნულ გუნდს პლეი ოფში.

კომენტარები

ბოლო ამბები