- ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმა 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო
- პეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ბრაზილიელი ჩელსისთან თამაშს შეძლებს
მანჩესტერ სიტის მეკარე ედერსონი ტრავმის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა და შესაძლოა, მან ლონდონის ჩელსისთანაც ითამაშოს. ბრაზილიელმა დაზიანება 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ატალანტასთან შეხვედრაში მიიღო.
ედერსონი სავარჯიშო სესიას სამშაბათს, 19 ნოემბერს, დაუბრუნდა და ჩელსისთან შეხვედრისთვის მომზადება დაიწყო.
მეკარემ გამოტოვა ლივერპულთან მატჩში, სადაც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:3 წააგო. ედერსონი ვერ დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებსაც ამხანაგურ შეხვედრებში სამხრეთ კორეასა და არგენტინის წინააღმდეგ.
სიტიში მის მაგივრად კლაუდიო ბრავო თამაშობს, თუმცა ჩილელით უკმაყოფილოა "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა. ესპანელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ 23 ნოემბერს ჩელსისთან გასამართი შეხვედრისთვის ედერსონი მზად იქნება.
26 წლის ფეხბურთელს ექიმები მატჩამდე დააკვირდებიან და ამის მიხედვით მიცემენ თამაშში მონაწილეობის უფლებას. ბრაზილიელი, თუ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, დიდი ალბათობით, სათადარიგო სკამზე მაინც გამოჩნდება.
ბრაზილიელმა მეკარემ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ შეძლო.
კომენტარები