Thumbnail

გაგამარუს 14-წლიანი სერია შეწყდა – ბაშოს მეორე ქართველი სუმოისტიც გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თეიმურაზ ჯუღელს ორივე მუხლზე მძიმე ტრავმა აქვს
  • ქართველ სუმოისტს ზედიზედ 1050 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნითი სუპერტურნირი უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოს ჯერ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი სეკივაკე ლევან გორგაძე გამოეთიშა, დღეს კი, ტრავმის გამო, შეჯიბრი თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმაც დაასრულა.

ის, რომ ქართველი გოლიათი ფუკუოკას ბაშოს დაშავებული შეხვდა, აქამდეც ცნობილი გახლდათ. გაგამარუს ორივე მუხლში სითხე უდგება და სრული დატვირთვით გარჯას ვერ ახერხებდა.

გაგამარუ კიუშუ ბაშოს ტრავმირებული შეხვდა

ქართველ სუმოისტს საერთო ჯამში 3 ლიტრამდე სითხე ჰქონდა ამოღებული და ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ 12 დღის თავზე აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა.

ჯურიოში მე-12 განთესვის მქონე გაგამარუსთვის ბრძოლის გაგრძელებას აზრი დაეკარგა, მან შეჯიბრის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენებურის დღევანდელ მეტოქე იაგოს მოგება უბრძოლველად მიენიჭა.

საგულისხმოა, რომ ჯუღელს ზედიზედ 84 ბაშოზე 1050 ორთაბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ხშირი ტრავმიანობის მიუხედავად, ეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ბაშოს ნაადრევად გამოეთხოვა.

შედეგად, გაგამარუ ფუკუოკას სუპერტურნირს 1 მოგებითა და 15 მარცხით დაასრულებს და როგორც უკვე ვიუწყებოდით, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს დატოვება მოუწევს.

უკვე ცნობილია, რომ ქართველი გოლიათი იანვრის ბაშოზე მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში იქნება და 15-ის ნაცვლად მხოლოდ 7 შერკინებას ჩაატარებს. ცხადია, ეს, იმ შემთხვევაში, თუკი ტრავმირებული მუხლების მოშუშება მოახერხა.

“ვფიქრობ, შევძლებ გავუმკლავდე ტრავმებს, ჯერ კიდევ მაქვს სუმოს ძალა. სუმოდან წასვლა არ ვფიქრობ”, - განაცხადა ამასწინდელ ინტერვიუში გაგამარუმ.

კომენტარები

ბოლო ამბები