Thumbnail

უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის წილისყრა ჩაატარა, სადაც 4 ჯგუფში გადანაწილებული 16 ნაკრები, მათ შორის საქართველო, ტურნირის ფინალური სტადიის დარჩენილი 4 საგზურისთვის გაზაფხულზე იბრძოლებს. 

ცნობილი იყო, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები, პლეი ოფის ნახევარფინალში ბელორუსს უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში, ევრო 2020-ის საგზურისთვის, D ჯგუფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

22 ნოემბერს გამართული წილისყრის შედეგად კი დაადგინა, რომ D ჯგუფის ფინალური მატჩის მასპინძელი სწორედ საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული იქნება!

► UPDATE: 'ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია!' - ვლადიმირ ვაისის კომენტარი წილისყრაზე

ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალები 2020 წლის 26 მარტს გაიმართება, ფინალები კი - 31 მარტს.

D ჯგუფი: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი.
1/2-ფინალები: საქართველო V ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია V კოსოვო.
ფინალის მასპინძელი:  საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული.

საქართველომ ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფში თამაში ერთა ლიგაში წარმატებით გაინაღდა

წილისყრის შედეგად ასევე დაზუსტდა A, B და С ჯგუფების მონაწილეთა და ფინალების პოტენციურ მასპინძელთა ვინაობაც.

A ჯგუფი: ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი.
1/2-ფინალები: ისლანდია V რუმინეთი, ბულგარეთი V უნგრეთი.
ფინალის მასპინძელი: ბულგარეთი-უნგრეთის წყვილში გამარჯვებული.

B ჯგუფი: ბოსნია და ჰერცოგოვინა, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია. 
1/2-ფინალები: ბოსნია და ჰერცოგოვინა V ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი V ირლანდია.
ფინალის მასპინძელი: ბოსნია-ჩრდ.ირლანდიის წყვილში გამარჯვებული. 

С ჯგუფი: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი.
1/2-ფინალები: შოტლანდია V ისრაელი, ნორვეგია V სერბეთი.
ფინალის მასპინძელი: ნორვეგია-სერბეთის წყვილში გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, სტანდარტული შესარჩევი ციკლიდან უკვე მოპოვებული აქვს 20 ნაკრებს. გაზაფხულზე გასამართი პლეი ოფი კი დარჩენილ 4 საგზურის მფლობელს გამოავლენს. ტურნირის ჯგუფური ეტაპის წლისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში ჩატარდება. უკვე ცნობილია კალათები, რომლის მიხედვითაც წილისყრა გაიმართება.

მეტი ამ თემაზე: თუ ევრო 2020-ზე გავალთ - საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ფინალურ ეტაპზე

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები