Thumbnail
  • ჟოზე მოურინიომ ტოტენჰემში პირველი პრესკონფერენცია გამართა
  • პორტუგალიელმა პოჩეტინოზე, ტრანსფერებზე და ახალ შეცდომებზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის რანგში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ორი დღეა, მხოლოდ ვიღიმებიო - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა და ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ დიდი საფეხბურთო სცენა ძალიან მოენატრა.

თითქმის ერთწლიანი უმუშევრობის შემდეგ, ჟოზე, როგორც სჩვევია, უკიდურესად მოტივირებული ჩანდა. მოურინიოს თქმით, მას თავისი ახალი გუნდი იმდენად მოსწონს, რომ ტრანსფერები არც კი დაუგეგმავს. ჟოზე ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის: 

11-თვიანი პაუზა: “არ იფიქროთ, რომ ვინმეს რჩევას ვაძლევ, მაგრამ ეს პაუზა ჩემთვის ნამდვილად კარგი იყო. ეს იყო პირველი ზაფხული, როცა არ ვმუშაობდი და ცოტა დავიკარგე, მაგრამ საერთო ჯამში დასვენებით კმაყოფილი ვარ. ისიც კი ვისწავლე, როგორია, იყო სატელევიზიო ექსპერტი. ემოციური თვალსაზრისით აბსოლუტურად მშვიდად ვარ. მოტივაცია არ მაკლია და მზად ვარ დიდი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ეს უკვე იგრძნეს.”

‘ძველ შეცდომებს ნაღდად აღარ გავიმეორებ. ახალ შეცდომებს დავუშვებ…’

წინამორბედი მაურისიო პოჩეტინო: “მაურისიომ აქ დაუჯერებელი სამუშაო გასწია და მას უნდა მივულოცო. ეს კლუბი ყოველთვის მისი სახლი იქნება. მას შეუძლია მოვიდეს, როცა უნდა - თუკი მოენატრება ფეხბურთელები, ან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც აქ მუშაობდა (სპურსიდან პოჩეტინოს გარდა, ბევრი თანამშრომელი გაუშვეს - რედ). მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება. ვფიქრობ, პოჩეტინო დიდ კლუბს იპოვის, მას დიდი მომავალი აქვს.”

შეიცვალა თუ არა ჟოზე: “ვფიქრობ, რომ ცოტათი ნამდვილად შევიცვალე. ადამიანები მნიშვნელოვნად არ იცვლებიან, მაგრამ მე ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. ძველ შეცდომებს ნაღდად აღარ გავიმეორებ. ახალ შეცდომებს დავუშვებ… ჩემი კარიერა კარგად გავაანალიზე - არა მხოლოდ მისი ბოლო ნაწილი. ანალიზის მთავარი ლაიტმოტივი ის იყო, რომ არავისთვის არაფერი დამებრალებინა. მინდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის თავდაჭერილი ვიყავი - პრობლემა ის არის, რომ თქვენ ამას ვერ იგებდით. მე ყოველთვის თავდაჭერილი ვიყავი - ჩემებურად.”

უწოდებს თუ არა საკუთარ თავს ჯერ კიდევ “მისტერ ჩელსის”: “მე ვარ მისტერ პორტუ, მისტერ რეალ მადრიდი და ყველა იმ გუნდის მისტერი, სადაც მიმუშავია. მე ყოველთვის იმ გუნდის ღამის პიჟამა მაცვია, რომელშიც იმ დროს ვმუშაობ.”

ძველი ნათქვამი იმის შესახებ, რომ ტოტენჰემში არასდროს იმუშავებდა: “დიახ, ეს მანამდე იყო, სანამ გამაგდებდნენ.”

‘ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აქ მათ გამო ჩამოვედი. ახლები არ მჭირდება!’

სატრანსფერო გეგმები: “ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც აქ თამაშობენ. ახლები არ მჭირდება. უბრალოდ ისინი, ვინც მყავს, უკეთ უნდა გავიცნო.”

მისი პირველი სიტყვები ფეხბურთელებს: “მე მათ ვუთხარი, რომ აქ მათ გამო ჩამოვედი. რამდენიმე კლუბში ვცდილობდი ბევრი მათგანის გადაბირებას. ზოგიერთი ტოტენჰემელის წაყვანა კი არც მიცდია, რადგან ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა. მოკლედ, ამ ფორმაციის ტოტენჰემს უდიდესი პოტენციალი აქვს.”

ტოტენჰემის ლიდერი ჰარი კეინი და ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო

მუშაობის სტილი: “ჩემი სტილი ძალიან ჰგავს წინამორბედის სტილს. რაღაც დეტალებს დავამატებ და ხანდახან, სწორედ დეტალები იწვევს დიდ განსხვავებას.”

პრემიერლიგის მოგების შანსები: “ამ სეზონში ჩვენ ინგლისის ჩემპიონები ვერ გავხდებით. მომდევნო სეზონში? არ ვიტყვი, რომ აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ შეგვიძლია.”

რამდენად ცუდად იმოქმედა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებამ ტოტენჰემზე: “არ ვიცი. მე ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასდროს წამიგია.”

კომენტარები

ბოლო ამბები