Thumbnail
  • ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა სპორტსმენისთვის განსაკუთრებულია
  • 5 ფეხბურთელი, რომელთა თამაში ნაკრებიდან უფრო დაგვამახსოვრდა

ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში თამაშს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კარიერის მანძილზე, შესაძლოა, მოთამაშემ საკლუბო დონეზე თავი ვერაფრით დაგვამახსოვროს, თუმცა თავგანწირვით ითამაშოს ნაკრებში და გულშემატკივრებს თავი ამით შეაყვაროს. გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომლებიც ნაკრებში უკეთესად თამაშობდნენ ვიდრე კლუბებში. 

ლუკას პოდოლსკი (გერმანია)

ლუკას პოდოლსკი გერმანიის ნაკრების ბომბარდირთა დავაში მესამეა

ლუკას პოდოლსკი კიოლნის ლეგენდაა, სხვადასხვა დროს კი მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის არსენალშიც თამაშობდა. გერმანელს ამ კლუბებში გარკვეული წარმატება ჰქონდა, თუმცა გაცილებით უკეთ ასპარეზობდა ეროვნულ გუნდში. პოდოლსკის “ბუნდესნაკრებში” 130 მატჩი აქვს ჩატარებული და შეხვედრების რაოდენობით მხოლოდ ლოთარ მათეუსს (150) და მიროსლავ კლოზეს (137) ჩამორჩება. ლუკასმა გერმანიის შემადგენლობაში 49 გოლი გაიტანა, რაც ასევე მესამე შედეგია. იგი კლოზესა (71) და გერდ მიულერს (68) ჩამორჩება. ამ დროისთვის 34 წლის ფეხბურთელი იაპონურ ვისელ კობეს ღირსებას იცავს. ბუნდესგუნდის ქომაგებს 'პრინცი პოლდი' განსაკუთრებით უყვართ.

ანგელოს ხარისტეასი (საბერძნეთი)

ანგელოს ხარისტეასი ევრო 2004-ის ტრიუმფატორია

ხარისტეასი საბერძნეთის იმ ოქროს თაობის წარმომადგენელია, 2004 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, ევროპის ჩემპიონები რომ გახდნენ. მან ტურნირის ფინალში მასპინძელ პორტუგალიას გაუტანა და საბერძნეთს ისტორიული ტიტული მოაგებინა. ხარისტეასმა მეოთხედფინალში გამარჯვების გოლი საფრანგეთსაც გაუტანა. საბოლოოდ, მის ანგარიშზე ნაკრებში 25 გოლია, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. იგი ნიკოს ანასტოპულოსს ჩამორჩება, რომელმაც ეროვნული გუნდისთვის 29 გოლის გატანა შეძლო.

ხარისტეასის საკლუბო კარიერა კი შედეგიანობით არ გამოირჩევა. მან ყველაზე კარგი სეზონი ბრემენის ვერდერში, 2002-03 წლებში ჩაატარა, სადაც სულ 9 გოლი გაიტანა. იგი სხვადასხვა დროს თამაშობდა აიაქსში, ფეიენოორდსა და ლევერკუზენში, თუმცა დიდი წარმატებისთვის არცერთ მათგანში არ მიუღწევია.

ალიოშა ასანოვიჩი (ხორვატია)

ალიოშა ასანოვიჩს ხორვატიაში ცეცხლოვან იდაყვს ეძახდნენ

ალიოშა ასანოვიჩი 90-იანი წლების ხორვატული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ელეგანტური ნახევარმცველის დახმარებით, ხორვატიამ ევრო 96-ის მეოთხედფინალში გააღწია, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა. ალიოშა სირბილის დროს მეტოქეს იდაყვით იშორებდა - ამის გამო მას ხორვატიაში vatreni lakat-ს ეძახდნენ, რაც ცეცხლოვან იდაყვს ნიშნავს. ასანოვიჩის საკლუბო კარიერა დიდად გამორჩეული არ არის. იგი ხშირად ივცლიდა გუნდებს. ერთი პერიოდი ხორვატი დერბიში და ნაპოლიში თამაშობდა.

ფაბიო გროსო (იტალია)

ფაბიო გროსომ 2006 წელს იტალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

ფაბიო გროსოს ხსენებაზე თითქმის ყველას ერთი ეპიზოდი ახსენდება. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, გერმანიის კარში 119-ე წუთზე გატანილი გოლი და მისი აღნიშვნა. გერმანიასთან მოგებული შეხვედრიდან 5 დღის შემდეგ, ფინალში, იტალიის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გადამწყვეტი დარტყმა კი სწორედ ფაბიო გროსომ შეასრულა. იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ინტერში აღმოჩნდა, თუმცა მილანური კლუბი მალევე დატოვა და ფრანგულ ლიონს მიაშურა. შემდეგ იყო იუვენტუსი. ფაბიომ ვერცერთ კლუბში ვერ მიაღწია დიდ წარმატებას.

📺 ვიდეო: გერმანია 0:0 (0:2 დ.დ.) იტალია

სერხიო რომერო (არგენტინა)

სერხიო რომეროს სანაკრებო კარიერა წარუმატებელია

სერხიო რომერო მანჩესტერ იუნაიტედის მეკარეა, თუმცა სათამაშო დრო იშივიათად ეძლევა. განსხვავებული სიტუაციაა არგენტინის ნაკრებში. რომერო ნაკრების პირველ მეკარედ 2018 წლის მუნდიალის წინაც განიხილებოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო. რომეროს წაგებული აქვს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონტის ფინალი, 2015 და 2016 წლების კოპა ამერიკის ფინალები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან ნახსენებ სამ ფინალში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები