Thumbnail

PREVIEW | ბათუმი და გორი ყურადღების ცენტრში - კულმინაცია ეროვნულ ლიგაში

  • 📅 24 ნოემბერი  | ⌚ 14:00 | ⚽ დინამო ბათუმი V რუსთავი
  • 35-ე ტურის ხუთივე შეხვედრა ერთ დღეს და ერთ დროს გაიმართება
  • დინამო ბათუმი ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა. წინ ეროვნული ლიგის დასკვნითი ორი ტურის მატჩები გველოდება. ეს საჩემპიონო ინტრიგის კულმინაციაა: სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პირველობის შანსი სამ გუნდს აქვს, თუმცა საბურთალოსთვის ეს უკვე თეორიული შანსია. ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები დინამო თბილისი და დინამო ბათუმი არიან.

თბილისელები სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობენ, აჭარული კლუბი კი 67 ქულით მეორე ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას საკუთარ მოედანზე, ანგისას ბაზაზე, რუსთავთან გამართავს. პარალელურად, დინამო თბილისს რთული გასვლითი მატჩი აქვს გორში. 

სანაკრებო პაუზის დროს, დინამო ბათუმმა ამხანაგურ მატჩები გამართა, რათა გადამწყვეტი მატჩების წინ, ფორმა შეენარჩუნებინა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჯერ სამტრედია დაამარცხა 2:0, ხოლო შემდეგ ლანჩხუთის გურია 3:1. ორივე მატჩი ანგისას ბაზაზე შედგა და ესეც ლოგიკურია, რადგან ბათუმელები ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს, რუსთავთან, სწორედ საკუთარ მოედანზე გამართავენ.

📺 ვიდეო: დინამო ბათუმის ამხანაგური მატჩი სამტრედიასთან

თუკი დინამო თბილისი და დინამო ბათუმი თანაბარ ქულებს დააგროვებენ, უპირატესობა ბათუმურ გუნდს მიენიჭება, რომელიც უშუალო კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით სჯობს.

რუსთავი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და შეეცდება, პლეი ოფის გარეშე შეინარჩუნოს ადგილი ეროვნულ ლიგაში, თუმცა მეშვიდე ადგილზე მყოფი ტორპედო 4 ქულით არის წინ და ამ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. სწორედ მეშვიდე ადგილამდე აღზევებაა საჭირო პლეი ოფისგან თავის დასაღწევად.

გია გეგუჩაძის გუნდი უმნიშვნელოვანეს პაექრობას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მართალია, ნიკოლოზ საბანაძეა ტრავმირებული, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია ვეღარ ეხმარება გუნდს. მსუბუქი ტრავმები მოიშუშეს ლევან გეგეჭკორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, გურამ ადამაძემ და გიორგი ილურიძემ. მოკლედ, გეგუჩაძის განკარგულებაში სრული შემადგენლობაა და სასტარტო თერთმეტეულის შესარჩევად მწვრთნელს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

წაიკითხე | 'მადლობა ყველას! იმედია, ეს გაამართლებს' - როდის დაბრუნდება ნიკა საბანაძე

გეგუჩაძეს 12-13 ფეხბურთელს შორის უწევს როტაცია და საინტერესოა, რომელ თერთმეტეულზე შეაჩერებს არჩევანს. დაცვის მარჯვერნა ფრთაზე გეგეჭკორი ბრუნდება, ცენტრს გაგოშიძე და კობახიძე გაამაგრებენ, მარცხენა ფლანგზე კი ნავალოვსკი უალტერნატივოა. საყრდენ ხაზზე სავარაუდოდ ტეიდი და მამუჩაშვილი იმოქმედებენ, წინ კი, შესაძლოა, ასეთი კვარტეტი ვიხილოთ: მანჯგალაძე, ჯოვინო, ჯიღაური და დვალიშვილი. ამ ვერსიით, გაბრიელ რამოსი თადარიგში რჩება, თუმცა ვნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას გეგუჩაძე თამაშის დღეს მიიღებს.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)
"ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია და ვფიქრობ, გუნდი სრულ მზადყოფნაშია მომდევნო მატჩისთვის. რუსთავი ახალგაზრდული, მებრძოლი და შემტევი გუნდია. რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი სანახაობრივ თამაშს იხილავს, დინამო ბათუმი კი ყველაფერს გააკეთებს 3 ქულის მოსაპოვებლად".

ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბათუმი)
"მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გავიარეთ, მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, რომ რუსთავს აუცილებლად დავამარცხებთ. დინამო თბილისის შეხვედრაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. მთავარია, რომ რუსთავს მოვუგოთ. ჯერჯერობით მეორე ადგილზე ვართ და ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ".

ლევან გეგეჭკორი (დინამო ბათუმი)
"ტრავმა მივიშუშე და უკვე რამდენიმე დღეა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელშიც ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა. მართალია, დინამო თბილისზე ვართ დამოკიდებულები, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. სანაკრებო შესვენების დროს, ამხანაგური მატჩები გვქონდა, რათა ფორმა შეგვენარჩუნებინა. გადამწყვეტ მატჩებს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით".

ლუკა სილაგაძე (რუსთავი)
"პლეი აუტის ზონაში ვიმყოფებით, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი რომ  გადათამაშების გარეშე დავრჩეთ ეროვნულ ლიგაში, ამისთვის დარჩენილ ორ ტურში ქულების აღება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მეტოქეს, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მიმდინარე სეზონში, ბათუმურ გუნდთან სამივე მატჩი დავთმეთ. ბათუმში რევანშის ასაღებად მივდივართ და დიდი იმედი გვაქვს, ამას შევასრულებთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა.

⚽ დინამო ბათუმმა წინა ტურში ეროვნული ლიგის 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

⚽ რუსთავს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 0 ფრე და 4 წაგება აქვს.

⚽ რუსთავმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 6:1 დინამო ბათუმის სასარგებლოდ.

⚽ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, რუსთავის მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ჯოვინო, მანჯგალაძე - დვალიშვილი.

რუსთავი (3-5-2): კულუა - გუჯაბიძე, ბუგალოვი, ნოზაძე - კაპანაძე, ვასაძე, ქოჩლაძე, ბაირამოვი, ლაცაბიძე - სილაგაძე, ქავთარაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები