Thumbnail
  • ლიგა ენდესას ვებ-გვერდმა ქართველს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა
  • თორნიკე შენგელიას ბასკონიაში საოცარი სეზონი აქვს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა თორნიკე შენგელიას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა და ქართველი ლეგიონერის დიდ პროგრესს გაუსვა ხაზი.

“შეხედეთ როგორ ვითარდებოდა შენგელია, რომელიც ბასკონიას საუკეთესო კალათბურთელად იქცა. თორნიკე ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე”, - წერია ACB-ს მიერ გაკეთებულ კომენტარში, სადაც ჩვენებური ასეა მოხსენიებული - Tokomotora Shengelia.

შეგახსენებთ, რომ თოკო ლიგა ენდესაში ჯერ კიდევ 2008 წელს გამოჩნდა და ვალენსიას ღირსებას იცავდა, შემდეგ ბელგია და აშშ მოიარა, 2014-ში კი ესპანეთს დაუბრუნდა და მას მერე ბასკონიას მაისურით ასპარეზობს.

ქართველ ფორვარდს რომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი უდგას, არავინ დაობს. ესპანური ლიგის 9 ტურის თავზე თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 19.60-ს უტოლდება, რაც მე-3 მაჩვენებელია, მე-2 კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინია (23.00), პირველი კი – ესპანელი ნიკოლა მიროტიჩი (26.40).

სათქმელია ისიც, რომ ლიგის ბომბარდირთა დავაში, საშუალოდ 19.20 ქულით, შენგელია მე-4 პოზიციაზეა და მხოლოდ ასკია ბუკერს (მურსია, 21.30), მიროტიჩს (21.30) და კლემენ პრეპელიჩს (ხუვენტუტი, 21.20) ჩამორჩება.

თოკო კიდევ უფრო კარგად გამოიყურება ევროლიგაში, სადაც საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (22.67) აქვს, საშუალო ქულებში (19.44) მეოთხეა, მოხსნებში (6.44) კი – მეხუთე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროლიგაში ჩატარებულ მორიგ მატჩში ბასკონიამ მოსკოვის ცსკას 80:70 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და MVP-ს ტიტული მოიპოვა.

თორნიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 22 ნოემბერს ელის, როდესაც შინაურ კედლებში კიდევ ერთ რუსულ კლუბ სანკტ პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები