Thumbnail
  • პრესტიჟულ ტურნირში 4 ქართველი ჩაებმება
  • გრანდ სლემის უმთავრესი ფავორიტი მასპინძელი იაპონიაა

ხვალ, 22 ნოემბერს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტს აიღებს ტრადიციული გრანდ სლემი, რომელიც ყოველთვის პრესტიჟულად ითვლებოდა და მსოფლიო ვარსკვლავების ნაკლებობას არც ამჯერად უჩივის, მონაწილეთა შორის კი, 4 ქართველი ძიუდოისტიც იმყოფება.

დღეს, ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შედგა და ჩვენებურებმა მეტოქეთა ვინობა შეიტყვეს.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას მე-2 წრიდან დაიწყებს, სადაც იაპონელ არატა ტაცუკავასა და მექსიკელი ედუარდო არაუხოს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

თუკი ლაშამ ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, სავარაუდოა, რომ იქ კიდევ ერთი მასპინძელი სოიჩი ჰაშიმოტო დახვდება.

წილისყრის დროს ნაკლებად გაუმართლა ავთანდილ ჭრიკიშვილს (90 კგ.), რომელიც საწყის წრეშივე ძალებს იაპონელ სანშირო მურაოსთან მოსინჯავს და თუ მას აჯობა, ბრაზილიელი რაფაელ მასედო ელის.

ჭრიკიშვილის ბადის მხარეს არიან მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), ამავე ტურნირის ფინალისტი შოიჩირო მუკაი (იაპონია) და 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა).

ამავე წონაში სცდის ძალებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც მე-2 რაუნდში სლოვაკ მიროსლავ ბლაჰუსიაკსა და ჩინელ ჰებილიგე ბუს წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.

მოსალოდნელია, რომ ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში გავა, სადაც დიდი ალბათობით, დაპირისპირება 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულ მაშუ ბეიკერთან (იაპონია) მოუწევს.

ღვინიაშვილის მხარეს არიან კიდევ ერთი იაპონელი, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა (გუნდურში) და ბრინჯაოს (პირადში) მედლების მფლობელი კენტა ნაგასავა და 2018 წლისვე მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა).

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფავორიტთა შორისაა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, მეტოქედ კი, ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში ეყოლება.

წესით, ლიპარტელიანი ნახევარფინალამდე უნდა მივიდეს, სადაც უდიდესი ალბათობით, ერთ-ერთი იაპონელი შეხვდება: წლეულს, ბრაზილიისა და დიუსელდორფების გრანდ სლემების ჩემპიონ კენტარო იიდას ანაც მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროსა (2017) და ბრინჯაოს (2019) მედლების მფლობელ აარონ ვოლფს.

ის, რომ ოსაკას ტურნირზე იაპონელი ძიუდოისტების სიმრავლეა, გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ. მასპინძლები მათთვის გამოყოფილ კვოტას მაქსიმალურად იყენებენ და როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 28-28 ძიუდოისტი ეყოლებათ.

გრანდ სლემზე 5 კონტინენტის 87 ქვეყნის 486 ძიუდოისტს ვიხილავთ, რაოდენობის მხრივ კი, იაპონელებს კვალში სამხრეთ კორეა (26), რუსეთი (23), გერმანია (17), ბრაზილია (16), მონღოლეთი (14), ჩინეთი (14), უკრაინა (13), ჰოლანდია (13), აზერბაიჯანი, კანადა (12), ყაზახეთი (10), საფრანგეთი (10), კუბა (10) და ტაივანი (10) უდგანან.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ირანელი საეიდ მოლაეის (18 კგ.) შესახებაც, რომელიც სკანდალური მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალოსანი ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მუდმივ ზეწოლას განიცდიდა (საეიდს ისრაელის წარმომადგენლებთან ჭიდაობა აკრძალული ჰქონდა), რამაც მოლაეი ირანიდან გაქცევა აიძულა.

საბოლოოდ, მან თავი გერმანიას შეაფარა, იქ დროებით ცხოვრების უფლება მიიღო და ახლა, ტატამზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ შექმნილი ლტოლვილთა გუნდის სახელით გავა.

22 ნოემბერს, ოსაკაში, ვაჟთა შორის პირველი მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 23-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 24-ში – 90-ში, 100-სა და მძიმე წონაში (+100 კგ.). სამივე დღეს, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები