Thumbnail

დაუჯერებელი პიტ-სტოპი ნულოვან გრავიტაციაში რედ ბულის გუნდისგან

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • რედ ბულის ფორმულა 1-ის გუნდის შთამბეჭდავი ვიდეო
  • 1,82-წამიანი რეკორდის შემდეგ: 20 წამიანი პიტ-სტოპი ხელოვნურ უწონადობაში

რედ ბულის ფორმულა 1-ის გუნდმა პიტ-სტოპის ფენომენი ახალ საფეხურზე აიყვანა!

როგორც იცით, სწორედ რედ ბულის გუნდს ეკუთვნის ბოქსების ახალი რეკორდი - მათ ბრაზილიის გრანპრიზე, მაქს ფერსტაპენისთვის საბურავების შესაცვლელად სულ რაღაც 1,82 წამი დასჭირდათ. ახლა კი, რედ ბულის გუნდმა პიტ-სტოპი ნულოვანი გრავიტაციის პირობებში განახორციელა. 20 წამში!

ხელოვნურ უწონადობაში ეს გრანდიოზული შედეგია!

რედ ბულის გუნდმა ექსპერიმენტი რუსეთში, კოსმონავტების სავარჯიშო თვითმფრინავში (Ilyushin Il-76 MDK) განახორციელა. ბოქსების 16 თანამშრომელი თვითმფრინავში ფორმულა 1-ის ბოლიდთან (RB1 2005) და 10-კაციან გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ყველა ობიექტი წონას კარგავს. ხელოვნური უწონადობის დროს თვითმფრინავი თავისუფალ ვარდნას აკეთებს და ეს რამდენიმეწამიანი ფანჯარაა.

“პირველი გაფრენისას არ ვიცოდით, უნდა გვეტირა, თუ გვეცინა, - განაცხადა გუნდის კოორდინატორმა მარკ უილისმა, - დაუჯერებელი იყო, ვერაფერს ვაკონტროლებდით და ვერაფერს ვაკეთებდით. მერე ბიჭები შეეგუენ ამ მდგომარეობას და სწრაფად მიხვდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ. შესაბამისად, საქმეც გაადვილდა და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღეთ.”

📺 ვიდეო: რედ ბულის გუნდის 20-წამიანი პიტ-სტოპი ნულოვან გრავიტაციაში

კომენტარები

ბოლო ამბები