Thumbnail
  • პიონჩანში ყველაზე სენსაციური გამარჯვება ქალთა სუპერგიგანტში დაფიქსირდა.
  • ანა ფაიტს, ლინდსი ვონსა და სხვა სუპერვარკლავებს უცნობმა ჩეხმა გოგომ აჯობა სპორტის სხვა სახეობიდან. 

22 წლის ესტერ ლედეცკა ბავშვობიდან არის შეყვარებული ჰოკეიზე. 4 წლის ასაკში მან თხილამურები სნოუბორდზე გაცვალა. მისი ჰობი სიმღერა და პლაჟის ფრენბურთია. ცნობილი ბაბუისა და არანაკლებ ცნობილი დედ-მამის შვილი ვინდსერფინგითაც ერთობა... ის ზამთრის ოლიმპიადის ჯერჯერობით უდიდესი სენსაციის ავტორია.

► სუპერსენსაცია - ლინდსი ვონსა და ანა ფაიტს სნოუბორდისტმა მოუგო | პიონჩანი 2018, VIII დღე

► კიმ ჩენ ინის გოგონების მძიმე ცხოვრება - როგორ გადამალეს ჩრდილოკორეელი ფანები

ეს ამბავი შაბათს, პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს მოხდა - ქალთა სუპერგიგანტში უპირველესი ფავორიტები ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლინდსი ვონი და სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებული ანა ფაიტი იყვნენ. შეჯიბრება კი მოიგო ჩეხმა ესტერ ლედეცკამ. 22 წლის... სნოუბორდისტმა. დიახ, ლედეცკა პროფესიონალი სნოუბორდისტია და პიონჩანში ძირითადად სპორტის ამ სახეობაში საასპარეზოდ ჩავიდა, სამთო თხილამურებში მან უბრალოდ ბედი სცადა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

აქამდე ესტერ ლედეცკა არასოდეს ასულა სამთო სათხილამურო სპორტში კვარცხლბეკზე.

ტელეკომპანია NBC-მ უკვე გამოაცხადა, რომ სუპერგიგანტი ავსტრიელმა ფაიტმა მოიგო. ისინი არ დაელოდნენ 26-ე ნომრით სტარტზე დამდგარ ლედეცკას. NBC-ის ბოლოს მობოდიშება მოუხდა ჩეხი გამარჯვებულისთვის.

რა თქმა უნდა, ლედეცკა არ არის გამოუცდელი სპორტსმენი - ის მსოფლიოს ჩემპიონია სნოუბორდში. ის პირველი ათლეტია, რომელიც ოლიმპიადაზე ერთდროულად ორ სპორტის სახეობაში მონაწილეობს - სამთო თხილამურებში და სნოუბორდში. მან საბოლოოდ ანა ფაიტს 1 მეასედი წამით აჯობა. 

"დღემდე მეგონა, რომ სნოუბორდი უკეთ გამომდიოდა", - იხუმრა ჩამოშვების შემდეგ თავადაც შოკირებულმა გამარჯვებულმა. 

სხვათა შორის, პიონჩანში ლედეცკას საკუთარი თხილამურები არც ჰქონია, სტარტზე ის ამერიკელი ვარსკვლავის, მიკაელა შიფრინის ნათხოვარი თხილამურებით დადგა. 

"ნამდვილად არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვუყურებდი შედეგს და თვალებს არ ვუჯერებდი, ყოველ წამს ველოდი, რომ მას შეასწორებდნენ. გავცქროდი დედას, რომელიც ასევე შოკირებული იყო და ორივე ხმას ვერ ვიღებდით", იხსენებს ოლიმპიური ჩემპიონი.

"ჩემი პირველი რეაქცია იყო, ნუთუ ეს შესაძლებელია. ესტეტი სნოუბორდისტია და ჩვენ არ ვიცოდით, თუ რამდენად ძლიერია ის. მან დამსახურებულად მოიგო და ვულოცავ", - განაცხადა არანაკლებ შოკირებულმა ანა ფაიტმა. 

ლედეცკა ამჟამად მსოფლიოს თასის ჩათვლაში 43-ე პოზიციაზეა. მას არასოდეს დაუკავებია მსოფლიოს თასის ეტაპებზე მე-19 ადგილზე უკეთესი პოზიცია. 2016 წლამდე კი არასოდეს მიუღია მონაწილეობა სამთო თხილამურებში. 

ლედეცკა ვერ იჯერებდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ესტერი პრესკონფერენციაზე სათხილამურო სათვალეებით გამოცხადდა, როცა ჟურნალისტმა იკითხა, თუ რატომ არ იხსნიდა სათვალეს, გამარჯვებულმა უპასუხა, რომ ის სხვა გოგონებისგან განსვავებით, არ იყო მომზადებული პრესკონფერენციისთვის, თვალები არ ჰქონდა ჩახატული!

აი, ასეთია ისტორია პრაღელი გოგონასი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი მომღერლის იანეკ ლედეცკას შვილია. ხოლო მისი დედა ასევე ცნობილი ჩეხი მოციგურავეა. 

ოლიმპიური მედალი მის ოჯახში სულაც არ არის პირველი - ესტერის ბაბუა იან კლაპაჩი ძალზე ცნობილი ჰოკეისტი იყო, 1968 წლის გრენობლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ოთხი წლით ადრე მან ბრინჯაო მოიპოვა ინსბრუკის ოლიმპიადაზე, ხოლო 1972 წელს პრაღაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 

სხვათა შორის, ლედეცკა ვინდსერფინგითაც ერთობა. 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე ამ დისციპლინაში ასპარეზობას აპირებს. რატომაც არა!

კომენტარები

ბოლო ამბები